კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ავეჯის უძველესი ნიმუშები არქეოლოგებმა ეგვიპტურ სამარხებში იპოვეს. ძველ რომში ავეჯი ყველას ჰქონდა. მდიდრებსაც და ღარიბებსაც.
დღეს ავეჯს აკუთვნებენ აუდიო და ვიდეო ტექნიკაც. ავეჯის შესარჩევად სულ უფრო ხშირად მიმართავენ დიზაინერებს.

აზიურ ავეჯსაც თავისი ისტორია აქვს. ტრადიციული იაპონური ავეჯის შესაქმნელად ძირითადად გამოიყენება ხის მასალა. დღეს იაპონიაში პოპულარულია რკინის დეკორაციული ავეჯი.

ჩინური ავეჯის დამზადებისას იყენებენ დაუმუშავებელ ხეს, ბამბუკსა და ლაქს.

ავეჯის მასალა

ავეჯი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისაგან, მეტალის, პლასტიკატისა და ხისგან. ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება ხე-ტყე, ბამბუკი, მინა, ლითონი პლასტმასი და სხვა მრავალი მასალა.

ავეჯი შეიძლება იყოს:

საყოფაცხოვრებო,
საოფისე,
სპეციალური _ სხვადასხვა დაწესებულებისთვის,

საბავშვო _ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის.

ავეჯი შეიძლება იყოს ძვირფასი, საშუალო დონის და იაფი.

ავეჯი სხვადასხვაგვარი დანიშნულებისაა:

ჯდომისათვის განკუთვნილი ავეჯი (სკამები, სავარძლები, ტახტი),
საწოლი ავეჯი (დივანი, საწოლი),
შესანახი ავეჯი (გარდერობი ტანსაცმლის შესანახი ავეჯი, წიგნების შესანახი ავეჯი, ჭურჭლის შესანახი ავეჯი და სხვ.).

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • მოცემულ ტექსტს არ აქვს სათაური. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დავარქვათ ამ ტექსტს სათაურად?

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • როგორი შეიძლება იყოს ავეჯი?

     მასალის მიხედვით, ფასის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, დანიშნულების მიხედვით.

 

წაიკითხეთ ტექსტი და გადმოეცით თქვენი სიტყვებით მოკლე შინაარსი

ძველებური ავეჯი

ამ ადგილს სხვაგვარად ძველმანების ქუჩასაც ეძახიან. აქ ხალხის ძველებური ავეჯისა და ნივთების საყიდლად დადის. ზოგი ძველებურ ავეჯსა და ნივთებს ახლის შესაქმნელად ყიდულობს, ზოგი - აგარაკების მოსაწყობად, ზოგიც მეორად ავეჯს ძველებური სტილი კაფე-ბარების გასაფორმებლად ან თეატრისა და კინოს რეკვიზიტებისთვის ყიდულობს.

თამარ ხუხუნაშვილი (ძველი ავეჯით მოვაჭრე): "ეს ნივთები ხალხს ოჯახიდან გამოაქვს და ყიდის. ფულს მხოლოდ მაშინ ვუხდით, როცა ნივთი იყიდება. ეს არ არის ანტიკვარების მაღაზია, სადაც ავეჯი ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენთან ყველაზე ძვირი ნივთი შესაძლოა 500 ლარამდე ღირდეს, ყველაზე იაფი ნივთი ფასი კი 5 ლარიდან იწყება. ერთი და იგივე ნივთი შესაძლოა სხვადასხვაგვარად შეაფასოს მფლობელმა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად მას რამდენად უღირს ეს ნივთი. ყველაფერი მოაქვთ შინიდან: ავეჯი, ჭურჭელი, სურათის ჩარჩო, ძველი რადიო და სხვ. ძველ ნივთებს კი თავისი მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად, ძველი ავეჯი ძალიან სწრაფად იყიდება.

ოცი წელიწადია, ადამიანებს ძველი ნივთები გამოაქვთ გასაყიდად და უკვე ცოტაა ასეთი ქონება დარჩენილი. ზოგი ამ ნივთებს საჩუქრად ყიდულობს, ორიგინალურია და სხვაგან ვერსად ნახავთ."
ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში გუგა კოტეტიშვილი დამხვდა, ძველ ნივთებს ათვალიერებდა. გამყიდველმა მითხრა: შეიძლება ორლარიანი რაღაც იყიდოს და მერე ისეთი რამ გააკეთოს, რომ ვერაფრით წარმოიდგენ, თუ მისგან შექმნაო.

გუგა კოტეტიშვილი (მხატვარი-დიზაინერი): "მე სულ აქ დავდივარ და აქ ვყიდულობ ბევრ რამეს. როცა ნივთს ვხედავ, მაშინვე ვხვდები, რა შეიძლება მისგან შევქმნა. სხვათა შორის, ერთხელ პარიზში მოვხვდი ძველმანების ბაზრობაზე. იმხელა ბაზრობაა, ლამის მთელი ქალაქია, სადაც ასეთი ძველი ნივთებით ვაჭრობენ. რა არ იყიდება, შუა საუკუნეების ქვის კიბიდან და ავეჯიდან დაწყებული, ძველებური მაქმანებით დამთავრებული. მაგრამ იქ ძველი ნივთების ყიდვის ინტერესი გამიქრა. იმდენია და ისეა დახარისხებული, კონკრეტულად უნდა იცოდე, რა გჭირდება, რათა ნივთს მიაგნო. აქ კი ყველაფერი ერთად იყიდება. ინტერესიც ის არის, რომ ძველ ნივთებს შორის რაღაც საინტერესოს მოძებნი კიდეც.
ასეთი ნივთები, ავეჯი აღარ კეთდება... არადა, ეს ძველი ნივთები ჩემთვის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე თანამედროვე... რაც მთავარია, ყველა იმ ნივთით, რომელსაც აქ ვყიდულობ, ვსარგებლობ და მხოლოდ დეკორისთვის არ ვიყენებ. შემდეგ, როცა ტყდება ან ზიანდება, მისგან სხვა რამეს ვაკეთებ. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს და შეიძლება ძველი ნივთი თანამედროვე ინტერიერსაც შეუხამო".

ძველმანებით ვაჭრობა თბილისის ძველ უბანში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე პატარა ქუჩებზეა გაჩაღებული. რამდენიმე მაღაზია ერთმანეთის მიყოლებით გაუხსნიათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თბილისის ამ უბანში ფართის დაქირავება უფრო იაფია, თანაც უმეტესად სწორედ ძველი თბილისის მცხოვრებლებშია შემორჩენილი ძველი ნივთები, მომხმარებელმა კი ზუსტად იცის, სად უნდა მიაკითხოს. ამბობენ, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება და ძველი ნივთებით ვაჭრობის ქუჩის სტატუსს ის ოფიციალურად შეიძენს.


უპასუხეთ კითხვებს:

_რისი ყიდვა შეიძლება ძველმანების ქუჩაზე?

_საიდან მოაქვთ მეორადი ნივთები გასაყიდად?

_რა არის საქონლის მინიმალური ფასი, ამ ტექსტის მიხედვით?

_რომელი წლიდან ვაჭრობენ ამ ქუჩაზე ძველებური ნივთებით?