კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

დემოკრატია წყობილების ისეთი ფორმაა, როდესაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და ხალხივე ახორციელებს მას წარმომადგენლობითი ორგანოების საშუალებით. სიტყვა „დემოკრატია" მოდის ძველი ბერძნული ენიდან, სადაც ის სიტყვასიტყვით „ხალხის მმართველობას" ნიშნავს. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას". ეს არის სისტემა, რომელშიც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია არჩევითობა და მოკლევადიანობა. დემოკრატია თავისი არსით უპირისპირდება მმართველობის ყველა იმ ფორმას, რომლებშიც მართვის სადავეები ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი ან მას ადამიანთა მცირე ჯგუფი ინაწილებს. გარდა ამისა, ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს, განურჩევლად მისი რასობრივი, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს. დემოკრატია ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. „ინდივიდუალური ავტონომიის" პრინციპი: რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს წესებს, რომლებიც სხვათა მიერ არის დაწესებული;
2. „თანასწორობის" პრინციპი: რომ ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ადამიანებს საზოგადოებაში. დემოკრატიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს, სადაც მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კანონებს, პოლიტიკას და ნიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს. თეორიულად, წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს ხელისუფლების თავისუფალ და სამართლიან არჩევას ხალხის ხმათა უმრავლესობით. ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გაყოფა ანუ დანაწილება, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა.

კანონის უზენაესობა არის პრინციპი, როდესაც ხელისუფლება და სასამართლო მხოლოდ დაწერილი კანონების შესაბამისად მოქმედებს. აღნიშნული პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალაუფლების გაყოფის ანუ დანაწილების პრინციპთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების საკანონმდებლო (პარლამენტი), აღმასრულებელი (მთავრობა) და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები საერთო ფასეულობების სისტემას წარმოადგენს. შესაბამისად, მცირე წარმომადგენლობის მქონე ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, როგორებიცაა ბავშვები, ქალები, ემიგრანტები, რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დაცულები არიან დისკრიმინაციისგან და ხდება მათი ინდივიდუალობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.

ტერმინი „დემოკრატია" აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ტიპს, ასევე ხელისუფლების გარკვეულ ტიპს. დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მმართველობის ყველაზე სამართლიან მეთოდს ხალხისთვის და მაქსიმალურ თანასწორობას: გაცილებით მეტი ადამიანია აქტიური და არა პასიური მონაწილე დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებისას. დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ჯგუფისა თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისათვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ, სავარაუდოა, რომ ადამიანებმა პატივი სცენ მის გადაწყვეტილებებს. დემოკრატია არსებობს როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე.

დემოკრატიულია ის ქვეყნები, რომლებშიც ამომრჩევლები პერიოდულად ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მიერვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერი დემოკრატიისათვის დამახასიასიათებლი ნიშანია არჩევანის თავისუფლების პატივისცემა, რომელიც გულისხმობს ისეთი სამოქალაქო თავისუფლების არსებობას, როგორიცაა, მაგალითად, სიტყვისა და შეკრებების თავისუფლება.

დემოკრატია შემდეგი პირობების დაცვას გულისხმობს:

  • • ხელისუფლების დაყოფა;
  • • ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა;
  • • შემწყნარებლობა უთანხმოებათა მიმართ;
  • • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  • • საზოგადოებაში განხეთქილების არარსებობა;
  • • წარმატებული ეკონომიკური განვითარება.

დემოკრატიას ხშირად აიგივებენ უმრავლესობის მმართველობასთან, რისი დამადასტურებელიც, თითქოსდა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებია. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, სამწუხაროდ, უმრავლესობის მმართველობა შესაძლებელია ძალიან სასტიკი აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა და სხვადასახვა სახის უმცირესობათა მიმართ. ისტორიიდან ცნობილია, რომ უმრავლესობას, როგორც წესი, ავიწყდება უმცირესობათა პრობლემები, ხოლო ზოგიერთი პრობლემა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს უმრავლესობის მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის განუსაზღვრელი ძალაუფლება საფრთხეს წარმოადგენს ცალკეული პირების ან ჯგუფების მიმართ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გაგებით, დემოკრატია უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლებაა, შეზღუდული ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს ეკუთვნით. უმრავლესობას არა აქვს ამ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის უფლება. ამრიგად, ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ზღუდავენ უმრავლესობის ძალაუფლებას.
დემოკრატიის დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო შეზღუდულია ელიტის პოლიტიკური ძალაუფლება და რაც უფრო მაღალია ფართო სოციალური ფენების გავლენა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე.