კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

ტელევიზია არის კავშირგაბმულობის საშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადი ხმოვანი გამოსახულებების შორ მანძილზე ტრანსლირებისთვის.

მანძილზე გამოსახულების გადაცემა კაცობრიობის დიდი ხნის ოცნება იყო.

გამოსახულების ელექტრონული გზით გადაცემის პირველი პროექტები ტელეგრაფის გამოგონებისთანავე გამოჩნდა, შეიქმნა მეცნიერება ტელევიზიის შესახებ, რომელმაც დიდი წარმატებებს მიაღწია.

სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს 1920-იანი წლებიდან. ტელევიზია გახდა აქტუალური ყველა სფეროში, თუმცა ძირითადად სანახაობრივი და საინფორმაციო ფუნქცია მიიღო. ბოლო წლებში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა ინტერნეტ ტელევიზია.

საქართველოში 1956 წლის 30 დეკემბერს ამუშავდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემები.

პირველი ტელეგადაცემა საქართველოს ისტორიაში დაიწყო საღამოს რვა საათზე. ლია მიქაძე, ტელევიზიის პირველი დიქტორი, პირდაპირი ეთერით მიესალმა მაყურებელს: საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ თბილისის ტელესტუდიის გახსნას”.

ამ მოვლენამდე 6 თვით ადრე თბილისსა და რუსთავში გაიყიდა 3500 შავ-თეთრი ტელევიზორი. მისი ფასი 200 მანეთი იყო.

თბილისის პირველი ტელემაყურებლები იყვნენ იტალიური ეზოს მაცხოვრებლები. ეზოში გამოტანილი იყო ტელევიზორი, რომელსაც მეზობლები ერთად უყურებდნენ.

ტელეგადაცემები თავიდან გადიოდა კვირაში ოთხჯერ, 1961 წლიდან დაიწყო ყოველდღიური გადაცემები. პირველი ტელეგადაცემები იმ პერიოდში პირდაპირი ეთერით გადიოდა, რადგან არ არსებობდა ჩამწერი აპარატურა.

პირველი ტელესტუდია მთაწმინდაზე იყო განთავსებული. ეს იყო ერთი პატარა სტუდია, ერთი პატარა კამერით.

პირველი ტელეგადაცემები 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მთაწმინდის ტელესტუდიიდან.

1968 წელს დაიწყო ფერადი ტელევიზიის რეგულარული გადაცემები.

· 1972 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე დამთავრდა ახალი მრავალპროგრამიანი სატელევიზიო ანძის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 274,5 მეტრია, ხოლო ზღვის დონიდან 993,5 მეტრი. ეს ანძა არის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო.

ტექნოლოგიების განვითარება ტელევიზიასაც დაეტყო. ტელეინდუსტრია დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე ის ადრე იყო.

ტელევიზია ინფორმაციის გადაცემის უსწრაფესი საშუალება გახდა. პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტელევიზიის მნიშვნელობას უფრო მეტად ზრდის.

საქართველოში უამრავი არხი მუშაობს, რა თქმა უნდა, ტექნიკური შესაძლებლობებიც უფრო მეტია და, შესაბამისად, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გადაცემებია.

ყველა არხს ჰყავს თავისი მაყურებელი, ზოგს უფრო მეტი ჰყავს, ზოგს – ნაკლები. მაყურებელს შეუძლია გადართოს ნებისმიერ არხზე და თავისთვის საინტერესო გადაცემას უყუროს.

ტელეინდუსტრია ყველა ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • ტექსტიდან ამოიწერეთ სიტყვები რომლებითაც ლია მიქაძემ მიმართა ტელემაყურებლებს.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

  _რა არის ტელევიზია?

_რა იყო კაცობრიობის დიდი ხნის ოცნება?

_როდიდან იწყება სატელევიზიო მაუწყებლობა?

_რომელ წელს ამუშავდა თბილისის ტელეცენტრი?

_ვინ იყო საქართველოში პირველი ტელეგადაცემის წამყვანი?

_რა ღირდა პირველი ტელევიზორები თბილისში?

_როდის შემოვიდა საქართველოში ფერადი ტელევიზორები?

_რისი საფუძველია ტელეინდუსტრია?

წაიკითხეთ ტექსტი

კალიფორნიის შტატის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ლეგენდარული ტელეშოუს „ლარი კინგ ლაივის“ ბოლო სტუმარი იყო. CNN-ის ამ პროექტის ავტორი ლარი კინგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წამყვანად მიიჩნევა.

ტელევიზიაში მუშაობის 53 წლის განმავლობაში კინგმა 50 ათასი ინტერვიუ აიღო. მისი შოუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი გადაცემა უცვლელი წამყვანით, რომელიც ეთერში ერთსა და იმავე დროს გადის. თავად წამყვანი სხვადასხვა პრესტიჟული პრემიის ლაურეატია.

ტელეშოუ „ლარი კინგის“ დახურვის შესახებ 2010 წლის 30 ივნისს გახდა ცნობილი, როდესაც კინგმა განაცხადა, რომ წასვლის შესახებ ტელეკომპანია გააფრთხილა და ხელმძღვანელობისგან თანხმობაც მიიღო. ჟურნალისტის თქმით, მას მეტი დრო ექნება მეუღლესა და შვილებთან ყოფნისთვის.

სხვა მონაცემებით, ტოკშოუს დახურვის მიზეზი გადაცემის რეიტინგის შემცირება და თავად წამყვანის ოჯახური პრობლემებია. კინგი აცხადებს, რომ პერიოდულად გააგრძელებს ექსკლუზიური რეპორტაჟების კეთებას.

ლარი კინგის შოუ სიენენზე 1985 წლიდან გადის.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • გადმოეცით ტექსტის მოკლე შინაარსი.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

  _ვინ მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტელეწამყვანად?

_რამდენი წელი იმუშავა ლარი კინგმა ტელევიზიაში?

_რამდენი ინტერვიუ აქვს ლარი კინგს აღებული?

_რომელ წიგნშია შესული მისი შოუ?

_რა გახდა ლარი კინგის შოუს დახურვის მიზეზი?

_რომელი წლიდან გადის ლარი კინგის შოუ სიენენზე?