გრამატიკა

IDevice Icon
შემასმენელი და ქვემდებარე

 

შემასმენელი და ქვემდებარე წინადადების მთავარი წევრებია.

შემასმენელი ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას („კაცი ლაპარაკობს“), მდგომარეობას („კაცი ზის“) ან გვიჩვენებს, თუ რა მოსდის საგანს („მიწა სველდება“), ვინ არის საგანი („მარიამი ექიმია“), რა არის საგანი („ვარდი მცენარეა“).

შემასმენლის კითხვებია: რას შვრება საგანი? რა მოსდის საგანს? რა მდგომარეობაშია საგანი? როგორია საგანი? რა ან ვინ არის საგანი?

შემასმენელი ორგვარია: მარტივი და შედგენილი.

მარტივი შემასმენელი ზმნის პირიანი ფორმით გადმოიცემა. ზმნის პირიანი ფორმა ზოგჯერ რთული ან მეშველზმნიანია: ვდგავარ, დგახარ... ვუყვარვარ, უყვარხარ... დავმალულვარ, დამალულხარ... დავუხატივარ, დაუხატიხარ...

შედგენილი შემასმენელი შეიცავს ბრუნებად სიტყვას (სახელს ან სახელზმნას) და მეშველ ზმნას;

დამხმარე (მეშველ) ზმნად გამოიყენება ვარ ზმნის ფორმები მონაცვლე (ვიქნები, ვიყავი) ზმნებითურთ: მე პატარა ქართველი ვარ; ეს ჩანთა ჩემია; იგი გახარებული იყო...

ქვემდებარე ჰქვია წინადადების მთავარ წევრს, რომელიც ზმნით აღნიშნულ მოქმედებას ასრულებს.

ქვემდებარის გადმოსაცემად ყველა სახელი გამოიყენება, ყველაზე ხშირად - არსებითი სახელი.

არსებითი სახელი: ბავშვმა გაკვეთილები ისწავლა...

ზედსართავი სახელი: მაღალი ყველაზე მეტს ლაპარაკობდა...

რიცხვითი სახელი: მეორემ ნაბიჯი შეანელა...

ნაცვალსახელი: ის ძალიან კარგად ხატავს...

ქვემდებარე ზმნის სუბიექტურ პირთან შეწყობილი წევრია.

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P134/1


დაწერეთ:

  • 5 წინადადება, სადაც იქნება შედგენილი შემასმენელი.
  • 5 წინადადება, სადაც იქნება არსებითი სახელით გამოხატული ქვემდებარე.