კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

წვეულება არის დაპატიჟებული ხალხისთვის გამართული დროსტარება. ქართულ ენაში წვეულების სინონიმებია ლხინი და ნადიმი.

წვეულება იმართება რამე მოვლენის აღსანიშნავად, იქნება ეს ვინმეს იუბილე, წარმატება, ქორწილი ან სხვა სასიამოვნო ამბავი.

წვეულება შეიძლება გაიმართოს სახლშიც და რესტორანშიც.

ყველა ეროვნების ხალხს წვეულების გამართვის თავისი წესი აქვს.

წვეულების დროს სტუმრებს იღებს მასპინძელი. ის ცდილობს ყველა სტუმარმა კარგი დრო გაატაროს. სტუმრები მაგიდის ირგვლივ სხდებიან და სადღესასწაულო კერძებს მიირთმევენ.

ზოგჯერ წვეულების დროს სტუმრები მასპინძლებთან ერთად ფეხზე დგანან. მაგიდა გაწყობილია და მათ შეუძლიათ აიღონ, რაც მოესურვებათ, იქნება ეს სასმელი თუ რამე საჭმელი. ასეთ სუფრას ფურშეტს უწოდებენ.

წვეულებაზე მოსული ხალხი ერთობა, ცეკვავს, მღერის, ატარებს დროს.

ზოგჯერ წვეულება რესტორანში იმართება. ამ დროს სუფრასთან მსხდომ სტუმრებს რესტორნის თანამშრომლები ემსახურებიან.

წვეულებაზე მისულმა სტუმარმა უნდა დაიცვას ეტიკეტი.

სიტყვა ეტიკეტი მე–17 საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრდა. მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის მიერ გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე სტუმრებს ბარათები დაურიგეს, რომლებზეც სუფრასთან ქცევის ზოგიერთი სავალდებულო წესი იყო ჩამოთვლილი.

ფრანგულად ეტიკეტი ბარათს ნიშნავს.

სუფრასთან ყოფნის დროს საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:

უნდა დაჯდე მას შემდეგ, რაც მასპინძლები დასხდებიან.
ხელსახოცი უნდა გაშალო და კალთაზე დაიდო.
უნდა დაელოდო, სანამ ყველა დაჯდება მაგიდასთან და შემდეგ შეუდგე ჭამას.
უნდა მიირთვა პატარა ლუკმები ისე, რომ ღეჭვის დროს პირი მოკუმული გქონდეს.
უნდა ჭამო ნელა და მშვიდად.

არ უნდა იჯდე მაგიდასთან წელში მოხრილი.
არ უნდა ილაპარაკო ხმამაღლა.

სუფრასთან მოქცევის წესებს ადამიანები ბავშვობაშივე სწავლობენ. ამას ასწავლიან ოჯახში, სკოლაში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   ჩამოთვალეთ წესები, რომლებიც წვეულებაზე უნდა დაიცვათ.

  •   ხელმეორედ წაიკითხეთ ტექსტი და გადმოეცით თქვენი სიტყვებით მოკლე შინაარსი.

  •   ალბათ ყოფილხართ რომელიმე წვეულებაზე. გადმოეცით თქვენი სიტყვებით, რა წვეულება იყო, როგორ ჩატარდა, როგორი დრო გაატარეთ (წერითი დავალება).

  •   უპასუხეთ კითხვებს:

 _რა არის წვეულება?

_რა არის წვეულების სინონიმები ქართულში?

_სად შეიძლება გაიმართოს წვეულება?

_ვინ იღებს წვეულებაზე სტუმრებს?

_რას აკეთებს წვეულებაზე მოსული ხალხი?

_რა არის ეტიკეტი? რას ნიშნავს ეტიკეტი ფრანგულად?

 

წაიკითხეთ ტექსტი

ელჩი წვეულებაზე


კარლოს ძლიერმა ბიზანტიის იმპერატორთან თავისი ერთი დიდებული ადალ ჰარდი გაგზავნა ელჩად.

იმპერატორმა ღირსეულად მიიღო ელჩი და სადილად მიიწვია.

სადილად თევზი მიართვეს. მათ თურმე ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: კონსტანტინოპოლის სასახლეში ვინც რა საჭმელს შეეხებოდა თავისი ჩანგლით, უნდა აეღო კიდეც; სხვა შემთხვევაში მოკლავდნენ.

ადალ ჰარდმა არ იცოდა ეს წესი, ჩანგლით ერთ ნაჭერს შეეხო, არ მოეწონა და მეორე ნაჭერი გადაიღო.

ბიზანტიელი დიდებულები აყვირდნენ: სიკვდილი უზრდელს, სიკვდილი!

იმპერატორი შეწუხდა, არ იცოდა, რა ექნა. ბოლოს მიუბრუნდა ელჩს და უთხრა:

_ვწუხვარ, უცხოელო, მაგრამ ჩემს დიდებულებს ვერ ვუღალატებ, უნდა მოკვდე, მაგრამ ვფიცავ, სიცოცხლის გარდა რაც გნებავს, მთხოვე და შეგისრულებ.

_სიკვდილის მხდალებს ეშინიათ, ხელმწიფეო, _ მოახსენა მშვიდად ადალ ჰარდმა, _ მე მზად გახლავართ, ჩემი თხოვნაა თვალები დასთხაროთ იმათ, ვინც ჩემი შეცდომა დაინახა და მერე მე მომკლათ.

_ვფიცავ! _ წამოიძახა აღელვებულმა იმპერატორმა, _ მე არაფერი დამინახავს და მხოლოდ ჩემი დიდებულების სიტყვით გსჯი.

_თქვენ დედოფალო? _მიუბრუნდა მერე მეფე დედოფალს, _ თქვენ დაინახეთ?

_არა, ხელმწიფეო, მე ამ ქალებს ველაპარაკებოდი და მხოლოდ ხმაურზე მოვიხედე. _ უპასუხა დედოფალმა.

_თქვენ, ბიძაჩემო?

_მე ზღვას ვუყურებდი, ძალიან ლამაზია მზის ჩასლისას ჩვენი მშვენიერი ზღვა და ამიტომ აქ რაც მოხდა, არ დამინახავს.

სუფრაზე მყოფმა ყველა დიდებულმაც თქვა, რომ არავის არაფერი დაუნახავს.

ასე გადარჩა მოხერხებული ელჩი სიკვდილს და დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   გადმოეცით წერილობით ტექსტის მოკლე შინაარსი.

  •   როგორ შეაფასებდით ელჩის საქციელს? დაწერეთ.