კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

სიტყვა კონსტიტუციას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Constitutio და ითარგმნება, როგორც „დადგენა“, „დაწესება“. კონსტიტუცია განსაკუთრებული წესით მიღებული დოკუმენტია, ის წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითად კანონს. კონსტიტუცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მთელი სახელმწიფოსა და საზოგადოების, ისე მისი თითოეული წევრის ცხოვრებაში. სწორედ ის არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კონსტიტუცია რთული, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტია, ამიტომაც არის, რომ მისი მრავალგვარი განმარტება არსებობს. მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული განმარტებებია: სახელმწიფოს უზენაესი კანონი, წესების კატალოგი, ინდივიდის გარანტი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და სხვა.

კონსტიტუციონალიზმის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. დღესდღეობით ყველაზე ძველ მოქმედ კონსტიტუციად აშშ-ს კონსტიტუცია (1789 წ.) მიიჩნევა, თუმცა სან მარინოს კონსტიტუცია გაცილებით ადრე, 1600 წელსაა შექმნილი. მე-20 საუკუნეში კონსტიტუციების შექმნამ მასობრივი ხასიათი მიიღო და არსებული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ გასულ საუკუნეში შეიქმნა. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში კონსტიტუციონალიზმის ისტორია მეოცე საუკუნის ოციან წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ყოფა, ზნე-ჩვეულება, ფსიქიკა, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა. 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუცია დაამტკიცეს, თუმცა, სამწუხაროდ, მან მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა... რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1921 წლის 25 თებერვალი) მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია (1922, 1927, 1937 და 1978 წლებში), რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციისგან.

ამჟამად ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუცია, საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონში ასახულია ყველა ის ფუნდამენტური პრინციპი, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამავე დროს, კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებების გარანტს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. კონსტიტუციითვეა განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა — საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და, შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

საქართველოს კონსტიტუციაში საგანგებო ადგილი ეთმობა რელიგიის საკითხებს, კერძოდ, აღიარებულია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ამასთან ერთად, ხაზგასმულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი და მისი დამოუკიდებლობა.

კონსტიტუციის ძირითადი ნაწილი მოიცავს 9 თავს, რომელთაგან პირველი ეხება ზოგად დებულებებს, მეორე - საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანთა უფლებებს, მესამე - საქართველოს პარლამენტს, მეოთხე - საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას, მეხუთე - სასამართლო ხელისუფლებას, მეექვსე - სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს, მეშვიდე - სახელმწიფო თავდაცვას, მეშვიდე - ადგილობრივ თვითმმართველობას, მერვე - კონსტიტუციის გადასინჯვას, ხოლო მეცხრე თავი - გარდამავალ დებულებებს.

თითოეული თავი შედგება შედარებით მცირე ნაწილებისაგან, რომელთაც მუხლები ეწოდებათ.

საქართველოს კონსტიტუცია ერთ-ერთი პროგრესული და სრულყოფილი კონსტიტუციაა და სრულად უპასუხებს თანამედროვეობის მოთხოვნებს.