კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

გიორგი ჩემი კლასელია. ჩვენ ხუთი წლის წინ დავამთავრეთ თბილისის 34–ე საჯარო სკოლა და სწავლა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელეთ. მე ჩავირიცხე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, გიორგიმ კი ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. წელს ორივემ დავამთავრეთ ბაკალავრიატი და ახლა მაგისტრატურაში ვაგრძელებთ სწავლას.

გიორგი და მე გუშინ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და დიდხანს ვისაუბრეთ. გიორგი სამსახურიდან მოდიოდა, მე კი _ ლექციებიდან.

ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე ერთ–ერთ კაფეში დავსხედით და დიდხანს ვიხსენებდით ჩვენს ბავშვობას, მეგობრებს. მერე მე გიორგის მისი პროფესიის შესახებ ვკითხე, სად მუშაობდა, რას აკეთებდა.

გიორგიმ მითხრა, რომ მაგისტრატურაში საფინანსო ეკონომიკის განხრით აირჩია ლექციები და პარალელურად მუშაობდა ბანკში.

მე ზერელე წარმოდგენა მქონდა ეკონომიკის დარგების შესახებ და ვთხოვე უფრო დაწვრილებით აეხსნა ჩემთვის.

გიორგიმ კაფეში მინილექცია ჩამიტარა. მან მითხრა, რომ ტერმინი ეკონომიკა ბერძნული იყო და საოჯახო მმართველობას ნიშნავდა, თუმცა, ისიც დაამატა, რომ ახლა ის შეიძლება აღნიშნავდეს ქვეყნის მეურნეობას, წარმოებას, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობას ან მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს.

გიორგიმ იმდენი ტერმინი გამოიყენა, რომ დამაბნია. მე, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოქალაქეს, გარკვეული ინფორმაცია მქონდა ეკონომიკის შესახებ, ვიცოდი, რომ ეკონომიკა სახელმწიფოს არსებობის ერთ–ერთი პირობაა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მისი სიძლიერის გარანტიაა. რაც უფრო მეტია ქვეყანაში მსხვილი თუ მცირე საწარმო, მით უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული, მით უფრო მეტადაა ეკონომიკური ურთიერთობები განვითარებული.

გიორგის თვითონ გაეცინა თავის ლექციაზე, მერე კი მთხოვა დამეზუსტებინა ჩემი კითხვა.

მე ვუთხარი, რომ ჩემი და იყო აბიტურიენტი და აპირებდა ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას, ამიტომ მაინტერესებდა, გარდა საფინანსოსი, კიდევ რა დარგები შეეძლო სტუდენტს შეესწავლა.

გიორგიმ დააკმაყოფილა ჩემი ინტერესი და მითხრა, რომ ეკონომიკის ფაკულტეტი მრავალპროფილიანი იყო. ის ამზადებდა კადრებს ეკონომიკის ყველა სფეროსათვის. სტუდენტები სწავლობდნენ მაკროეკონომიკასა და მიკროეკონომიკას.

მათ შეეძლოთ აერჩიათ პროფესიად ეკონომიკური გეოგრაფია, საერთაშორისო ეკონომიკა, საინფორმაციო ეკონომიკა, სამხედრო ეკონომიკა, საფინანსო ეკონომიკა და სხვ.

ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ იმ საღამოს, გიორგიმ ძალიან აქო თავისი პროფესია და მირჩია ნინოსაც ეკონომიკის ეს დარგი აერჩია.

გვიანი იყო, სახლში რომ დავბრუნდი, ნინო ისევ მეცადინეობდა, მე მოვუყევი ჩემი და გიორგის საუბრის შესახებ და გიორგის რჩევაც გადავეცი.

ნინო ყურადღებით მისმენდა და ბოლოს მითხრა, რომ მართლა საინტერესო იქნებოდა საფინანსო ეკონომიკა, თუმცა, როცა სტუდენტი გახდებოდა და გაეცნობოდა ეკონომიკის დარგებს უფრო კარგად, არჩევანს მაშინ გააკეთებდა.

მე უსიტყვოდ დავეთანხმე ნინოს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

       _ ვინ არის გიორგი?

        _რომელ ფაკულტეტზე ჩააბარა გიორგიმ?

       _ სად მუაობს გიორგი?

       _რა თემაზე აატარა მინილექცია გიორგიმ?

      _ რა ურჩია გიორგიმ ავტორს?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 68P1