გრამატიკა

IDevice Icon
ახლანდელი დროის გამოხატვა ზმნაში

 

დროის და კილოს მიხედვით ზმნას აქვს 11 სხვადასხვა ფორმა. ამ ფორმებს მწკრივებს უწოდებენ.

ახლანდელი დროის გამომხატველ ფორმას აწმყოს ფორმა ჰქვია (აწმყო ახლანდელს ნიშნავს).

ამ მწკრივს განსაკუთრებული ფორმა, განსაკუთრებული ნიშნები არა აქვს. მაგრამ თუ მაინც შეიძლება მის სპეციფიკაზე მსჯელობა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზმნის დაბოლოებას. აწმყოს ფორმებს ხშირ შემთხვევაში ბოლოში აქვს ელემენტები, რომლებსაც თემის ნიშნებს ან აწმყოს ფუძის მაწარმოებელ ნიშნებს უწოდებენ. ძირითადად (ხშირად) ეს ნიშნები გვხვდება:

-ი: ყიდ-ი-ს, ჭრ-ი-ს, ზრდ-ი-ს...

-ავ: ხატ-ავ-ს, მალ-ავ-ს, კეტ-ავ-ს...

-ებ: აკეთ-ებ-ს, აღ-ებ-ს, აშენ-ებ-ს...

-ობ: მუშა-ობ-ს, სწავლ-ობ-ს, სადილ-ობ-ს...

ჩამოთვლილ ნიმუშებში წარმოდგენილ ნიშნებს მესამე პირში მოსდევს პირის ნიშანი -ს.

სხვა ტიპის ზმნებში პირის ნიშნად -ა გვექნება: იზრდებ-ა, შენდებ-ა, დგება...

ჩვეულებრივ, ახლანდელი დროის ფორმებს ზმნისწინი არა აქვს; თუ ასეთ ფორმებში ზმნისწინი დასტურდება, ხშირად მას აქვს მიმართულების ჩვენების ფუნქცია: მიდის, მიფრინავს, მოცურავს...

ერთი სიტყვით, ახლანდელი დროის ფორმებზე შეიძლება ერთგვარად მიანიშნებდეს შემდეგი დაბოლოებები: -ი-ს, -ავ-ს, -ებ-ს, -ობ-ს, -ებ-ა.

ცალკე ჯგუფს ე. წ. გრძნობა-აღქმის შინაარსის მქონე ზმნები, რომელთაც თემის ნიშნები არა აქვს, მაგრამ მესამე სუბიექტური პირის ნიშნად მათაც -ს ან -ა აქვთ: უყვარ-ს, სძულ-ს, სწყინ-ს... უნდ-ა, ში-ა, სწყური-ა...

როცა მუდმივ მოვლენებზეა საუბარი, აწმყოს მწკრივი საერთოდ კარგავს დროის გაგებას: დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს, მზე დილით ამოდის...

 

  • ახლანდელი დროის ზმნების გამოყენებით დაწერეთ ხუთი წინადადება.

 

  • დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც არ იქნება ახლანდელი დროის ზმნა.

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P117/1