კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

მთებს ადამიანები ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდათ. ძნელად თუ მოიძებნება პიროვნება, რომელსაც არ ხიბლავს ადგილი, რომელიც თავისი სიმაღლით მნიშვნელოვნად აღემატება მიდამოს; ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქედები, თოვლიანი მწვერვალები, მდინარეების სათავეები, მთის ძირას განლაგებული პატარ-პატარა სოფლები და ერთგვარი იდუმალება, მისტიკა, რაც მთებთანაა დაკავშირებული. ადამიანების განსაკუთრებულ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას მთის ყველაზე მაღალი ნაწილი, მისი ზემოთ აზიდული წვერი, ანუ მთის მწვერვალები იწვევს.

მთის მასივს უკავია მსოფლიო ხმელეთის ზედაპირის ფართის 24%

(ევროპაში 25%, აზიაში 64%, ჩრდილო ამერიკაში 36%, სამხრეთ ამერიკაში 22%, ავსტრალიაში 17%, აფრიკაში 3%). მსოფლიოს მოსახლეობის 10% კი მთებში ცხოვრობს.

მთა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება: როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთის უმაღლეს წერტილსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მწვერვალი ჰქვია. მთის ძირი ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზია, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; რაც შეეხება კალთებს, ეს არის მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით.

რაც შეეხება გორას, ის შედარებით დაბალი, მცირე მოცულობის მთაა. კიდევ უფრო პატარაა გორაკი.

ჰიმალაის მთათა სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა დედამიწაზე, მისი ასაკი 50 მილიონი წელია. სწორედ აქ მდებარეობს დედამიწის ყველაზე მაღალი მთები. ნეპალურში სიტყვა “ჰიმალ” ნიშნავს თოვლით დაფარულ მთას. მთათა სისტემა გადაჭიმულია 6 ქვეყანას შორის: ინდოეთი, ბჰუტანი, ჩინეთი, ავღანეთი, ნეპალი და პაკისტანი.

ეს მთები საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივი ბარიერი იყო სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხთა შორის. ამასთან ერთად, ამ მთებს დიდი გავლენა ჰქონდა სამხრეთ აზიურ ფილოსოფიასა და რწმენაზე, კულტურასა და ყოველდღიური ცხოვრების წესზე. ძალიან ბევრი მწვერვალი მოხსენიებულია როგორც ინდუიზმში, ასევე ბუდიზმში. მათ შესახებ უამრავი ლეგენდა, მითი და ზღაპარი არსებობს.

ევერესტი ანუ ჯომოლუნგმა მსოფლიოს უმაღლესი მთაა. სახელი დაერქვა გეოგრაფ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად, რომელმაც განსაზღვრა მთის ზუსტი სიმაღლე. ჯორჯი სწავლობდა ინდოეთში XIX საუკუნეში. ევერესტის მთა მდებარეობს ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 8,850 მეტრია. ევერესტი საკრალური ოცნებაა ყველა მთამსვლელისათვის. მიუხედავად დიდი ხარჯებისა და საშიშროებისა, ყოველ წელს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა და ცდილობს ევერესტის დაპყრობას. ამ სიმაღლიდან იშლება ულამაზესი ხედი ახლომდებარე სხვა ბუმბერაზ მწვერვალებზე. მწვერვალზე ქრის ძალიან ძლიერი ქარი (200 კმ/სთ), ღამე კი ტემპერატურა -60 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა.

ჩოგორის (K2) სიმაღლე 8611 მეტრია. სხვა უმაღლესი მთებისაგან განსხვავებით, ის ჰიმალაებში არ მდებარეობს. აღმართულია ქაშმირში, ჩინეთის საზღვართან. K2 დაარქვეს, რადგან ყარაყორუმის მასივის 5 მწვერვალიდან სიმაღლეში მეორე იყო. სიკვდილიანობის კოეფიციენტი აქ ძალიან მაღალია და 25%-ს შეადგენს, ანუ ყოველი 4 ადამიანიდან, რომელიც მის დაპყრობას ცდილობს, 1 იღუპება.

უმაღლესი მწვერვალების სამეულს 8586 მეტრი სიმაღლის კაჩენჯანგა ხურავს. მდებარეობს ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. შედგება 5 მწვერვალისაგან. თარგმანში ნიშნავს "დიდი თოვლის 5 საუნჯეს". ნეპალური ლეგენდის მიხედვით, ეს ქალი მთაა, ამიტომ კლავს ყველა ქალს, რომელიც მასზე ასვლას ცდილობს. მიუხედავად ამისა, 1998 წელს ბრიტანელმა ქალბატონმა ჯენეტ ჰარისონმა მოახერხა ამ მითის დამსხვრევა და მწვერვალი დაიპყრო.

ლჰოცზეს სიმაღლე 8516 მეტრია, ის კიდევ ერთი მასივია ჰიმალაებში. ალპინისტთა სიკვდილიანობა აქაც ძალიან მაღალია. სახელი ლჰოცზე ტიბეტურია და ქართულად ითარგმნება, როგორც სამხრეთის მწვერვალი. მთის სამხრეთი ნაწილი ძალიან ციცაბოა, რის გამოც მასზე ასვლას მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან ახერხებენ.

მაღალ მთებს შორის საპატიო მეხუთე ადგილს მაკალუ იკავებს. ის, ასევე, ცნობილია, როგორც “უდიდესი შავი მთა”. სიმაღლით 8,462 მეტრია. მაკალუ ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაპყრობი მთაა მსოფლიოში.

პირველ ათეულში შედიან ჰიმალაის მთათა სისტემის მთები: ჩო იოუ ანუ ფირუზის ქალღმერთი, დჰაულაგირი ანუ თეთრი მთა, მანასლუ ანუ სულების მთა, ნანგა პარბატი ანუ შიშველი მთა, ანაპურნა ანუ მოსავლის მთა.