კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

სპორტი უძველესი დროიდან ადამიანის ფიზიკური განვითარების მნიშვნელოვან საშუალებად ითვლება. სპორტული თამაშებისა და ასპარეზობების ანუ შეჯიბრებების იზანია ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟება, გამარჯვება ან, უბრალოდ, სიამოვნების მიღება. ერთმანეთისაგან განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.

სპორტის სახეობებია:

საწყალოსნო სახეობები: აფროსნობა, ცურვა, წყალში ხტომა, წყალბურთი.

აფროსნობა, ანუ აფრიანი ნავებით შეჯიბრება, სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საწყლოსნო სახეობაა. აფრიანი ნავით (იახტით) მოასპარეზეს აფროსანი ჰქვია. სპორტის ეს სახეობა შეტანილია სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ჩამონათვალში. გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებით პოპულარულია ზღვების ან ოკეანეების სანაპიროებზე მაცხოვრებელთა შორის.

ცურვა ოლიმპიური სპორტის სახეობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტის ის სახეობაა, რომელიც თანაბრად უყვართ კაცებსაც და ქალებსაც და თითქმის თანაბარი სპორტული მიღწევებიც აქვთ. ცურვა სასარგებლოა ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემისათვის. ამაღლებს სხეულის საერთო ტონუსს, ასევე ეხმარება დაძაბულობის მოხსნას. ამბობენ, რომ ადამიანებ, რომლებიც რეგულარულად დადიან ცურვაზე, აქვთ გამართული, ლამაზი ფიგურა, ელასტიკური კანი, პოზიტიური განწყობილება და კარგი ხასიათი. პროფესიონალი მოცურავეები არაჩვეულებრივი ფიზიკური აღნაგობითა და იშვიათი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

ვინც თვალს ადევნებს წყალში ხტომის ტურნირებს, დაგვეთანხმება, რომ ეს სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა. სხვათა შორის, წყალში ხტომას საქართველოში საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს და ჩვენი წყალში მხტომელებიც ხშირად სპორტული ასპარეზობების საპრიზო ადგილების მფლობელები ხდებიან.

ზამთრის სახეობებია: სათხილამურო სპორტი ანუ მოთხილამურეების შეჯიბრი თხილამურებით სრიალში სხვადასხვა დისტანციაზე. ფიგურული სრიალი სპორტის ულამაზესი სახეობაა, რომელიც, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, მანდილოსნების საყვარელი სპორტული სახეობაა. განსაკუთრებით განვითარებულია ჩრდილოეთი ევროპის, სკანდინავიის ქვეყნებსა და კანადაში. გარდა ფიგურული სრიალისა, მოციგურავეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციგურებით სრიალში. ციგურებით სრიალი ზამთრის სპორტის კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობაა. გარდა ბუნებრივი ყინულის მოედნებისა, საქართველოს რამდენიმე ქალაქში არსებობს საციგურაო მოედნები, რომლებშიც ხელოვნური ყინულის საფარია და წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება სრიალი.

ყველაზე პოპულარული სამაგიდო სპორტის სახეობებია: ჭადრაკი, შაში და მაგიდის ჩოგბურთი. შაშს და, განსაკუთრებით ჭადრაკს, სპორტის ყველაზე ინტელექტუალურ სახეობებად მიიჩნევენ. ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ქალთა შორის. ქართველებს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონის მქონე ტიტულის მოჭადრაკე ქალბატონი გვყავს - მაია ჩიბურდანიძე, რომელმაც ასევე ხუთჯერ მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატებში.

ტრადიციულად, საქართველოში ძალიან პოპულარულია ორთაბრძოლები: კრივი, ჭიდაობა და ფარიკაობა. ქართველებს ჭიდაობის ძალიან ცნობილი სკოლა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოკრივეებსა და მოფარიკავეებსაც საკმაო წარმატებები აქვთ სპორტულ ასპარეზობებსა და ჩემპიონატებში, მოჭიდავეების წარმატება ჯერჯერობით ვერავინ გაიმეორა.