კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

წაიკითხეთ ტექსტი:

ერთ–ერთი ჟურნალის რედაქტორმა ჟურნალისტს დაავალა ინტერვიუს აღება ალენ დელონისაგან. ცნობილი ფრანგი მსახიობი მათ ქალაქში იყო ჩამოსული ორი დღით.

დავალება საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო, რადგან მსახიობს თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა.

ჟურნალისტი ახალგაზრდა გოგო იყო, ნინო.

რედაქტორის ოთახიდან გამოსული დიდხანს ფიქრობდა, როგორ აეღო ინტერვიუ ლეგენდარული მსახიობისგან. შევიდა თავის ოთახში, დარეკა პრესცენტრში და მოითხოვა ალენ დელონის დღის განრიგი თბილისში.

სულ მალე მან საჭირო ინფორმაცია მიიღო.

ნინომ ნახა, რომ შვიდ საათზე მსახიობი მიწვეული იყო კაფე „ქამელეონში“, სადაც კულტურული ღონისძიება იყო დაგეგმილი. ამ ღონისძიებაზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა.

ნინომ მოსაწვევი ვერ იშოვა. ყველა მოსაწვევი დარიგებული იყო.

საღამოს შვიდის ნახევრისთვის ნინო უკვე „ქამელეონთან“ იდგა და კაფეში შესვლას ცდილობდა.

უცებ დაინახა თავისი კლასელი, რომელიც კართან იდგა და ვიღაცას ელოდებოდა. ნინოს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა.

თეამ და ნინომ ერთმანეთი მოიკითხეს. აღმოჩნდა, რომ თეა მერიაში, კულტურის განყოფილებაში მუშაობდა და ახლა ამ ღონისძიებაზე იყო მოსული მოსაწვევით.

უცებ თეას ტელეფონმა დარეკა. თეას მეგობარი რეკავდა. ის მოსვლას ვერ ახერხებდა და თეა გააფრთხილა, აღარ დალოდებოდა.

თეა ძალიან გაბრაზდა მეგობარზე და მერე ნინოს შესთავაზა მოსაწვევი. ნინოს ძალიან გაუხარდა და თეასთან ერთად შევიდა კაფეში.

ლეგენდარული მსახიობი ძალიან საინტერესო და უშუალო ადამიანი აღმოჩნდა, გოგოებმა და მსახიობმა ბევრ საკითხზე ისაუბრეს. ცნობილ მსახიობს მოეწონა ახალგაზრდა და განათლებული ჟურნალისტი. საუბრის დროს ალენ დელონმა ახსენა ცნობილი ქართველი მწერალი ვაჟა–ფშაველა, რომლის ნაწარმოებებსაც თურმე ძალიან კარგად იცნობდა.

ნინომ ინტერვიუ სთხოვა და ალენ დელონი დასთანხმდა ათწუთიან ინტერვიუზე. იგი ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

ინტერვიუ ათი წუთის ნაცვლად ორმოც წუთს გაგრძელდა.

მეორე დღეს რედაქტორის მაგიდაზე იდო ინტერვიუ ალენ დელონთან.

ჟურნალის რედაქტორი ძალიან კმაყოფილი იყო: მის წინ იდო ერთადერთი ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მისცა ქართველ ჟურნალისტებს ფრანგმა მსახიობმა.

 

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

     რომელ მსახიობთან დაავალა ინტერვიუს აღება რედაქტორმა ჟურნალისტს?

 

რატომ იყო ძნელი რედაქტორის დავალების შესრულება?

სად შეხვდნენ ჟურნალისტი და მსახიობი ერთმანეთს?

რამდენი ინტერვიუ მისცა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 56P1

 

წაიკითხეთ ინტერვიუ ცნობილ ფრანგ მასახიობსა და მომღერალთან _შარლ აზნავურთან

 

ჟურნალისტი: ბატონო შარლ, თქვენ არაერთგზის დახმარებიხართ სომეხ ხალხს სტიქიური უბედურებებისა და სისხლიანი კონფლიქტების დროს. ყველას ახსოვს ის დიდი მორალური და მატერიალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ მიწისძვრით დაზარალებულ ლენინაკანელებსა და სპიტაკელებს აღმოუჩინეთ. ამჯერად რა მიზანს ისახავს თქვენი ვიზიტი?

შარლ აზნაური: ამჟამინდელი ვიზიტი ჩემი სომეხი კოლეგების მიერ არის ორგანიზებული; მე სტუმრად ვარ ჩემი წინაპრების სამშობლოში და ვაპირებ რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი გავმართო სომხეთის სხვადასხვა ქალაქში, მოვუსმინო სომეხ მომღერლებსაც, დავათვალიერო ისტორიული ძეგლები, შევხდე ადამიანებს, დავესწრო სახალხო დღესასწაულს, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.

ჟურნალისტი: როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ საქართველოში გამგზავრებასაც აპირებთ, ამის შესახებ რას გვეტყვით?

შარლ აზნაური: დიახ, დაგეგმილი მაქვს, მოვინახულო ჩემი მშობლების სახლი თბილისსა და მესხეთ-ჯავახეთში, სასაფლაო, სადაც ჩემი მშობლები და ნათესავები განისვენებენ. ერთმა ფრანგმა რეჟისორმა საქართველოში, კერძოდ თბილისში, რამდენიმე წლის წინ მხატვრული ფილმის ერთი ნაწყვეტი გადაიღო. მე შემთხვევით ვუსმინე ინტერვიუს ამ ფილმის რეჟისორთან, რომელმაც ახსენა, რომ ეს ნაწყვეტი გადაღებულია თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კერძოდ ლერმონტოვის ქუჩაზე. ეს სწორედ ის ქუჩაა, რომელზეც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მომენახულებინა ის ადგილები, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ.

 

 

  • რა გაიგეთ შარლ აზნაურის მონათხრობიდან? ჩამოაყალიბეთ პუნქტებად.
  • შეადგინეთ წარმოსახვითი ინტერვიუ თქვენს საყვარელ მსახიობთან ან სპორტსმენთან.

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 56P2