კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია პრესა (ჟურნალ-გაზეთები, ბუკლეტები და სხვა ნაბეჭდი საშუალებები), ინტერნეტმედია, რადიო და ტელევიზია მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 21-ე საუკუნეს ინფორმაციის საუკუნესაც კი უწოდებენ.

მასობრივი კომუნიკაციური საშუალებების ძირითადი დანიშნულებაა, მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსოფლიოსა და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და საინფორმაციო უზრუნველყოფა გაუკეთოს ინოვაციურ პროცესებს.

თანამედროვე პრესა და ტელევიზია ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების სოციალური ცხოვრების ორგანიზებაში, კერძოდ, შესთავაზოს მაყურებელს მიმდინარე სოციალური პროცესები და მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მხარი დაუჭიროს და პროპაგანდა გაუწიოს საზოგადოებაში მიღებულ სოციალურ ნორმებს. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ პრესა კოორდინაციას უკეთებს სხვადასხვა სახისა და მიმართულების აქტივობებს და თავისი საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი თანხმობის ჩამოყალიბებაში სათანადო რეპორტაჟების, სტატიების, გადაცემების მომზადებით.

პრესასთან დაკავშირებით, გამოიყენება ტერმინი „მიმღებლობის უზრუნველყოფა“, რაც ნიშნავს, რომ პრესა, ინტერნეტგამოცემები და რადიო და ტელევიზია თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ დომინანტური კულტურის ნიმუშების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. მათსავე მოვალეობაში შედის ახალი კულტურული მიმართულებების წარდგენა მაყურებლის წინაშე და ამ გზით ეხმარებიან ცალკეულ პიროვნებასა და მთელ საზოგადოებას კულტურული ფაქტების მიღებასა და აღიარებაში.

პრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მობილიზაციის ფუნქცია, ანუ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში აქტუალურ მიზნებთან დაკავშირებული კამპანიების ორგანიზებას.

რაც შეეხება რეკრეატიულ ფუნქციას, ის გულისხმობს, რომ შეუქმნას დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა მაყურებელს და შეამციროს სოციალური დაძაბულობა საზოგადოებაში.

მედია დიდ როლს ასრულებს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის გავლენას ახდენს საზოგადოების პოლიტიკურ დღის წესრიგზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პლურალისტური საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაში.

დღეს დასავლურ სამყაროში ხშირად გაიგებთ ტერმინს ,,სამოქალაქო ჟურნალისტიკა”. სამოქალაქო ჟურნალისტიკის იდეა განსაკუთრებით აქტუალური გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გახდა. იდეა დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ თეორიის თანახმად, მასმედიამ უნდა წაახალისოს საზოგადოების წევრთა სამოქალაქო აქტივობის ზრდა. ამ თეორიის თანახმად, ჟურნალისტთა საქმიანობის მთავარი დანიშნულება ადამიანთა საზოგადოებრივი აქტიურობისა და როლის გაზრდა, კონკრეტული პიროვნებებისა და სოციალური ჯგუფების პრობლემათა გამოვლენა და მათ მოგვარებაში მონაწილეობის მიღებაა. მაგალითად, ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოველი მეხუთე გაზეთი სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს. რ. სტილი, ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, მიიჩნევს, რომ მედია სოციალურ ცვლილებათა კატალიზატორად უნდა იქცეს და დაეხმაროს ადამიანებს თავიანთი ცხოვრებისეული პრობლემების დანახვასა და გადაჭრაში.

არსებობს რეიტინგები ყველაზე პოპულარული გაზეთებისა და ტელეგადაცემების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ბეჭდური მედიის ხუთეული ასე გამოიყურება:

1. პირველ ადგილს იკავებს ბრიტანული გაზეთი „სანი“ (the SUN).

2. მეორე ადგილზეა „იუესეი თუდეი“ (USA Today). გაზეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოდის.

3. მესამე საპრიზო ადგილს იკავებს „ფაინენშალ თაიმსი“ (Financial Times).

4.-5. რაც შეეხება მეოთხე და მეხუთე ადგილებს, გერმანული ფაზი (FAZ) და ფოკუსი (Focus) იკავებენ.

მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ყველაზე დიდი აუდიტორია ტელევიზიას ჰყავს. თუმცა, რასაკვირველია, რადიოსა და პრესასაც ჰყავს საკუთარი სეგმენტი, მაგრამ ტელევიზიასთან შედარებით ის გაცილებით მცირეა.

რაც შეეხება ტელევიზიების რეიტინგებს, მსოფლიო მასშტაბით პირველობას არავის უთმობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: ბიბისი (BBC), სიენენი (CNN), ევრონიუსი (Euronews), დისქავერი (Discovery), ალჯაზირა (Aljazeera) და კიდევ რამდენიმე კომპანია, რომლებიც გამოირჩევიან დინამიკურობით, ოპერატიულობით, მიუკერძოებლობითა და ინფორმაციის სწორი ანალიზის უნარით.

დღეისათვის მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ტოკშოუდ მიჩნეულია ოფრა უინფრის შოუ. სწორედ მისი წყალობით გახდა პოპულარული ტაბლოიდური ჟანრის ტოკშოუები. სხვათა შორის, ქართული გადაცემების, „პროფილისა“ და „ნანუკას შოუს“ ავტორები ცდილობენ, მიბაძონ ოფრა უინფრის.

კულინარიული გადაცემებიდან ლიდერია ჯემი ოლივერის შოუები. ახალგაზრდა მზარეული ნამდვილ სანახაობას აწყობს ეკრანზე და მაყურებელს სთავაზობს გემრიელ, იოლ და მოკლე დროში მოსამზადებელ კერძებს. პოპულარულია, აგრეთვე, ამერიკელი მზარეულისა და ჟურნალისტის, ანტონი ბოურდიანის კულინარიული შოუ. ავტორი მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მაყურებელს აცნობს ადგილობრივ სამზარეულოსა და ტრადიციებს.

ტელეგადაცემებისა და შოუების რეიტინგები ხშირად იცვლება. მედია, ზოგადად, ძალიან კონკურენტული სივრცეა და ამიტომაც ჟურნალისტებსა და, მთელ პერსონალს - ოპერატორებს, რედაქტორებს, ფოტოგრაფებს, მუსიკალურ პროდიუსერებს და სხვებს - მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება სჭირდებათ წარმატების შესანარჩუნებლად.