გრამატიკა

IDevice Icon
ბრძანების გამოხატვა

 

ბრძანებითი კილო მოსაუბრის სურვილის განხორციელებას გულისხმობს. ეს სურვილი შეიძლება გამოიხატოს არა მარტო ბრძანების, არამედ თხოვნის, ხვეწნა-მუდარისა და წაქეზების სახითაც, მაგრამ გრამატიკაში ყველას ბრძანებითი ჰქვია. მოსაუბრე პირველი პირია მხოლობითი რიცხვისა, ამიტომ მისი სურვილის შემსრულებელი შეიძლება იყოს მე-2 და მე-3 პირი. ე. ი. მოსაუბრე პირმა შეიძლება უბრძანოს მე-2 და მე-3 პირს, პირველ პირს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსაუბრესთან ერთად სხვებიც არიან, ანუ, როდესაც ფორმა მრავლობითი რიცხვისაა.

არსებობს წართქმითი და უკუთქმითი ბრძანებითი.

წართქმითია ფორმა, რომელიც ზმნით გამოხატული მოქმედების შესრულებას გულისხმობს: მოიტანე! წაიღე! წადი! ააშენე! გააკეთე! დახატე! გარეცხე! დაწერე!

უკუთქმითია ფორმა, რომელიც ზმნით აღნიშნული მოქმედების აკრძალვას წარმოადგენს. ამას სხვანაირად აკრძალვითსაც უწოდებენ. აკრძალვითს თან ყოველთვის თან ახლავს ნუ ან არ ნაწილაკი:

ნუ აკეთებ! ნუ წერ! ნუ ხატავ! ნუ რეცხავ! ნუ მიდიხარ! ნუ მიგაქვს!

არ გააკეთო! არ დაწერო! არ გარეცხო! არ წახვიდე! არ წაიღო!

ბრძანების გამოსახატავად განსაკუთრებული ფორმა თანამედროვე ქართულს არა აქვს. წართქმითი ბრძანებითის მე-2 პირის ფორმა ემთხვევა წარსული დროის, ე. წ. წყვეტილის ფორმას; როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან? - თუ ზმნას აქვს წარსულის გაგება, ის წყვეტილის ფორმაა; თუ ზმნას მომავალი დროის გაგება აქვს, მაშინ ის ბრძანებითის ფორმაა.

ნუ ნაწილაკიანი ბრძანებითი ახლანდელი (აწმყოს) ან მომავალი დროის (მყოფადის) ფორმებთან გვხვდება: აკეთებ - ნუ აკეთებ! ნუ გააკეთებ! ხატავ - ნუ ხატავ! ნუ დახატავ! წერ - ნუ წერ! ნუ დაწერ!

არ ნაწილაკი კავშირებითის ფორმებთან გვხდება: არ გააკეთო! არ დახატო! არ დაწერო!

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P127/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P127/2