კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

ბუნებრივი მოვლენები სამყაროში არსებული ბალანსისა და ეკოლოგიური სისტემის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა, გარდა ნორმალური ბუნებრივი მოვლენებისა, როგორებიცაა წვიმა, ქარი, თოვლი, მზის ამოსვლა და ჩასვლა, ღრუბლიანობა, ნისლი ანუ ბურუსი, ელვა, ჭექა-ქუხილი, არსებობს სტიქიური მოვლენები, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევას, მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებსა და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. მაღალი სიცხე და გვალვა, ქვიშისა და თოვლის ნამქერი, ძლიერი ქარის სახეობები: შტორმი, ტორნადო, გრიგალი, ქარბორბალა, აგრეთვე მეწყერი, მიწისძვრა და სხვა - სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს როგორც ცალკეულ ადამიანებსა და ოჯახებს, ისე მთელ რეგიონებს და, ზოგჯერ, მთელ ქვეყანასაც კი.

წვიმა თხევადი ატმოსფერული ნალექი, რომელიც ღრუბლებიდან მოდის წვეთების სახით. ჰავაის კუნძულებზე მდებარე ვაიალეალეში ყველაზე ხშირად წვიმს. ეს არის დედამიწაზე არსებული ყველაზე ნოტიო ადგილი. ქართულ ენაში წვიმის აღსანიშნავად მრავალი სიტყვა გამოიყენება. მაგალითად, ძლიერი წვიმის სინონიმებია თავსხმა წვიმა ან კოკისპირული წვიმა. სუსტი, სასიამოვნო წვიმა ჟუჟუნა წვიმაა. შხაპუნა ინტენსიური, მაგრამ სასიამოვნო წვიმაა, რომელიც, როგორც წესი, გაზაფხულზე გვხვდება. ქართულში, აგრეთვე, გვხვდება გამოთქმები: წვიმს, წვიმა წამოვიდა ან წვიმა მოდის. ნალექის დასრულების გადმოსაცემად გამოიყენება „წვიმამ გადაიღო“, „წვიმა შეწყდა“ ან გამოიდარა (ეს სიტყვა, ზოგადად, ამინდის გაუმჯობესებას გადმოსცემს). წვიმა კი წვიმის წვეთებისაგან „შედგება“. შვიდფერა რკალს, რომელიც ცაზე ჩნდება ხოლმე წვიმის შემდეგ, ცისარტყელა ჰქვია, ხოლო საკმაოდ იშვიათი ბუნებრივი მოვლენის გადმოსაცემად, როდესაც ერთდროულად წვიმს და მზეც ანათებს, ქართველები ამბობენ, მზე პირს იბანსო.

თოვლი ატმოსფერული ნალექის კიდევ ერთი სახეა, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს. თოვლი მრავალი ფიფქისაგან (ანუ ფანტელისაგან) შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თუ წვიმა, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს მოვიდეს, თოვლი მხოლოდ ცივი სეზონებისათვის, კერძოდ, ზამთრისათვის, არის დამახასიათებელი. თუმცა, დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც მუდმივად თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ქალაქი საპორო, რომელიც იაპონიაში მდებარეობს, მიჩნეულია ყველაზე თოვლიან ქალაქად მსოფლიოში.

„თოვს“, „თოვლი მოდის“, „თოვა შეწყდა ან თოვამ გადაიღო“ თოვლის მოსვლისა და დასრულების პროცესის აღმნიშვნელი გამონათქვამებია.

ქარი არის ჰაერის მოძრაობა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის თითქმის პარალელურად. მიჩნეულია, რომ საშუალო წლიური მაჩენებლის მიხედვით, თანამეგობრობის ყურე ანტარქტიდა ყველაზე ქარიანი ადგილია მთელ დედამიწაზე.

ძლიერ ქარს ქარიშხალი ქვია, ხოლო სუსტი ქარის აღსანიშნავად ქართულში გამოიყენება სიო და ნიავი. ფრაზა „ქარი ამოვარდა“ ქარის დაწყების სინონიმია. ამ ფრაზების ანტონიმია, ანუ ქარის შეწყვეტას გადმოსცემს ფრაზა „ქარი ჩადგა“. კიდევ ერთი ზმნა, რომელსაც ხშირად ხმარობენ ქართან, არის დაუბერა: „ქარმა დაუბერა“. ქართულში ქართან რამდენიმე გამოთქმა და ფრაზაა დაკავშირებული: „თავქარიანი“ არასერიოზულ, დაუფიქრებელ ადამიანს ნიშნავს. „რომელმა ქარმა გადმოგაგდო“ - ეუბნებიან ადამიანს, რომლის მოსვლასაც ან ყოფნასაც იმ მომენტში არ ელიან.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ნისლი ანუ ბურუსი ჰაერში წვრილ-წვრილ წვეთებად დამდგარი ორთქლია, რომელიც თეთრ-მონაცისფროდ ფარავს ყველაფერს და ჰაერს გამჭვირვალეობას უკარგავს. ამ ბუნებრივი მოვლენის გადმოსაცემად იყენებენ ფრაზებს „ნისლი/ბურუსი ჩამოწვა“ ან „ნისლი/ბურუსი გადაიყარა“. გამოთქმა „ბურუსით მოცული“ ქართულში გაურკვეველს, გაუგებარს, ბუნდოვანს აღნიშნავს.

ნიუფაუნდლენდის კუნძული, სადაც ლაბრადორის ცივი დინება ხვდება შედარებით თბილ გოლფსტრიმს, მიჩნეულია ყველაზე ნისლიან ადგილად დედამიწაზე.


ღრუბელ
წყლის შესქელებული ორთქლია, რომელიც ჰაერში გროვდება. მსოფლიოს ყველაზე ღრუბლიანი წერტილი სამხრეთ ინდოეთის ოკეანის სამხრეთით მდებარე მარიონი და პრინც ედვარდის სახელობის კუნძულია. ეს შორეული ტერიტორიები სამხრეთ აფრიკას მიეკუთვნება და საშუალოდ თვეში 28 წვიმიანი დღეა. ღრუბლიანობა კი გაცილებით მაღალია. ხშირად თვის ყველა დღე მოღრუბლულია. აქაურები ღრუბლების გადაყრას არასოდეს ელოდებიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოწმენდილი, ანუ კრიალა ცა არასოდეს უნახავს. მაღალი ღრუბლიანობის გამო აქ ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელიც თავისებურებებით ხასიათდება. განსხვავება ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის მხოლოდ 4 გრადუსია. ზამთრის საშუალო ტემპერატურა + 4 °C (ცელსიუსია), ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურული მაჩვენებელი პლუს 8 გრადუსია.

ქართულ ენაში სიტყვა ღრუბელი გადატანითი მნიშვნელობითაც იხმარება და სევდას, ნაღველს აღნიშნავს. „შავი ღრუბელი“ კი უბედურების მომასწავებელია.