კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

ამბობენ, რომ გართობა შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ სახელს დავარქმევთ, ანუ რაც, ყოველდღიური მოვალეობებისაგან განსხვავებით, სიამოვნებას გვანიჭებს. ტერმინიგართობაუკვე არისტოტელესთან გვხვდება. არისტოტელე მას ბედნიერების ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევს.

თანამედროვე გართობის საშუალებებს -კონცერტებსა თუ სპექტაკლებზე სიარულს, კლუბში ცეკვას... მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ გართობის ინდუსტრია ძველ რომში გაჩნდა. რომის იმპერიაში სხვადასხვა ხალხები ცხოვრობდნენ. თითოეულს თავისი რელიგია და წარმოდგენები ჰქონდა სამყაროს შესახებ. რომში მრავალი სხვადასხვაგვარი რელიგიური პროცესია ტარდებოდა. ერთი რელიგიის წარმომადგენლისთვის ეს სერიოზული ღონისძიება იყო. ვინც ამ რელიგიას არ ეკუთვნოდა, პროცესიას, როგორც გასართობ სანახაობას, ისე უყურებდა. ცნობილია, რომ რომის დაცემის შემდეგ, როცა მაცხოვრებლებმა ქალაქი დატოვეს, რომში მეომრებთან ერთად პროფესიონალი „გამრთობები“ დარჩნენ. რომის დაცემის შემდეგ, უამრავი უმუშევრად დარჩენილი რომაელი არტისტი ევროპაში დაიფანტა და იქ გააგრძელა თავისი საქმიანობა.

თანამედროვე ცივილიზაცია სულ უფრო მეტ დროს უთმობს გართობის ინდუსტრიას, როგორც კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს.

გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დისკოთეკა ან კლუბი. დისკოთეკაზე უკრავენ მუსიკალურ ჩანაწერებს. სასცენო ბენდების (მუსიკალური გუნდების) გამოსვლა იშვიათია. სიტყვა „დისკოთეკა“ 1941 წელს შეიქმნა. მიღებულია ორი სიტყვის, დისკისა და თეკის, შეერთებით. მანამდე ბარები და ღამის კლუბები გართობის მიზნით მუსიკალურ ბენდებს, ცოცხალ მუსიკას იყენებდნენ.

მიიჩნევენ, რომ დისკოთეკა ღამის კლუბში ღია საცეკვაო მოედნების შთამომავალია, თუმცა მისგან უკვე რადიკალურად განსხვავდება. მაყურებლით გარშემორტყმული, განათებული მოედნის და მოცეკვავე წყვილებისგან განსხვავებით, დღევანდელ დისკოთეკაზე თითქმის სრული სიბნელეა, რომელსაც პერიოდულად ანათებს შუქი. ძალიან ხმამაღალი მუსიკა ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტს თითქმის შეუძლებელს ხდის. აქ წყვილებში თითქმის არავინ ცეკვავს, ცეკვავენ მარტო, ყოველგვარი წესების გარეშე, როგორც ადამიანს უნდა. ამ სივრცეში ადამიანს საშუალება ეძლევა, იყოს ნამდვილი „მე“, ანუ „იცხოვროს“ შეზღუდვებისა და წესების გარეშე.

გართობის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, იაფი და გავრცელებული საშუალებაა კარაოკე. „კარაოკე“ მომდინარეობს იაპონური სიტყვებიდან „კარა“ (ცარიელი) და „ოკესუტორა“ (ორკესტრი). გართობის ფორმაა, რომლის დროსაც მოყვარული მომღერლები მღერიან მუსიკალური ჩანაწერის (ფონოგრამის) თანხლებითა და მიკროფონის გამოყენებით. მუსიკა ხშირად პოპულარული პოპსიმღერაა, ნამდვილი მომღერლის ხმა ამოღებულია ან ჩაწეულია. სიმღერის ტექსტი ჩვეულებრივ ვიდეოეკრანზე ჩნდება სიმღერის გასაადვილებლად. ვინაიდან მზა პროდუქტის მოხმარება ადვილია, ადამიანების დიდი ნაწილი ამ ვარიანტს ირჩევს მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

თანამედროვე გასართობ საშუალებებს შორის კომპიუტერული თამაშები პირველობას არაფერს და არავის უთმობს. მათი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება. კარგა ხანია, იგი გლობალური გასართობი ბიზნესის შემადგენელი ნაწილი გახდა.