გრამატიკა

IDevice Icon

უცხო აფიქსიანი სახელები

ქართულ წარმოქმნილ სახელთა განხილვისას ცალკე უნდა გამოიყოს ის სახელები, რომლებიც სხვა ენიდან ნასესხები აფიქსებით არის ნაწარმოები.

ოთხასზე მეტი სიტყვაა საერთო-სალიტერატურო ქართულში ისეთი, რომელსაც დაბოლოებად -აცია აქვს (ნუმერაცია, პუნქტუაცია, რეგისტრაცია, ფედერაცია...) და არცერთი მათგანი არ არის ქართულად ნაწარმოები, ე. ი. არც ერთი შემთხვევა არა გვაქვს ისეთი, რომ სიტყვა მთლიანად (ამ დაბოლოებიანად) კი არ იყოს ნასესხები, არამედ მხოლოდ ეს -აცია ერთვოდეს ქართულ ფუძეს.

მათგან განსხვავებით გვაქვს უცხო წარმოშობის აფიქსები, რომლებიც ქართულ ფუძეებთანაც გამოიყენება ანუ ხდება აფიქსის სესხება.

განსაკუთრებით პროდუქტიულია: -იზმ, -ისტ, პრა-/პრე-, პრო-...

-იზმ ძველი ბერძნული სუფიქსია, აღნიშნავს: ა) მოძღვრებას, მიმდინარეობას რომელიმე პიროვნების სახელის, რაიმე დებულების, პრინციპის მიხედვით: ბუდ-იზმ-ი, დარვინ-იზმ-ი, მონარქ-იზმ-ი, ტერორიზმ-ი, ბიჰევიორ-იზმ-ი... ბ) რაიმე განმსაზღვრელი, დამახასიათებელი ნიშნის მქონებლობას: ლიბერალ-იზმ-ი, ფორმალ-იზმ-ი, პატრიოტ-იზმ-ი, ცინ-იზმ-ი, კომ-იზმ-ი... იმერიზმი...

-ისტ წარმოშობით ძველი ბერძნული სუფიქსია, გამოხატავს რომელიმე მოძღვრების, მიმდინარეობის მიმდევარს: ბუდ-ისტ-ი, დარვინ-ისტ-ი, მონარქ-ისტ-ი, ტერორ-ისტ-ი..., გამოიყენება აგრეთვე პროფესიის, ხელობის აღმნიშვნელ სახელებში: სპეციალ-ისტ-ი, ტრაქტორისტ-ი, ტანკ-ისტ-ი, ფელეტონ-ისტ-ი...

პრა-/ პრე- პრეფიქსი ლათინურია და რაიმეს უწინარესობას, წინამორბედობას აღნიშნავს: პრეფიქსი, პრეამბულა... ამ მაწარმოებლით დამოუკიდებლად არის ნაწარმოები: პრა-გერმანული... ამავე ფუნქციით გვხვდება მეორე ლათინური პრეფიქსი პრო-, რომელიც ასევე აღნიშნავს რაიმე მოძღვრების მიმდევარს, მომხრეს, ვისიმე მაგიერს... იგი აწარმოებს სახელებს: პრო-აფხაზური, პრო-ქართული...

 

  • დაწერეთ შვიდი წინადადება -ისტ აფიქსიანი ფორმების გამოყენებით.
  • დაწერეთ შვიდი წინადადება -იზმ აფიქსიანი ფორმების გამოყენებით.
  • დაწერეთ შვიდი წინადადება, სადაც გამოყენებული იქნება -აცია დაბოლოებიანი ფორმები.