კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

ადამიანები მოწონების, პატივისცემის აღფრთოვანების გამოსახატად ერთმანეთს ეუბნებიან საქებარ, სასიამოვნო სიტყვებსა და ფრაზებს. ამ გამონათქვამებს კომპლიმენტები ეწოდება. კომპლიმენტის ქართული შესატყვისია ქათინაური. ეს სიტყვა ახლა უკვე ნაკლებად გამოიყენება, მოძველებულია.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისას მთქმელი (ანუ კომპლიმენტის ავტორი) შესაძლებელია იყოს აბსოლუტურად ობიექტური, ანუ რაციონალური და სუბიექტური, ანუ ემოციური. თუმცა, ალბათ, გარკვეული ხარისხით სუბიექტურობას ყველა კომპლიმენტი შეიცავს.

არსებობს აზრი, რომ კომპლიმენტი ნებისმიერ სიტუაციაში სასიამოვნო მოსასმენია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სიამოვნებს, როდესაც აფასებენ, აქებენ, გამოხატავენ მოწონებას მის მიმართ, თუმცა, უნდა გავითვალიწინოთ, რომ კომპლიმენტის სწორად თქმასაც სჭირდება ცოდნა, უნდა შევარჩიოთ დრო, ადგილი, სიტუაცია, არ არის საჭირო გადაჭარბება.

რას ნიშნავს კარგი კომპლიმენტი? ჩვენი აზრით, კარგი კომპლიმენტი, პირველ რიგში, ადამიანის ინდივიდუალობას, მის განსაკუთრებულობას უნდა უსვამდეს ხაზს, მნიშვნელობა არა აქვს, ქათინაურს ადამიანის ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით ამბობთ თუ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს აქებთ.

რის შესახებ იღებენ ადამიანები კომპლიმენტებს ყველაზე ხშირად?

ქალები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარეგნობის შესახებ. ყველაზე გავრცელებული გამონათქვამებია: „ძალიან ლამაზი ხარ“; „როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურები“; „ფანტასტიკურად გამოიყურები“; „დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ“; „ულამაზესი ხარ“.

ხშირად შექების საგანი ხდება ადამიანის შინაგანი სამყარო, ხასიათი: „არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ“; „შენნაირ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ადვილია“; „ფანტასტიკური ხასიათი გაქვს“, „მომწონს შენი პრინციპულობა“ და ა.შ.

ნიჭიერება, განსაკუთრებული უნარი, შესაძლებლობები ხშირად ხდება ადამიანების აღფრთოვანების საგანი. ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული კომპლიმენტებია: „უნიჭიერესი ხარ“; „შენი შვილი ნამდვილი ვუნდერკინდია“; „გასაოცარი მეხსიერება გაქვს“; „ამდენის სწავლა როდის მოასწარი?“ და ა.შ.

ოჯახს და ოჯახის წევრებს ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ბუნებრივია, ქართულში, ისევე როგორც ყველა სხვა ენაში, არსებობს კომპლიმენტები, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ეუბნებიან: „არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ“; „თქვენი მეუღლე ძალიან სასიამოვნო ადამიანია“; „თქვენი შვილებით აღფრთოვანებული ვარ“; „მოხიბლული ვარ თქვენი ოჯახის წევრებით“ და ა. შ.

ბუნებრივია, სამსახური, პროფესიული საქმიანობა ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, პროფესიული აღიარება და შექებაც სასიამოვნოა. თუ გინდათ, რომ გამოხატოთ თქვენი მოწონება, მაგალითად, მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, უთხარით მას: „არაჩვეულებრივი მასწავლებელი ხართ“, ექიმს შეგიძლიათ უთხრათ: „ექიმად ხარ დაბადებული“, მზარეულს - „თქვენ მიერ მომზადებული საჭმლის გემოს დავიწყება შეუძლებელია“ და ა.შ.

ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ქალები, სამოსს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ჩასაცმელთან დაკავშირებული კომპლიმენტები კი კომპლიმენტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჩასაცმელთან დაკავშირებით ადამიანები ყველაზე ხშირად შემდეგი სახის კომპლიმენტებს ამბობენ: „ეს კაბა ძალიან გიხდება“; „ამ კოსტიუმში განსაკუთრებულად გამოიყურები“; „შენი ფერია“ ან „ეს ფერი ძალიან გიხდება“და ა.შ.

ზოგჯერ კომპლიმენტის ადრესატს ღირსების ხაზგასასმელად ადარებენ მის სფეროში ძალიან ცნობილ ადამიანს ან განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ პიროვნებას: „კარუზოს ხმა გაქვს“; „შუმახერივით ატარებ მანქანას“; „ნამდვილი მერილინ მონრო ხარ“.

კომპლიმენტის მიღების შემდეგ ადამიანები, როგორც წესი, იხდიან მადლობას. ზოგ შემთხვევაში ისინი კომპლიმენტზე კომპლიმენტითვე პასუხობენ. ასე მაგალითად: „_კარგად გამოიყურები"; "_დიდი მადლობა, შენც.“