გრამატიკა

IDevice Icon
ნაზმნარი სიტყვა - საწყისი

 

სიტყვას, რომელსაც სახელის ნიშნებიც აქვს და ზმნისაც, სახელზმნა ჰქვია.

საწყისი ნაზმნარი სიტყვაა. წინადადებაში იგი გამოყენებულია, როგორც არსებითი სახელი: შეიძლება იყოს ქვემდებარე, დამატება ან სხვა წევრი; მაგ.: „მთელი დღე მუშაობამ დამღალა“ („მუშაობამ“ ქვემდებარეა); „მუშაობას შეუდგა“ („მუშაობას“ დამატებაა). ამ ნიშნის გამო მას მოქმედების სახელიც ჰქვია.

საწყისის ნიშანია სუფიქსი -ა, რომელიც დაერთვის აწმყოს ან მყოფადის ფუძეს: წერ-ს - წერა, ჭამ-ა, მუშაობ-ა, ხატვ-ა... გათბობ-ა, აშენებ-ა, გაკეთებ-ა...

ზმნის ნიშანთაგან საწყისს შეიძლება ჰქონდეს ასპექტი და კონტაქტი.

კეთებ-ა უსრული ასპექტის ფორმაა, გაკეთებ-ა, შეკეთებ-ა, გადაკეთებ-ა - სრული ასპექტისა.

გაკეთება უშუალო კონტაქტის ფორმაა, გაკეთებინება კი - შუალობითისა.

საწყისი ბრუნებადი სიტყვაა.

-თი ნაწარმოები საწყისი ფუძეკვეცადია: ხატვა, ხატვა-ს, ხატვ-ის, ხატვ-ით, ხატვა-დ. მრავლობითი რიცხვი, ჩვეულებრივ, არა აქვს, მაგრამ არსებით სახელად ქცეულ საწყისს მრავლობითიც ეწარმოება: სხდომა - სხდომები, კითხვა - კითხვები...

საწყისში, ჩვეულებრივ, ჩანს თემის ნიშანი (-ებ, -ობ: აკეთ-ებ-ს - კეთ-ებ-ა... მუშა-ობ-ს - მუშა-ობ-ა...

-ავ თემისნიშნიანი ზმნების საწყისში თემისნიშნისეული -ა იკარგება: ხატავს - ხატვ-ა, მალავს - მალვ-ა, რეცხავს - რეცხვ-ა...

საწყისში ჩანს ასევე -ევ და -ენ ელემენტები, რომელიც ზმნის პირიან ფორმას შეიძლება ჰქონდეს: ანგრ-ევ-ს - დანგრ-ევ-ა... ადგ-ენ-ს - დადგ-ენ-ა...

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P 132/1


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P 132/2


დაწერეთ შვიდი წინადადება, სადაც წარმოდგენილი იქნება საწყისები.