გრამატიკა

IDevice Icon
დამატებები

 

დამატების სახეებია, ერთი მხრივ, დამატება-ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ, - უბრალო დამატება.

დამატება-ობიექტები, უბრალო დამატებისგან განსხვავებით, ზმნის პირთან არიან შეწყობილი.

პირდაპირი დამატება ჰქვია ზმნა-შემასმენლის პირდაპირი ობიექტის ფარდ წევრს. პირდაპირი დამატება არის ბრუნვაცვალებადი სახელი: ვწერ დ ა ვ ა ლ ე ბ ა ს - დავწერე დ ა ვ ა ლ ე ბ ა ...

ირიბი დამატება ზმნა-შემასმენლის ირიბ ობიექტურ პირთან შეწყობილი წევრია. იგი ბრუნვაუცვლელია, - ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია: მელა ეპარება ქ ა თ ა მ ს - მელა მიეპარა ქ ა თ ა მ ს - მელა მიჰპარვია ქ ა თ ა მ ს...

სამპირიანი ზმნის ირიბი დამატება მესამე სერიაში ნათესაობით ბრუნვაში იქნება, დაირთავს -თვის თანდებულს და იქცევა უბრალო დამატებად: შვილმა დედას წერილი მისწერა - შვილს დ ე დ ი ს თ ვ ი ს წერილი მიუწერია...

უბრალო დამატება ახლავს ზმნებს და სახელზმნას: ფანქრით ხატავს, ფანქრით დახატვა, ფანქრით დახატული...

უბრალო დამატების ბრუნვებია: მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი.

უბრალო დამატებას მიცემითში დაერთვის თანდებულები: -ვით (ამ კაცსავით არავის გახარებია ეს ამბავი), -თან (დედასთან ერთად წავიდა), -ზე (ამ ადამიანზე ბევრს ჰყვებიან), -ში (ჩაიში შაქარი ჩავიყარე).

ნათესაობითში დასმული უბრალო დამატება გვხვდება უთანდებულოც (ბავშვის წაყვანა...) და თანდებულიანიც (-გან: ეს ნივთი ხისგან არის გაკეთებული... -თვის: ბავშვისთვის ნაყინი ვიყიდე... შესახებ: ამ ამბის შესახებ დღეს გავიგე პირველად...).

მოქმედებითში დასმული უბრალო დამატება უფრო ხშირად გვხვდება უთანდებულოდ და გამოხატავს ინსტრუმენტს ან თანაობას: დანით დაჭრა... ცოლითა და შვილებით მოდის...

ვითარებითში დასმული უბრალო დამატება გამოხატავს თანაობას (ბავშვიანად წავიდა...) ან ქვემდებარის ერთგვარ სტატუსს (დირექტორად მუშაობს...).

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P135/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P135/2

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P135/3