კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი


 

გასაუბრება არის შეხვედრა სამუშაოს (სტიპენდიის, დაფინანსების) მაძიებელსა და პოტენციურ დამსაქმებელს (დამფინანსებელს) ან მის წარმომადგენელს შორის. გასაუბრება ინიშნება კანდიდატის სამუშაოზე აყვანამდე ან დაფინანსების გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე. გასაუბრების დროს დამსაქმებელი პირადად ეცნობა აპლიკანტს და განსაზღვრავს, თუ რამდენად შეეფერება ის მოცემულ პოზიციას. დამსაქმებელი კანდიდატს უსვამს შეკითხვებს განათლების, გამოცდილების, უნარებისა და ცოდნის შესახებ. მოსალოდნელია კითხვები კანდიდატის მიზნების, გეგმების შესახებაც.

ინტერვიუერი (კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც წარმართავს გასაუბრებას) ამზადებს შეკითხვებს, რომლებსაც უსვამს ყველა აპლიკანტს. ეს პროცესი დაახლოებით 10-15 წუთს გრძელდება, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საუბარი, მით უფრო დიდი ალბათობა, რომ ინტერვიუერი დაინტერესდა აპლიკანტით. გასაუბრების შემდეგ ადარებენ პასუხებს და არჩევენ ყველაზე კვალიფიციურ კანდიდატს.

გასაუბრების გავლა ყველას უწევს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ათასჯერაც რომ გახვიდე ინტერვიუზე, ყოველი ახალი გასაუბრება მაინც რთული გეჩვენება. სინამდვილეში, ეს ჩვეულებრივი გაცნობითი საუბარია, უბრალოდ, თქვენი პასუხები გადაწყვეტს, აგიყვანენ სამუშაოზე თუ არა, ან მოგცემენ სტიპენდიასა თუ დაფინანსებას თუ სხვა კონკურენტს ამჯობინებენ.

გასაუბრებაზე აპლიკანტებს ძირითადად შემდეგი ტიპის შეკითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა:

 

 

ღია შეკითხვა

ამ ტიპის შეკითხვას მაშინ იყენებს ინტერვიუერი, როცა ,,დიახ’’ და ,,არა’’ პასუხი არ აკმაყოფილებს და აპლიკანტისგან ვრცელ ინფორმაციას ელის. ასეთი შეკითხვებია, მაგალითად: ,,რას გვეტყოდით თქვენ შესახებ?’’, ,,რატომ არის ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესო?’’, ,,რომელია თქვენი განსაკუთრებული უნარი?’’

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კარგი იქნება, თუ გასაუბრებამდე სათანადო მოკვლევას ჩაატარებთ (გადაიკითხეთ თქვენი CV და ორგანიზაციის ვებგვერდი). შეადგინეთ სავარაუდო ღია ტიპის შეკითხვათა სია და მოამზადეთ პასუხები, გაიარეთ რეპეტიცია.

დახურული შეკითხვა

დახურული შეკითხვა მიზნად ისახავს აპლიკანტის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღებას (განათლება, სამუშაო გამოცდილება და მუშაობის წლები, ტექნიკური ცოდნა, უნარ-ჩვევები). ამგვარი შეკითხვები მოკლე და კონკრეტულ პასუხებს საჭიროებს.

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხს კარგად გაართმევთ თავს, თუ დაარწმუნებთ ინტერვიუერს, რომ თქვენი CV-ის დეტალებში ეჭვი არ გეპარებათ. ნუ გასცემთ მხოლოდ ,,დიახ-არა’’ პასუხს, დაამატეთ ღირებული ინფორმაცია. მაგალითად, შეკითხვაზე: ,,სწავლების მხრივ რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ?“ - კარგი პასუხი იქნება: ,,დიახ, 6 წელი ვასწავლიდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და, ვფიქრობ, იქ მიღებული გამოცდილება მართლაც ფასეული და მნიშვნელოვანია…’’

ჰიპოთეზური შეკითხვა

ამ შეკითხვათა საშუალებით ინტერვიუერი თქვენს პრობლემათა გადაჭრის უნარს აფასებს და ამოწმებს, გაქვთ თუ არა საკმაო გამოცდილება მოცემულ პოზიცასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

