კითხვა / წერა

IDevice Icon
 
 
წაიკითხეთ ტექსტი

 

ისეთი მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა გაერო, იუნესკო და სხვები, მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, საზოგადოებრივი, ისტორიული მოვლენის აღსანიშნად აწესებენ დღესასწაულებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

როგორც წესი, საერთაშორისო დღესასწაულებს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ, მაგრამ ისინი უქმე დღეებად არ არის გამოცხადებული. ამ დღეების აღსანიშნავად იმართება საზეიმო მიღებები, კონფერენციები, დისკუსიები, რომლებშიც ხშირად მონაწილეობენ მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურები, ამა თუ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები, ექსპერტები, ჟურნალისტები, მეცნიერები, რომლებიც ხვდებიან საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი დღესასწაულის მნიშვნელობას და როლს საზოგადოების ცხოვრებაში. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, დამკვიდრებულია ამ დღესასწაულების კონცერტებით აღნიშვნა. ტელევიზია და ბეჭდური მედია ფართოდ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს.

ევროპის ქვეყნები საზეიმოდ აღნიშნავენ ევროპის დღეს, აფრიკის კონტინენტზე კი აფრიკის დღეს ზეიმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დღესასწაულებს მსოფლიოს ქვეყნების ცალკეული ჯგუფები აღნიშნავენ, ისინი საერთაშორისო დღეებადაა მიჩნეული.

1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა. 1950 წლიდან ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათს ჯანმრთელობასა და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებაზე.

მნიშვნელოვანი სამოქალაქო დღესასწაულია გამარჯვების დღე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებსა და პოსტოციალისტური სივრცის ქვეყნებში, 9 მაისს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება. რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ისინი 8 მაისს ზეიმობენ კარლჰორსტში გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოაცხადებას.

გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად და მისი პოპულარიზაციისათვის ყოველწლიურად, 5 ივნისს, აღინიშნება გარემოს საერთაშორისო დღე. ღონისძიების ინიციატორი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამაა. ამ პროგრამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მისი ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში.

უდავოა, რომ დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოება და თავისუფალი პრესა განუყოფელი ცნებებია. თავისუფალი პრესის მსოფლიო დღის დაარსება შემდეგ ისტორიას უკავშირდება: 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს . . "ვინდჰუკის დეკლარაცია", რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველეყოთ პრესის თავისუფლება. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, 3 მაისი გამოეცხადებინა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღედ.

მამაკაცთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ნოემბრის პირველ შაბათს. დღესასწაულის შემოღების ინიციატორი გახლდათ საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი. მის წინადადებას მხარი დაუჭირეს ვენის მაგისტრატმა, ვენაში გაეროს წამომადგენლობამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღესასწაულმა განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა.

მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი კერაა. მუზეუმები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოების ღირებულებებისა და ესთეტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში. 1977 წელს მოსკოვში მუზეუმების საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება მუზეუმების საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ. 1978 წლიდან ეს დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს 150 ქვეყანაში. ამ დღეს მუზეუმებში ეწყობა ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები.

ამას გარდა, არსებობს უფრო ცნობილი საერთაშორისო დღესასწაულები: 1 იანვარი, როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს ზეიმობს, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ხოლო 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე.