გრამატიკა

IDevice Icon
ზმნის პირთა როგორობა

 

ერთპირიან ზმნაში მოქმედი პირია პირველი, მეორე ან მესამე. მაგ., ვდგები (მე) - მოქმედია პირველი პირი; დგები (შენ) - მოქმედია მეორე პირი; დგება (ის) - მოქმედია მესამე პირი.

ორპირიან ზმნაში ერთი პირი მოქმედია, მეორე უმოქმედო. მაგ., ორპირიანია ვხატავ (მე მას). აქ მოქმედებს პირველი პირი, მესამე პირი კი უმოქმედოა, ის პირველი პირის მოქმედების საგანია.

მხატავ (შენ მე) - ამ ფორმაში მოქმედია მეორე პირი, პირველი კი მოქმედების საგანია.

სამპირიან ზმნაში ერთი პირი მოქმედია, ორი კი უმოქმედო. სამპირიანია: მივწერე (მე მას ის) - აქ მოქმედია პირველი პირი, მეორე და მესამე კი უმოქმედოა.

მოქმედ პირს სუბიექტური პირი ჰქვია, უმოქმედოს კი - ობიექტური.

ერთპირიან ზმნაში, ჩვეულებრივ, სუბიექტური პირია, ორპირიანში ერთი პირი სუბიექტურია და მეორე ობიექტური; სამპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, ორი კი ობიექტური.

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ობიექტური პირები?

ობიექტურ პირს, რომელიც უშუალო მოქმედების საგანია პირდაპირი ობიექტი ჰქვია;

ობიექტურ პირს, რომელიც უშუალო მოქმედების საგანი არ არის, ირიბი ობიექტი ჰქვია.

მაგ., „დაგიწერე“ ზმნაში პირველი პირი სუბიექტურია (დაგიწერე მე), მესამე - პირდაპირი ობიექტია (დაგიწერე ის), ხოლო მეორე ირიბია (დაგიწერე შენ).

პირდაპირია ობიექტი, თუ მისი ფარდი სახელი ზმნას „რა ქნა?“ კითხვაზე სახელობითის ფორმით ეწყობა: „დავწერე“ ზმნაში პირველი პირი სუბიექტია, მესამე კი პირდაპირი ობიექტი - იმიტომ რომ გვაქვს: დავწერე მე ის (ის სახელობით ბრუნვაშია);

ირიბია ობიექტი, თუ მისი ფარდი სახელი ზმნას „რა ქნა?“ კითხვაზე მიცემითის ფორმით ეწყობა; „ვემალები“ ზმნაში პირველი პირი ისევ სუბიექტია, მესამე კი ირიბი ობიექტი - იმიტომ რომ გვაქვს: დავემალე მე მას (მას მიცემით ბრუნვაშია).

 

 

  • ჩამოწერეთ 10 სამპირიანი ზმნა.
  • ჩამოწერეთ 10 ორპირიანი ზმნა, რომელსაც შეეწყობა მოქმედი პირი (სუბიექტი) და უმოქმედო პირი - პირდაპირი ობიექტი.
  • ჩამოწერეთ 10 ორპირიანი ზმნა, რომელსაც შეეწყობა მოქმედი პირი (სუბიექტი) და უმოქმედო პირი - ირიბი ობიექტი.