კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

ამაზონი – მდინარე სამხრეთ ამერიკაში – უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან – 7025 კმ. აუზის ფართობი – 7180 ათასი კვადრატული კილომეტრი. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი – ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. ინდიელები ამაზონს უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) და პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).

მდინარე სათავეს პერუს მაღალმთიან რეგიონში იღებს და ბრაზილიის გავლით მაკაპის სანაპირომდე მიედინება. მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს.

მსოფლიოს უგრძესი მდინარე ნილოსი აფრიკაში მდებარეობს. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერის სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი – 2870 ათასი კვადრატული კილომეტრი. ნილოსი ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში, რომლის შესართავთანაც წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.

ნილოსი მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს.

მისისიპი მდინარეა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა მსოფლიოში (სიგრძე 3,734 კმ. აუზის ფართობი კი 2,981,076 კმ²).

მისისიპი სათავეს იღებს მინესოტის შტატში (ქ. მინეაპოლისი, ქ. სენტ პოლი), კანადის საზღვართან ახლოს და მიედინება აშშ-ის შუაგულში. გაივლის უისკონსონის, აივოვის (ქ. დანევპორტი), ილინოისის, მისურის (ქ. სენტ ლუისი), კენტუკის, ტენესის (ქ. მემფისი), არკანზასის და მისისიპის შტატებს. მდინარის ბოლო მდებარეობს ლუიზიანის (ქ. ბატონ-რუჟი) შტატში, ნიუ-ორლეანის სამხრეთით და ჩაედინება მექსიკის ყურეში, სადაც ქმნის დიდ და ფართო დელტას.

მისისიპის ბევრი შენაკადი აქვს. მისისიპის უდიდესი სატრანსპორტო პოტენციალი აქვს. აქ უამრავი გემი დაცურავს, რომელსაც გადააქვს დიდი რაოდენობით ტვირთი და ამერიკის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის გამოაცხადების შემდეგ მდინარე მისისიპიზე აშშ-ის დასავლეთის საზღვარი გადიოდა.

ობი – მდინარე რუსეთში, დასავლეთ ციმბირში. მისი სიგრძეა 2,962 კმ. ობს მსოფლიოში უგრძესი შესართავი აქვს. აუზის ფართობი შეადგენს 2,972,497კმ²-ს.
მდინარე წარმოიქმნება ალტაის მხარეში, ქალაქ ბისკიდან 26 კმ-ის მოშორებით, მდინარეების – ბიასა და კატუნის შეერთების შედეგად. თავის მხრივ, ორივე ეს მდინარე ალტაის მთებში იღებს სათავეს, ბია გამოედინება ტელეცკოეს ტბიდან, ხოლო კატუნი ბელუხის მთიდან. მდინარე წარმოქმნის 970 კმ-ის ობის ყურეს, კარის ზღვის ნაწილს.

ობს მრავალი შენაკადი აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ირტიში, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ ირტიში, მისი სათავიდან ობთან შერწყმამდე, ამ უკანასკნელზე გრძელია.