კითხვა / წერა

IDevice Icon


 

 

წაიკითხეთ ტექსტი

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა კლიმატია. ზოგან სულ ზამთარია, ზოგან _ სულ ზაფხული, ზოგ ადგილას წელიწადის ოთხივე დრო დგება, ზოგან კი მხოლოდ გაზაფხული და შემოდგომაა.

საქართველოში მრავალფეროვანი კლიმატია. აქ წელიწადის ოთხივე დროა: გაზაფხული ზაფხული, მერე შემოდგომა და ბოლოს ზამთარი. ჰავა ზომიერია. ამისი მიზეზი არის მისი მდებარეობა და შავი ზღვა.

საქართველოში არის სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური.

აღმოსავლეთ საქართველოში არის მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი შედარებით თბილი ზამთრითა და საკმაოდ ცხელი ზაფხულით.

დასავლეთ საქართველოში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ხშირია წვიმები.

მთაში მკაცრი კლიმატია, სამხრეთ საქართველოს ჰავა კონტინენტურია. ამ კუთხეში ცივი ზამთარი და გრილი ზაფხულია.

თუმცა ბოლო დროს, ისევე, როგორც მთელ დედამიწაზე, კლიმატი აქაც იცვლება. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

გლობალური დათბობა არის დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობითი ზრდა. ეს პროცესი დაახლოებით 1750 წლიდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. თავიდან ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მერე მეცნიერები შეშფოთდნენ, ბოლოს კი გამოსავლის ძებნა დაიწყეს. გლობალური დათბობა ოცდამეერთე საუკუნის პრობლემაა.

გლობალური დათბობის მიზეზი ინდუსტრიის, მრწველობის განვითარებაა. შეიცვალა ჰავა: იქ, სადაც ცივი ზამთარი იცოდა, ახლა შედარებით თბილი ზამთარია. ზაფხული კი – ძალიან ცხელი.

რამდენიმე წლის წინ ევროპასა და ამერიკაში ძალიან ცხელი ზაფხული იყო. უამრავი ადამიანი დაიღუპა სიცხისგან.

განსაკუთრებით ცხელოდა საფრანგეთში. აქ ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სიცხისაგან.

საქართველოშიც ძლიერია კლიმატური ცვლილებები: დათბობის გამო აიწია ზღვის დონემ. კლიმატის ცვლა სტიქიური მოვლენების რაოდენობას ზრდის. ხშირია გვალვა და წყალდიდობა. მცირდება მოსავალი სოფლის მეურნეობაში. მცირდება მყინვარები, იზრდება დაავადებათა რიცხვი.

მეცნიერები ცდილობენ შეაჩერონ გლობალური დათბობის პროცესები, თუმცა არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ რა უფრო სწორია: ეცადო შეაჩერო დათბობა თუ შეეგუო ცვლილებებს, ახალ გარემოს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • გადმოეცით წერილობით ტექსტის მოკლე შინაარსი.

 

 

  • დაწერეთ, როგორ იცვლება სეზონების მიხედვით ამინდი თქვენს რაიონში. გამოიყენეთ ახალი სიტყვები და ფრაზები.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რამდენი სეზონია საქართველოში?

_როგორ შეცვალა კლიმატი გლობალურმა დათბობამ?

_რა შედეგით დასრულდა დიდი სიცხე საფრანგეთში?

_რაზე არ აქვთ ზუსტი პასუხი მეცნიერებს?

 

წაიკითხეთ ტექსტი

ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებებზე


ადამიანის საქმიანობა ცვლის გარემოს. ხშირ შემთხვევაში ადამიანების გავლენა პირდაპირია, ზოგჯერ კი _ ირიბი.

მრავალი წელი დაობდნენ ადამიანის ჩარევით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებზე. იყო უამრავი ჰიპოთეზა. უკანასკნელ წლებში კი მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანი ყველაზე მეტად თავისი საქმიანობით ახდენს გავლენას გლობალური საშუალო ტემპერატურის სწრაფ ზრდაზე. საჭიროა მოხდეს უკვე არსებულ ცვლილებებთან შეგუება და პროცესის შენელება.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის გაზრდილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში ბუნებრივი საწვავის, ოზონის ხვრელის, ტყეების გაჩეხვის ხარჯზე. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლივად მონაწილეობს მიკროკლიმატის და შემდგომში გლობალური კლიმატის ჩამოყალიბებაში და, ცხადია, თითოეული მათგანის ცვლილება ადრე თუ გვიან გავლენას ახდენს კლიმატზე.

 

კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე


კლიმატის ცვლილება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეეგუოს კლიმატის კომპონენტების ცვლილებას, თუმცა ადაპტაციის პროცესი არც ისე მარტივია. იმატა სიღარიბის დონემ, ხშირია კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისული პერიოდები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა დაავადების რისკი, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ვირუსული პათოლოგიები.
ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორებიცაა: მალარია, ნილოსის დასავლური ვირუსი, ლაიმას დაავადება. ცნობილია, რომ 1980 წლის შემდეგ ამერიკის კონტინენტზე ასთმით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა ოთხჯერ. ეს ზრდა თანაბრად შეეხო როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს. აღნიშნული ფაქტი განაპირობა ახალმა საავტომობილო საშუალებებმა, საწარმოო დანადგარების გამონაბოლქვის ღრუბლებმა. მცენარეები, ნიადაგი და წყალი უფრო მეტად ბინძურდება.

 

მაინც რას გულისხმობს დედამიწაზე გლობალური დათბობა?

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის მატება გამოიწვევს ზღვის დონის აწევას, გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურიაგლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებთან.

უპასუხეთ კითხვებს:

_ამ ტექსტის მიხედვით, რა ცვლის გარემოს?

_რით ახდენს გავლენას ადამიანი გარემოზე?

_განსაკუთრებით რომელმა დაავადებებმა მოიმატა კლიმატის ცვლილების შედეგად?

_რას ითვალისწინებს კიოტოს შეთანხმება?

 

  • მოცემული ტექსტი სამი ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილში მოძებნეთ და ამოიწერეთ საკვანძო წინადადება - ანუ წინადადება, რომელიც ძირითადია, მთავარია ამ ტექსტში.

 

ნიმუში:
 
ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

 


მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანი ყველაზე მეტად თავისი საქმიანობით ახდენს გავლენას გლობალური საშუალო ტემპერატურის სწრაფ ზრდაზე.

 

  • ტექსტის მიხედვით, მოიყვანეთ არგუმენტები (დამამტკიცებელი საბუთები, ფაქტები, მოსაზრებები...), თუ რა ზეგავლენას ახდენს კლიმატი ადამიანის ჯანმრთელობაზე.