კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

მუსიკა არის ხელოვნების დარგი, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის სიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და ემოციებს.

მუსიკალური ბგერების წერილობით დასაფიქსირებლად მუსიკალურ ნოტებს იყენებენ. ნოტები იგივეა მუსიკისათვის, რაც ასოები - ენისათვის. სულ შვიდი მუსიკალური ნოტი გვაქვს.

ფიქრობენ, რომ ყველაზე ადრე დასარტყმელი საკრავები ანუ ინსტრუმენტები გაჩნდა. დასარტყმელი ინსტრუმენტებია: დაირა, დოლი, ტამტამი.

მიუხედავად იმისა, რომ კლავიშებიანი ინსტრუმენტების არც თუ ისე ბევრი სახეობა არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს განეკუთვნებიან, ხოლო მათგან გავრცელებული კლავიშებიანი ინსტრუმენტებია ორღანი და ფორტეპიანო (ანუ პიანინო). დიდი ზომის ფორტეპიანოს, რომელსაც ძირითადად საკონცერტოდ იყენებენ, როიალი ეწოდება.

კლავიშებიან ინსტრუმენტებს გავრცელებითა და პოპულარობით ოდნავ თუ ჩამოუვარდებიან გიტარა და ვიოლინო, რომლებიც სიმებიან საკრავებს განეკუთვნებიან. არსებობს ოცამდე ტიპის სიმებიანი ინსტრუმენტი, თუმცა ისინი ნაკლებად პოპულარულია და მათზე დაკვრა, როგორც წესი, მხოლოდ პროფესიონალ მუსიკოსებს შეუძლიათ.

ფლეიტა, საქსოფონი, ვალტორნა, დუდუკი, ზურნა, საყვირი - ჩასაბერი ინსტრუმენტებია. ამ ინსტრუმენტებზე უკრავენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონლი მუსიკოსები.

რა არის მუსიკალური სმენა? ეს არის ადამიანის უნარი, აღიქვას, წარმოიდგინოს და გაიმეოროს მოსმენილი მუსიკალური ბგერა. სმენა შეიძლება იყოს აბსოლუტური და და ეფარდებითი.

კომპოზიტორი ხელოვანი ადამიანია, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებებს (კომპოზიციას) ქმნის.

ვოკალისტი (მომღერალი) — მუსიკოსი, რომელიც ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებს, ანუ სიმღერას. ვოკალისტის შესრულებას შესაძლოა ახლდეს (ან არ ახლდეს) აკომპანიმენტი (მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები). საოპერო მოღერალი საოპერო არიებს ასრულებს, პოპმომღერალი პოპულარული მუსიკის შემსრულებელია. შესაბამისად, ბლუზმენი - ბლუზის შემსრულებელია, როკმენი - როკის შემსრულებელი, ხოლო ჯაზმენი - ჯაზური მუსიკის შემსრულებელი...

სიმღერა ხშირად სრულდება მომღერლების ჯგუფის მიერ, რომელთაც განსხვავებული ხმის დიაპაზონი აქვთ, როგორც ხდება ეს ანსამბლში, ან ინსტრუმენტალისტების ჯგუფთან ერთად - როგორც ეს ხდება როკჯგუფში.

სიმღერა შესაძლოა იყოს არაფორმალური და შესრულდეს საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგალითად, სიმღერა მეგობრების წრეში ან კარაოკე, ან იყოს ძალიან ფორმალური, როგორც ეს ხდება პროფესიონალურ ჩაწერებზე სტუდიაში ან კონცერტებზე.

მუსიკალური ფესტივალი მუსიკის სამყაროში მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა. არსებობს კლასიკური მუსიკის, საოპერო ფესტივალები, როკ და ჯაზ-ფესტივალები და ა. შ. ამ ტიპის შეკრებებზე მუსიკოსები წარმოადგენენ ხოლმე თავიანთ ხელოვნებას, პროფესიონალი მუსიკოსებისაგან დაკომპლექტებული ჟიური კი ირჩევს გამარჯვებულებს. მუსიკალურ ფესტივალებში გამარჯვება მუსიკოსის დიდ აღიარებას ნიშნავს.