გრამატიკა

IDevice Icon

 

 

სახელობითი ბრუნვის ფუნქციები

ბრუნვა სახელის მორფოლოგიური კატეგორიაა. სახელები ორ ჯგუფად იყოფა: ხმოვანფუძიანებად და თანხმოვანფუძიანებად. თანხმოვანფუძიანებს (კაც-ი, ქალ-ი, ბავშვ-ი, კარ-ი, ლომ-ი...) აქვთ სახელობითი ბრუნვის ნიშანი: ეს არის -ი დაბოლოება; ხმოვანფუძიანებს (დედა, მამა, მზე, მოსწავლე, ძუძუ, კუ, ოქრო, ორმო...) ბრუნვის ნიშანი არა აქვთ.

სახელობითი არის სუბიექტური პირის ბრუნვა:

ა) გარდაუვალ ზმნათა ყველა სერიაში:

იყიდება ის (გაიყიდა ის, გაყიდულა ის), იხატება ის (დაიხატა ის, დახატულა ის), კეთდება ის (გაკეთდა ის, გაკეთებულა ის)...

ბ) ე. წ. მედიოპასიურ ზმნათა ყველა სერიაში:

დგას ის (იდგა ის, მდგარა ის...), წევს ის (იწვა ის, წოლილა ის), ზის ის (იჯდა ის, მჯდარა ის)...

გ) გარდამავალ ზმნათა პირველ სერიაში:

აკეთებს ის მას, ხატავს ის მას, წერს ის მას...

ე. წ. მედიოაქტივთა პირველი სერიაში:

ცხოვრობს ის, სწავლობს ის, შრომობს ის...

სახელობითი არის ასევე პირდაპირი ობიექტის ბრუნვა მხოლოდ მეორე სერიის მწკრივებში: დაწერა მან ის, გააკეთა მან ის, დახატა მან ის...

სახელობითი ბრუნვა გამოიყენება შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად: მე ექიმ-ი ვარ, ის დირექტორ-ი-ა...

სახელობითი ბრუნვის ფორმა გამოიყენება ასევე დროის გამოსახატავად:

დათო ხუთი წელი სწავლობდა უნივერსიტეტში.

სამი დღე ველოდებოდი პასუხს...

თანდებულიანი სახელობითი. სახელობით ბრუნვას დაერთვის -ვით თანდებული, ისიც მხოლოდ თანხმოვანფუძიან სახელებთან.

-ვით თანდებული მიუთითებს მსგავსებაზე, აღნიშნავს იმას, რასაც სიტყვა `როგორც~, „-ნაირი“; მაგ.: კაცივით, დათვივით, გველივით...

 

  • ტექსტებიდან ამოწერეთ სახელობითი ბრუნვის ფორმები ორ რიგად: ერთ რიგში ხმოვანფუძიანები წარმოადგინეთ, მეორეში - თანხმოვანფუძიანები.

 

  • ამოწერეთ სიტყვები, სადაც სახელობითი ბრუნვა გამოყენებულია შედგენილი შემსასმენლის სახელად ნაწილად.