შავი ზღვა

IDevice Icon

შავი ზღვა

შავი ზღვა საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება. იგი მდებარეობს სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის და ევროპასა და აზიას აკავშირებს. შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზშია. იგი ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, ბოსფორის სრუტით -მარმარილოს ზღვას, დარდანელის სრუტით კი მარმარილოს ზღვა უკავშირდება ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს.

ალბათ საინტერესოა, რატომ ჰქვია ამჟამად შავ ზღვას შავი, როცა მასში წყალი ლურჯი ფერისაა? საინტერესოა, რატომ, როდის და როგორ დაერქვა ზღვას ეს სახელი? ამასთან დაკავშირებით, არსებობს რამდენიმე მოსაზრება. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარებია, წყლის ზედაპირი მუქ ფერს იღებს და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. ამიტომაც მას შავ ზღვას უწოდებენ. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც შავი ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „შავი ზღვა“ იმიტომ უწოდეს, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა და მარმარილოს ზღვის ფერთან შედარებით დაერქვა შავი ზღვა. კიდევ ერთი მოსაზრებით, ადრე აზოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე სახლობდნენ ინდური წარმოშობის ტომები მეოტები და სინდები. ეს ტომები შავ ზღვას უწოდებდნენ „თემარუნს“, რაც შავ ზღვას ნიშნავს. სკვითები ამ ზღვას „მუქ ზღვას“ უწოდებდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ძველი სახელებიდან შეიძლება წარმოშობილიყო თანამედროვე სახელიც, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნიდან საყოველთაოდ დამკვიდრდა.

შავი ზღვა სხვა ზღვებისგან მნიშვნელოვნად გამორჩეული ზღვაა. შავი ზღვა გამორჩეულია ჟანგბადის ნაკლებობით წყალში.

შავი ზღვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ზღვის თანაბარი დონე. ზღვის დონე თითქმის არ იცვლება შავ ზღვაში, რადგან ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები, რომელიც შეცვლიდა ზღვის დონეს. არაცვალებადი ზღვის დონიდან გამომდინარე, წყლის ზედაპირი მუდამ მშვიდი და წყნარია.