კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

არსებობს მმართველობის რამდენიმე ფორმა. ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში მმართველობის განსხვავებული ფორმები იყო გაბატონებიული.

აბსოლუტიზმი წარმოადგენს მმართველობის ფორმას, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად ეკუთვნის ერთ პირს. აბსოლუტიზმი დამახასიათებელი იყო ევროპის სახელმწიფოებისათვის XVII და XVIII საუკუნეებში.

აბსოლუტური მონარქია თანამედროვე მსოფლიოში მეტად იშვიათად გვხვდება, ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებში. აბსოლუტური მონარქია ნიშნავს აბსოლუტურ ხელისუფლებას. მონარქის ხელშია თავმოყრილი მთელი სახელმწიფო ხელისუფლება. ამ ტიპის ქვეყნებში არ არსებობს პარლამენტი. მთავრობა ფორმირდება მონარქის მიერ და, შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ მეფის წინაშე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, იგი, როგორც წესი, არის მონარქის შვილი, ძმა ან სხვა ახლო ნათესავი. მონარქს ნებისმიერ დროს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია მთავრობის წევრების გადაყენება. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქი უმაღლესი სასულიერო პირიცაა, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს მონარქის ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას. აბსოლუტური მონარქიის ქვეყნებისათვის უცხოა კონსტიტუციის არსებობა, მაგალითად, ომანის სასულთანოში კონსტიტუციის მაგივრობას ყურანი ასრულებს. აბსოლუტური მონარქია არსებობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ამგვარი მონარქიული მმართველობა მოსახლეობის მიერ აღქმულია, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან ისინი იმყოფებიან სოციალურ-ეკონომიკური და რელიგიურ-ფსიქოლოგიური განვითარების ისეთ დონეზე, რომ სხვა მართვის ფორმები მათთვის უცხო და მიუღებელია.

ავტოკრატია სახელმწიფოს მმართველობის ფორმაა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის.

ავტორიტარიზმი არის მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც მოითხოვს და უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროზე გავლენას გულისხმობს - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები იდევნებიან. მოსახლეობის თავისუფალი საქმიანობა, განსაკუთრებით ეკონომიკური აქტივობები, არ იზღუდება. კერძო სამეწარმეო თუ კომერციული საქმიანობა დაშვებულია. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდში ჩილეში (1973 წლიდან) სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.

არისტოკრატია მმართველობის ფორმაა, რომლის დროსაც ძალაუფლება ეკუთვნით არისტოკრატებს, ანუ დიდგვაროვნებს.

რაც შეეხება დიქტატურას, ეს არის ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებაის სათავეში დგას დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით და არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული. მისი სინონიმია დესპოტიზმი.

კონსტიტუციური მონარქია არის მონარქიული მმართველობის ფორმა, რომელშიც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით. თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი კონსტიტუციურია. ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებში მონარქების პოლიტიკური ძალაუფლება მხოლოდ სიმბოლური ხასიათისაა. აქ თანმიმდევრულად არის გატარებული ხელისუფლების ორგანიზაციის, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული პრინციპი და, საერთოდ, კონსტიტუციური მონარქია დემოკრატიული მონარქიაა.

თეოკრატიული მმართველობის დროს უმაღლესი ხელისუფლება არის სამღვდელოება, რომელიც სახელმწიფოს მართავს უფლის სახელით, ხოლო მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპებისა და დოქტრინების მიხედვით.

ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირს, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან, კონფედერაცია ეწოდება.

მერიტოკრატია არის მმართველობის ისეთი ფორმა / სტრუქტურა, როდესაც ხდება თანამდებობების გადაცემა და პასუხისმგებლობა ენიჭებათ ადამიანებს მათ მიერ დემონსტრირებულ ტალანტსა და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით. მერიტოკრატიის დროს, საზოგადოება აჯილდოებს (სიმდიდრით, პოზიციით ან სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საკუთარ ტალანტსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრში გამარჯვებით. შეფასების სისტემები, როგორიცაა, მაგალითად, ფორმალური განათლება, პირდაპირ კავშირშია მერიტოკრატიულ შეხედულებებთან.

ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ გამოიყენეს ტერმინი ოლიგარქია, რაც ნიშნავს მმართველობის ფორმას, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მმართველობის ამგვარი ფორმის დროს ქვეყანა კონტროლდება რამდენიმე დაწინაურებული ოჯახის მიერ და კონტროლის მექანიზმები და გავლენა გადაეცემა თაობიდან თაობას.

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.

რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი არჩევითია, ხელისუფლება წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს.