კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

თუ თქვენ დამიძახებთ ომის საწინააღმდეგოდ გამართულ მიტინგზე, მე არ წავალ იქ, მაგრამ თუ მიმიწვევთ მშვიდობის მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაზე, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას!

დედა ტერეზა


სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ, - ეს აზრი ისეთივე ძველია, როგორიც სამყარო. ჯერ კიდევ ჩვენს შორეულ წინაპრებს სჯეროდათ, რომ ჩვენი და ჩვენს გარშემომყოფთა სხეული, სული, ემოციები, განწყობა, გონების მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს სიტყვებზე. დღესაც, როდესაც კაცობრიობის განვითარებამ დაუჯერებელ სიმაღლეებს მიაღწია, ადამიანებს კვლავ სჯერათ, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ისინი მართავენ ჩვენს აზროვნებას. ჩვენი აზროვნება კი, თავის მხრივ, მართავს ჩვენს გრძნობებს და მოქმედებებს.

ყველას გვსმენია, რომ სიტყვის ძალას ხშირად წარმატებით იყენებენ მედიცინაში (ფსიქოთერაპია, ტრენინგები, ჰიპნოზი...). გამამხნევებელი სიტყვები ხშირად ქცეულა არაერთი ადამიანის წარმატების წინაპირობად.

ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჩვენი სულის გამოძახილია, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ვაკონტროლოთ, თუ რა ვამბობთ. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს ტექსტი დედა ტერეზას სიტყვებით. უდიდესმა ჰუმანისტმა დაგვაფიქრა, რომ ადამიანი პოზიტიურად არა მხოლოდ უნდა აზროვნებდეს, არამედ თავის აზრებს პოზიტიურად უნდა წარმოთქვამდეს კიდეც. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ და თქვათ, „ჭიქა ნახევრად ცარიელია", თქვით, რომ „ჭიქა ნახევრად სავსეა". ასე თქვენს ცხოვრებაში მეტი დადებითი ენერგია შემოვა.

* * *

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ ფიცი არის „აღთქმა, სიტყვის მიცემა, ჩვეულებრივ, რაიმე წმინდათაწმიდის მოხსენიებით." სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირობის მისაცემად, სხვების დასარწმუნებლად რომ ნათქვამს შეასრულებ, ფიცს დებ. ფიცის გატეხა ანუ ფიცის დარღვევა ფიცის, აღთქმულის, შეუსრულებლობაა. ქართველებში და, ზოგადად, კავკასიელებში ფიცს დიდი ძალა ჰქონდა, ადამიანის დაფიცებას ენდობოდნენ, ხოლო ფიცის შეუსრულებლობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

გიორგი დავითაშვილს წიგნში „სასამართლო მტკიცებულებანი ქართულ ჩვეულებით სამართალში" საუბარია ფიცის, როგორც სასამართლო მტკიცებულების, შესახებ. პირველი თავის („ეჭვმიტანილის (მოპასუხის) ფიცი") ვკითხულობთ: „ფიცი, როგორც სასამართლო მტკიცებულება, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სხვადასხვა ხალხის სამართალწარმოებაში. საუკუნეების განმავლობაში ხალხს უდიდესი რწმენა ჰქონდა ფიცისა. საქართველოში ხატის შიშითა და რიდით მის წინაშე ტყუილად დაფიცებას ვერავინ გაბედავდა."

რაიმე თანამდებობაზე არჩეული ან დანიშნული პირები (პრეზიდენტი, მოსამართლე, სახალხო დამცველი, სამხედრო მოსამსახურე და ა.შ.) დებენ საზეიმო ფიცს, ანუ დაპირებას, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

ფიცის გამოსახატავად ქართულში გავრვცელებულია შემდეგი სიტყვები და გამოთქმები: „გეფიცები", „დედას გეფიცები", „ყველას გეფიცები", „შვილებს გეფიცები" და ა.შ. უნდა ითქვას, რომ წინათ დაფიცების ფორმულები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო და რთული კონსტრუქციები გამოიყენებოდა.

