გრამატიკა

IDevice Icon
განსაზღვრება

 

განსაზღვრება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც არსებითი სახელით აღნიშნულ საგანს რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს. მისი კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? სადაური? როდინდელი? ვისი? რისა?

 

მაგ.: წითელი კაბა, დიდი მინდორი, სამი მეგობარი, იქაური ამბავი, გუშინდელი დღე, ამხანაგის ტელეფონი, მინის ჭიქა...

წინადადებაში განსაზღვრება მსაზღვრელია. წინადადების წევრი, რომელსაც იგი უკავშირდება, რომელთანაც ის წყვილს ქმნის, საზღვრულია. საზღვრული შეიძლება იყოს: ქვემდებარე, ესა თუ ის დამატება, შედგენილი შემასმენლის სახელური ნაწილი და სხვ.

განსაზღვრება შეიძლება იყოს შეთანხმებული, მართული და მართულ-შეთანხმებული.

შეთანხმებული განსაზღვრება ბრუნვაში ეთანხმება საზღვრულ წევრს: დიდ-ი კაც-ი, დიდ-მა კაც-მა, დიდ კაც-ს...

მართული მსაზღვრელი არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმით გადმოიცემა: ხ-ის კოვზი, რკინ-ის კარი... ასეთი მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნვისას მსაზღვრელი უბრუნველი რჩება: ხის სახლი, ხის სახლმა, ხის სახლს...

თუ მართული მსაზღვრელ-საზღვრულის რიგს შევაბრუნებთ, მივიღებთ მართულ-შეთანხმებულ განსაზღვრებას: სახლ-ი ხისა, სახლ-მა ხისა-მ, სახლ-ს ხისა-ს...

ნათესაობით ბრუნვაში დასმული განსაზღვრება და უბრალო დამატება ფორმით ერთნაირია; მათი ერთმანეთისგან გასარჩევად უნდა ვიცოდეთ: თუ ნათესაობით ბრუნვაში დასმული მსაზღვრელი წყვილში შედის სახელთან, მაშინ ეს მსაზღვრელი განსაზღვრებაა: ხის სახლი, ვერცხლის ბეჭედი... თუ ის წყვილში შედის სახელზმნასთან (საწყისთან ან მიმღეობასთან) - უბრალო დამატება: სახლის აშენება... სახლის მშენებელი...

 

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P138/1

  • დაწერეთ ხუთი წინადადება შეთანხმებული მსაზღვრელის გამოყენებით.
  • დაწერეთ ხუთი წინადადება მართული მსაზღვრელის გამოყენებით.