კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველოში აღდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, შემოიღეს პრეზიდენტის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე საქართველოში უკვე მეოთხე პიროვნებაა.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში 1991 წლის აპრილში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შემოიღეს.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ქვეყნის წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებისას. საქართველოში პრეზიდენტი არჩევითი თანამდებობაა. პრეზიდენტს ირჩევენ ფარული კენჭისყრით საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე 5 წლის ვადით. გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული პრეზიდენტობის კანდიდატებთან მიმართებით: ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. აღნიშნული წესი შემოიღეს 2011 წლის 1 იანვრიდან. მანამდე პრეზიდენტად შეიძლება არჩეულიყო პირი, რომელსაც საქართველოში ნაცხოვრები ჰქონდა 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობდა საქართველოში.

ახალი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე პრეზიდენტის უფლებამოსილებები რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ის წარმართავდა და ახორციელებდა სახელმწიფოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას და იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისას. პრეზიდენტს ეკრძალებოდა პარალელურად სხვა თანამდებობის დაკავება. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შემოიღეს მთავრობის ინსტიტუტი. პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა მთავრობის სასარგებლოდ, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეინარჩუნა გარკვეული ფუნქციები; პარალელურად, პარტიული თანამდებობის დაკავება ნებადართული გახდა. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით კვლავ შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ამჯერად მთავრობისა და პარლამენტის სასარგებლოდ; პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება და კვლავ აეკრძალა პარტიული თანამდებობის დაკავება; პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დარჩა სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.

1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია, სულ მალე, 1991 წლის 26 მაისს, იგი დემოკრატიული გზით, საყოველთაო სახალხო კენჭისყრითაც აირჩიეს ამ თანამდებობაზე. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად, ზვიად გამსახურდიას საქართველოს დატოვება მოუხდა, რასაც მოჰყვა მისი მოწინააღმდეგეების მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება.

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ პრეზიდენტის ინსტიტუტი აღადგინა, რომლის საფუძველზეც, 1995 და 2000 წლებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ედუარდ შევარდნაძემ. ამ პოსტს იგი 2003 წლამდე იკავებდა, ხოლო 2003 წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ვადაზე ადრე დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა. 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს 2013 წლის 17 ნოემბრიდან.