ამ ტიპის შეკითხვაზე საპასუხოდ გარკვეული ინფორმაცია დაგჭირდებათ. შეიძლება, ინტერვიუერმა თქვენთვის სასურველ პოზიციასთან დაკავშირებული დავალება ან პრობლემა ისე აღწეროს, რომ ვერ გაიგოთ ან ძალიან რთული მოგეჩვენოთ პასუხი. ნუ იჩქარებთ და ნუ გასცემთ დაუფიქრებელ პასუხს. გახსოვდეთ, რომ გაქვთ შეკითხვის დასმის უფლება. თუ რაიმე გაუგებარია, ნუ მოგერიდებათ, დაუსვით კითხვები ინტერვიუერს. ამით საჭირო ინფორმაციასაც მოიპოვებთ და დაარწმუნებთ თანამოსაუბრეს, რომ აქტიურად უსმენთ და ეს სამუშაო თქვენთვის მნიშვნელოვანია. ასეთი შეკითხვა ჩვეულებრივ ასე იწყება ,,რას იზამდით, რომ…’’

წამყვანი შეკითხვა

ამ შეკითხვას ვარაუდის ფორმა აქვს (,,ესე იგი, დიდი გამოცდილება გაქვთ სამედიცინო სფეროში?’’). ამ დროს ინტერვიუერი ცდილობს, კონკრეტული პასუხი მიიღოს აპლიკანტისგან (დიახ, როგორც ჩემი რეზიუმედან ხედავთ, 9 წელი ვიმუშავე ექთნად).

პასუხის გაცემისას ყურადღებით იყავით. დაფიქრდით, შეიძლება, ინტერვიუერი ნეგატიურ შეკითხვას გისვამდეთ (,,ექთნად მუშაობისას გაგიჭირდებოდათ ჭირვეულ პაციენტთან ურთიერთობა?’’). ყოველთვის ეცადეთ, პოზიტიური პასუხი იპოვოთ.

გადაბმული შეკითხვები

ასეთი შეკითხვებით აპლიკანტის აზროვნებისა და მსჯელობის უნარს ამოწმებენ: ინტერვიუერი ერთდროულად რამდენიმე შეკითხვას სვამს: ,,რას ფიქრობთ ჩვენი ახალი პროდუქტის შესახებ? როგორ გგონიათ, შევძლებთ ჩვენი მომსახურებს გაუმჯობესებას და თუ კი - როგორ?’’

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ ასეთი შეკითხვით თქვენს აზროვნებას ამოწმებენ და პასუხი კარგად მოიფიქრეთ. თუ შეკითხვას მთლიანად ვერ დაიმახსოვრებთ, ნუ მოგერიდებათ, სთხოვეთ ინტერვიუერს მისი გამეორება. შეკითხვას ნაწილ-ნაწილ გაეცით პასუხი, დაიცავით შეკითხვის სტრუქტურა და თანმიმდევრობა.

ბიჰევიორისტული შეკითხვა

გამოიყენება კანდიდატის ქცევის შესამოწმებლად. კითხვის იდეა ის არის, რომ იმის განსაზღვრისათვის, თუ როგორ მოიქცევა კანდიდატი მომავალში, უნდა გავიგოთ, თუ როგორ მოიქცა ის ანალოგიურ სიტუაციაში წარსულში.

არსებითი მნიშვნელობა აქვს თქვენს გულწრფელობას. ინტერვიუერი სხვა შეკითხვებსაც დაგისვამთ და ტყუილში ჩაიჭრებით. მომზადების საუკეთესო ხერხი ინფორმაციის მოძიებაა: კომპანიის მოთხოვნები, პოზიციისათვის საჭირო უნარები და გამოცდილება. გაეცანით კომპანიის ვებგვერდს და საქმიანობის სფეროს.

ბიჰევიორისტულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სპეციალისტები .. ,,სტარ’’ (ინგლ. STAR იშიფრება, როგორც სიტუაცია, დავალება, მოქმედება, შედეგი) მეთოდით გვირჩევენ:

სიტუაციააღწერეთ სიტუაცია;

დავალება ან პრობლემარა დილემა თუ პრობლემა იდგა თქვენ წინაშე?

მოქმედებაროგორ მოიქეცით?

შედეგირა შედეგი მოჰყვა თქვენს ნაბიჯს?

შეკითხვა კვალიფიკაციის გამოსავლენად:

ასეთი შეკითხვაა, მაგალითად, ,,მითხარით თქვენი ლიდერული უნარების კონკრეტული მაგალითი’’ ან ,,აღწერეთ, როგორ იპოვეთ გამოსავალი რომელიმე პრობლემიდან’’. ასეთი შეკითხვით ინტერვიუერი ცდილობს, გამოავლინოს თქვენ მიერ წარსულში გადადგმული ნაბიჯები და განსაზღვროს რამდენად კომპეტენტური ხართ მოცემული პოზიციისთვის.