გრამატიკა

IDevice Icon
ზმნა: პირთა რაოდენობა და რიცხვი

 

ზმნის პირი გვიჩვენებს: მოუბარს; ვისაც მოუბარი მიმართავს საუბრის დროს; ვინც ან რაც არც მოუბარია და არც მისი მიმართვის საგანი, არამედ სხვა.

პირველი პირისაა ფორმა, რომელშიც იგულისხმება მე ან ჩვენ: ვხატავ (მე), ვწერ (მე)... ვხატავთ (ჩვენ), ვწერთ (ჩვენ)...

მეორე პირისაა ფორმა, რომელშიც იგულისხმება შენ ან თქვენ: ხატავ (შენ), წერ (შენ)... ხატავთ (თქვენ), წერთ (თქვენ)...

მესამე პირისაა ფორმა, რომელშიც იგულისხმება ის (იგი, მან, მას) ან ისინი (მათ): ხატავს (ის), წერს (ის) დახატა (მან)... დაუხატავს (მას)... დაუწერია (მას)... ხატავენ (ისინი), წერენ (ისინი)... დახატეს (მათ), დაწერეს (მათ)...

ზმნის პირიან ფორმებს ორი რიცხვი აქვს: მხოლობითი და მრავლობითი.

მხოლობითია ფორმა, რომელიც გულისხმობს ერთი საგნის მოქმედებას: დადის, მუშაობს, აკეთებს...

მრავლობითია ფორმა, რომელიც გულისხმობს მრავალი საგნის მოქმედებას: დადიან, მუშაობენ, აკეთებენ...

პირველი პირის ფორმას ეწყობა მე (მხ. რ.) და ჩვენ (მრ. რ.);

მეორე პირის ფორმას ეწყობა შენ (მხ. რ.) და თქვენ (მრ. რ.);

მესამე პირის ფორმას ეწყობა ის/იგი, მან, მას (მხ. რ.) და ისინი (მრ. რ.).

ზმნა არის იმდენპირიანი, რამდენი პირიც შეეწყობა მას.

ერთპირიანია: ცხოვრობს, დგას, მიდის, იყიდება, იზრდება...

ორპირიანია: ხატავს (ის მას), წერს (ის მას), ზრდის (ის მას), ყიდის (ის მას)...

სამპირიანია: უხატავს (ის მას მას), სწერს (ის მას მას), უყიდის (ის მას მას), უზრდის (ის მას მას)...

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P110/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P110/2

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P110/3