წყევლა სხვათათვის ავის, აუგის, ცუდი ბედის ან უბედურების სურვილია, რასაც მაწყევარი, ანუ ის, ვინც იწყევლება, ვერბალურად წარმოთქვამს. ავ სიტყვას, ავი სურვილების გაგზავნას, უსიამოვნო ემოციებს შეუძლია ენერგოზემოქმედება, ბედნიერების ჰორმონების დათრგუნვა, _ ამტკიცებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო სამედიცინო აკადემიის წევრი, ევრომეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ფილიალის წევრი, ქალბატონი დინარა კასრაძე გაზეთ „კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ინტერვიუში. ამავე სტატიაში იგი ამბობს, რომ „აქედან ერთი ნაბიჯია სომატურ სნეულებამდე და ფსიქიკურ აშლილობამდე, დეპრესიამდე. აი, როგორ აისახება სიტყვით მიყენებული ენერგოზემოქმედება...''

არსებობს ორგვარი წყევლა - წინასწარ განზრახული და სპონტანური, რომელიც ადამიანის ემოციური აფეთქების შედეგია. წყევლა, რასაკვირველია, უარყოფითი მოვლენაა. ქართული ანდაზა, „წყევლა მაწყევარს", გვაფრთხილებს, რომ კრულვა, ბოროტი სურვილები მის ავტორს თავადვე უბრუნდება. სხვათა შორის, ქრისტიანული რელიგია წყევლას ცოდვად მიიჩნევს. ქართულში გავრცელებულია წყევლის შემდეგი ფორმულირებები: „ჯანდაბამდე გზა გქონია" - ანუ, რაც გინდა, ის გააკეთე, სადაც გინდა, იქ წადი. „ჭირშიც წასულხარ", კიდევ უფრო მძიმეა წყევლის ისეთი გამოხატულებები, როგორებიცაა: „შენ არ გაიხარე!", „შენ არ მენახე ცოცხალი!", „შენ არ დაბრუნდი სახლში ცოცხალი!", „შენ მოუკვდი დედაშენს!", „შენ მოისპე!", „შენ არ გამრავლდი!",
„შენ არ გაიზარდე!".

დალოცვა წყევლის საპირისპირო პროცესია. ეს არის
ლოცვის წარმოთქმა ანუ აღვლენა ვინმეს დასახმარებლად, გასაძლიერებლად, შესაწევნად. ლოცვის წარმოთქმისას ღმერთს ევედრებიან, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მისცეს ადამიანს, რომლის სახელზეც წარმოთქვამენ ლოცვის/დალოცვის სიტყვებს. სხვადასხვა სიტუაციაში დალოცვის სხვადასხვა სიტყვები გამოიყენება. მაგალითად, ქართულში შემორჩენილია საქორწილო რიტუალის შესრულებისას წარმოსათქმელი სიტყვები: „ღმერთმა ერთმანეთს შეგაბეროთ", „ღმერთმა გაგამრავლოთ" და ა.შ. საახალწლო სუფრაზე, ახალი წლის დადგომისთნავე, სუფრის წევრები ერთმანეთს ქართულ ტკბილეულს, გოზინაყს, სთვაზობენ და ეუბნებიან: „ასე ტკბილად დამიბერდი". მიცვალებულის ჭირისუფალს შემდეგი სიტყვებით მიმართავენ: „ღმერთმა გაკმაროთ". ავადმყოფს კი გამოჯანმრთელებას უსურვებენ: „მალე გამოჯანმრთელდი". ახალი ნივთის შეძენისას მიღებულია, რომ ნივთის პატრონს უთხრა „მშვიდობაში", ხოლო ახალი ტანსაცმლის შეძენისას შეგიძლიათ უთხრათ როგორც „მშვიდობაში", ისე „მზით გაცვითე". დალოცვის გავრცელებული ფორმულებია: „ღმერთმა გაგახაროს", „(ცუდი, ავი) ღმერთმა გაშოროს", „გაიხარეთ", „სიკეთე მოგცეთ ღმერთმა", „ღმერთმა გაგზარდოს", „ღვთის შეწევნა არ მოგაკლდეს", „ღმერთი შენკენ" და ა.შ.

დალოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თავისებური სახეობაა სადღეგრძელო, რომელსაც სუფრასთან მსხდომი მამაკაცები წარმოთქვამენ და ერთმანეთს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ. ქართულში სადღეგრძელოებს გარკვეული წესისა და რიგის მიხედვით წარმოთქვამენ.