წაიკითხეთ ტექსტი - 1

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ადამიანების უმრავლესობას მათემატიკა ყველაზე რთულ, მოსაწყენ და უინტერესო მეცნიერებად მიაჩნია, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთი მეცნიერება (ან თითქმის არც ერთი) არ გვჭირდება ცხოვრებაში ისე, როგორც მათემატიკა. მათემატიკის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია, ადამიანმა თავი გაართვას ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა, ამ მეცნიერების მნიშვნელობა და როლი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო დიდია და ის ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს ეხება. მათემატიკური ცოდნისა და კანონზომიერებების გათვალისწინების გარეშე ვერ განვითარდებოდა ტექნოლოგიები, მედიცინა, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, არქიტექტურა და სხვა არაერთი დარგი, რომელთა გარეშეც კაცობრიობა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც დღეს არის.

თვლა, რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი მათემატიკური ოპერაციაა, რომელსაც ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში სწავლობს, თუმცა ის ყველა დანარჩენი ძირითადი მათემატიკური მოქმედების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ.

მართალია, უშუალოდ მათემატიკურ ოპერაციად არ მიიჩნევა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ისეთი ცნებები, როგორებიცაა თანაბარი, მეტი და ნაკლები.

მაგალითად, ორი ტოლია ორის, ანუ ორი უდრის ორს (2=2), ანუ, ისინი თანაბარი რიცხვებია, არც ერთი მათგანი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები. მისი მათემატიკური სიმბოლოა = (ტოლია, ანუ უდრის).

ხუთი სამზე მეტია (5>3). ეს ნიშნავს, რომ ხუთი უფრო დიდი რაოდენობაა, ვიდრე სამი, ან კიდევ, ხუთი ვაშლი უფრო ბევრია, ვიდრე სამი.

რვა თერთმეტზე ნაკლებია (8<11). ამ შემთხვევაში თერთმეტი უფრო დიდი რაოდენობაა, ვიდრე რვა, ანუ რვა უფრო ნაკლები რაოდენობაა, ვიდრე თერთმეტი.

არსებობს რიცხვებზე მოქმედების ოთხი ძირითადი ხერხი: შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. ამ მოქმედებების გამაერთიანებელი საერთო სახელია ანგარიში.

შეკრების სინონიმია მიმატება. მიმატების შედეგად ვიღებთ რიცხვების (საგნების) ჯამს. ამ ოპერაციის მათემატიკური სიმბოლოა + (პლუსი). შეკრება ანუ მიმატება ერთ-ერთი ძირითადი მათემატიკური ოპერაციაა, რომლის დროსაც საგნების (რიცხვების) გარკვეულ რაოდენობაზე სხვა საგნების (რიცხვების) დამატებით ვიღებთ ახალ, უფრო დიდ სიდიდეს ანუ რაოდენობას.

მაგალითად, თუ ორს მივუმატებთ ორს, მივიღებთ ოთხს (2+2=4). ერთს მიმატებული სამი ოთხია (1+3=4). რეალურად, მიმატება ანუ პლუსი მათემატიკაში „და“ სიტყვის სინონიმია: რვა და სამი თერთმეტის ტოლია (8+3=11).
ნულის მიმატებით ჯამი არ იცვლება.