კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

გიორგი ისტორიკოსია. ის საქართველოს ისტორიის სპეციალისტია.

ის სწავლობს საქართველოს პოლიტიკას მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში.

ამჟამად ის მეფე ვახტანგ VI–ის მეფობის პერიოდს იკვლევს და განსაკუთრებითაა დაინტერესებული სამეფო კარის ევროპასთან ურთიერთობის შესწავლით. ის ამ მიზნით ევროპაშიც იყო, შეისწავლა საფრანგეთის სამეფო კარისა და ვატიკანის არქივში დაცული საბუთები და ახალი ფაქტების საფუძველზე აპირებს გამოსცეს ახალი ნაშრომი.

ამავე დროს მას შესწავლილი აქვს საქართველოში იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობის ფაქტები.

რამდენიმე დღის წინ მან საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში საინტერესო დოკუმენტს მიაგნო.

ეს იყო ირანის შაჰის წერილი ვახტანგ მეექსვსისადმი. წერილი, რა თქმა უნდა, სპარსულ ენაზე იყო დაწერილი. გიორგიმ კარგად არ იცის სპარსული და გაუჭირდა ტექსტის გაგება, ამიტომ თავის მეგობარს, მერაბ იაშვილს სთხოვა დახმარება.

მერაბი ირანისტია და სპარსული ენიდან თარგმნის ქართულად ძველ ირანულ ტექსტებს. ამიტომ მას არ გაუჭირდებოდა ამ ტექსტის გარკვევა.

როცა გიორგიმ დაურეკა, მერაბი შეწუხდა, რადგან მეორე დღეს ირანში აპირებდა გამგზავრებას ერთი თვით. მერაბი დაჰპირდა, რომ ჩამოსვლისთანავე ნახავდა ამ წერილს და თარგმნიდა.

გიორგის სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დალოდებოდა ერთი თვე, მაგრამ იმ წუთას ახალი აზრი გაუჩნდა, მერაბს სთხოვა, თუ დრო ექნებოდა, თეირანის ბიბლიოთეკის კატალოგში დაეძებნა თუ არსებობდა ახალი, აქამდე უცნობი დოკუმენტები საქართველოსა და სპარსეთის იმ პერიოდის ურთიერთობის შესახებ.

მერაბი სიამოვნებით დასთანხმდა ამ თხოვნას.

გიორგიმ გადაწყვიტა ამ ერთი თვის განმავლობაში რუსულ წყაროებზე ემუშავა და ამისთვის საჭირო იყო კარგად შეესწავლა ყველა დოკუმენტი, რაც კი პეტერბურგის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიძია რამდენიმე თვის წინ.

გიორგის აოცებდა საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი თავისი წინააღმდეგობებითა და თავისებურებებით.

ეს იყო მეცნიერებისა და კულტურის განვითარების თვალსაზრისით საოცრად ძლიერი ეპოქა და, სამწუხაროდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, _ სუსტი.

ამ პერიოდს აღორძინების ხანის პერიოდს უწოდებენ მეცნიერები, რადგან მეცნიერების უამრავი დარგი აღორძინდა და განვითარდა, საქართველოში გაიხსნა სტამბა, რომელშიც 1709 წელს დაიბეჭდა მათეს სახარება, 1712 წელს კი _ ვეფხისტყაოსანი.

სამწუხაროდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ევროპასთან კავშირის ძებნამ რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობის სურვილმა სპარსეთის შაჰის გულისწყრომა გამოიწვია, ამას თან დაერთო შიდა არეულობა, მტრობა, რამაც საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, მეფე ვახტანგმა დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გარდაიცვალა, ქალაქ ასტრახანში.

ერთი სიტყვით, გიორგის ძალიან საინტერესო და უამრავი ინფორმაციით დატვირთული სამუშაო აქვს, რომელიც დიდ ყურადღებასა და შრომას ითხოვს მისგან.

მას იმედი აქვს, რომ მალე დაამუშავებს ახალ ფაქტებს და შეძლებს გამოსცეს ნაშრომი, რომელშიც ახალი თვალსაზრისით იქნება განხილული და შეფასებული ეს ეპოქა.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • გადმოეცით წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

  უპასუხეთ კითხვებს:

  _რა პროფესია აქვს გიორგის?

_რისი სპეციალისტია გიორგი?

_საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს შეისწავლის გიორგი?

_სად იყო გიორგი ვახტანგ VI–ის მეფობის შესწავლის მიზნით?

_რას მიაგნო გიორგიმ? სად?

_რა ენაზე იყო დაწერილი წერილი?

_როგორი იყო საქართველო მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში?

_სად გარდაიცვალა მეფე ვახტანგი?

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 69P1