კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

ჩემი სამსახური

მე ლაშა მქვია, ლაშა ბერაძე. ჩემი სამსახური, ეროვნული ბიბლიოთეკა, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მე ორი თვეა, დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ვარ კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი. ბიბლიოთეკის ყველა განყოფილებას უკვე თავისი კომპიუტერები აქვს.

მე და ჩემი კოლეგები ვზრუნავთ ბიბლიოთეკის კომპიუტერულ ქსელზე.

ჩემი სამუშაო დღე დილის ათ საათზე იწყება და საღამოს ექვს საათზე მთავრდება. ათს რომ ხუთი წუთი აკლია, მე უკვე სამსახურში ვარ.

ბიბლიოთეკაში ბევრი თანამშრომელია, მე უკვე ყველას ვიცნობ. მარტო ერთ თანამშრომელს არ ვიცნობ. ის დიდი ხანია აცდენს სამსახურს, ბიულეტენზეა, ავად არის.

მე ძალიან მომწონს ჩემი ახალი სამსახური.

·      ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები, დაწერეთ.

წერილობით უპასუხეთ კითხვებს:

ქალაქის რომელ ნაწილში მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკა?

რამდენი ხანია, რაც ლაშა ბიბლიოთეკაში მუშაობს?

რა თანამდებობაზეა ლაშა?

რაზე ზრუნავენ ლაშა და მისი კოლეგები?

რომელ საათზე მიდის სამსახურში ლაშა?

რატომ არ იცნობს ლაშა ერთ თანამშრომელს?

წაიკითხეთ ტექსტი:

მე მშენებელი ვარ და ვმუშაობ პრესტიჟულ სამშენებლო კომპანიაში. ჩვენი კომპანია აშენებს თანამედროვე კომფორტულ ბინებს.

ნიკა ფარმაცევტია. ის აფთიაქში მუშაობს. ნიკას აფთიაქი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, არასოდეს არ იკეტება, არც შესვენება აქვთ და არც დასვენების დღეებში კეტავენ აფთიაქს.

საავადმყოფოები, პოლიცია, რკინიგზა, აეროპორტი, რესტორნები და ზოგი სხვა დაწესებულება მთელი დღე-ღამე და მთელი წელი მუშაობს. მათი მომსახურება ადამიანს შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დასჭირდეს.

ნიკა მხატვარია და თავის სახელოსნოში მუშაობს. მას მოსწონს თავისი სახელოსნო.

ეკა პროფესორია, ის უნივერსიტეტში მუშაობს.ეკა ქართულს ასწავლის არაქართველ სტუდენტებს. ეკას სამსახური ქალაქის ცენტრშია.

ეკას ქმარი იურისტია. ის სასამართლოში მუშაობს. ეკას ქმარი ძალიან ცნობილი იურისტია.

ლია გამყიდველია. ის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს და ძალიან მოსწონს თავისი სამსახური. მის მაღაზიაში იყიდება კვების პროდუქტები და საოჯახო ნივთები. ლიას სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება და საღამოს 6 საათზე მთავრდება.

გურამი ბავშვთა ექიმია, პედიატრია. გურამის ცოლი თვალის ექიმია. გურამი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობს. ნათელა პოლიკლინიკის ექიმია. ორივე ძალიან კარგი ექიმია.

ლევანი ჟურნალისტია. ის ტელევიზიაში მუშაობს.

ლალი და ზურაბი მასწავლებლები არიან. ისინი სკოლაში მუშაობენ. ლალი ისტორიას ასწავლის, ზურაბი _ მათემატიკას.

ნათელა მკერავია. ის სახლში მუშაობს. ნათელა ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს კერავს. ნათელას ქმარი ახლა პენსიონერია. ადრე ის მეხანძრე იყო. მისი ძმა კი პოლიციაში მუშაობდა, პოლიციელი იყო.

ჩემი მეზობელი თეატრისა და კინოს მსახიობია. ის რუსთაველის თეატრის მსახიობია და ყველა იცნობს.

კარგია, როცა ადამიანს უყვარს თავისი სამსახური.

· ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

· შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.

· დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი.

· ტექსტიდან ამოიწერეთ პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვები. მიუწერეთ, რას აკეთებს თითოეული მათგანი.

ნიმუში: მე მშენებელი ვარ. ჩვენი კომპანია კომფორტულ ბინებს აშენებს...

უპასუხეთ კითხვებს:

რას საქმიანობს სამშენებლო კომპანია?

სად მუშაობს ნიკა?

სად მუშაობენ პროფესორები?

რა არის ეკას ქმრის პროფესია?

რა იყიდება ლიას სამსახურში?

როდის იწყება და მთავრდება ლიას სამუშაო დღე?

სად მუშაობენ ექიმები?

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 43P1