გრამატიკა

IDevice Icon

 

დროის ზმნიზედები

ზმნიზედა ჰქვია სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც ჩვეულებრივ ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. ზმნიზედა, ჩვეულებრივ, წინადადებაში ზმნას ახლავს: მაგ., სამი ზმნიზედა ახლავს ზმნას ამ წინადადებაში: გუშინ იქ ძალიან ცხელოდა. პირველი ზმნიზედა აღნიშნავს, თუ როდის ცხელოდა, მეორე - სად ცხელოდა, მესამე - როგორ ცხელოდა.

ზმნიზედა იშვიათად შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც: ოდნავ წითელი, ძალიან თეთრი, ძალიან შორს.

შინაარსის მიხედვით ზმნიზედების რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა. დროის ზმნიზედებია: დღეს, ხვალ, ზეგ,მაზეგ, გუშინ; ახლა, მაშინ, შარშან, წელს, გაისად...

დროის ზმნიზედას დაესმის კითხვა როდის? (აგრეთვე: როდიდან? / რა დროიდან? როდემდე? / რა დრომდე?).

როდის? ხვალ

როდიდან? – ხვალიდან

როდემდე? – ხვალამდე...


  •   მოიძიეთ ტექსტში დროის ზმნიზედები და ამოიწერეთ.
  •   დაუსვით სათანადო კითხვები მოძიებულ ზმნიზედებს.
  •   შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 41P1


ზმნის პირიანობა (ს–წერს)

ქართულ ზმნას ახასიათებს ერთი თავისებურება: მას შეუძლია შეიწყოს არა მარტო ერთი, არამედ ორი და სამი პირიც კი.

ვიმალები _ ერთ პირს შეიწყობს და ეს პირი მოლაპარაკეა (I პირის ფორმა); გმალავ ასევე, მოლაპარაკე პირის მიერ ჩადენილ მოქმედებაზე მიუთითებს (მე გმალავ), მაგრამ ამ ფორმაში II პირიცაა ასახული: მე შენ გმალავ.

ზმნას სამი პირის შეწყობაც შეუძლია: ამათგან ერთი მოქმედია, მეორე _ სამოქმედო საგანი, მესამე კიდევ პირი, ვისაც ეს მოქმედება რაიმენაირად შეეხება. გიმალავ სამპირიანი ზმნაა _ მოქმედი პირველი პირია, სამოქმედო _ მესამე პირი (გიმალავ წიგნს); თანამოსაუბრე კი ის პირია, რომელსაც ეს მოქმედება მიემართება (შენ გიმალავ).

 

  •  მოიძიეთ ტექსტში ზმნები, რომლებიც 2 ან 3 პირს შეიწყობენ. ამოიწერეთ.

 

  •  მოძიებულ ზმნის ფორმებს მიუწერეთ შესაბამისი ნაცვალსახელები (პირები)

 

              ნიმუში: სტუდენტებსა და პროფესორებს ხვდებიან.

                             – ხვდებიან ისინი მათ...