კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

შემთხვევა ქალაქში

გუშინ ქალაქში უბედური შემთხვევა მოხდა. ღამის სამ საათზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სწრაფად მოდიოდა მსუბუქი ავტომობილი. სამწუხაროდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა მდინარეში.

ეს ფაქტი დაინახა იქვე, კორპუსში, მაცხოვრებელმა კაცმა, რომელსაც ღამე არ ეძინა და ფანჯრიდან იყურებოდა. მან მაშინვე დარეკა სამაშველო სამსახურში.

მაშველები რამდენიმე წუთში მოვიდნენ. ორი მაშველი წყალში ჩავიდა, მათ ჩაძირულ მანქანაში ვერავინ ნახეს.

უცებ ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა, რომ წყალში ვიღაც იყო. მათ გაცურეს იქით და ახალგაზრდა კაცი დაინახეს, რომელიც ცდილობდა ნაპირზე გასვლას, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა.

მათ ამოიყვანეს ბიჭი ნაპირზე. ის ცოცხალი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მან თვალები გაახილა.

მაშველებმა ჰკითხეს, თუ იყო ვინმე მასთან ერთად. ბიჭმა უთხრა მათ, რომ მანქანაში კიდევ ორი ბიჭი იყო.

ეს ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაშველებმა კი გააგრძელეს დაკარგულების ძებნა, იქნებ რომელიმე მაინც გადაერჩინათ. მათ დიდხანს ეძებეს ბიჭები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერავინ ნახეს.

მათ რამდენიმე საათში შეწყვიტეს ძებნა, სიბნელეში ძნელი იყო რამის დანახვა.

მეორე დილით ისევ გააგრძელეს ძებნა და ორივე იპოვეს. სამწუხაროდ, არც ერთი აღარ იყო ცოცხალი.

მაშველებმა ტექნიკის დახმარებით წყალში ჩავარდნილი მანქანაც ამოიტანეს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რა უბედური შემთხვევაა აღწერილი ტექსტში?

_ვინ შეატყობინა მაშველებს უბედური შემთხვევის შესახებ?

_რამდენი ადამიანი გადარჩა ამ ტექსტის მიხედვით?

_რამდენი ადამიანის გადარჩენა ვერ მოახერხეს მაშველებმა?

_რატომ შეწყვიტეს მაშველებმა ძებნა პირველ დღეს?

 

წაიკითხეთ ტექსტი

სტიქია

დღეს დილის ექვს საათზე დასავლეთის ძლიერი ქარი ამოვარდა. ქარი თანდათან ძლიერდებოდა. ის სამი საათის განმავლობაში ქროდა და ძლიერ დააზიანა ხევსურეთის სამი სოფელი. სახლების უმრავლესობას სახურავი ახადა. სკოლის შენობის სახურავი ჩამოინგრა, ხეები გადატყდა და გზები გადაიკეტა.

ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა.

მოსახლეობას მსგავსი ქარიშხალი არ ახსოვს. ქარისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდია.

სოფლებში საგანგებო მდგომარეობაა. ამ სოფლების მოსახლეობას სერიოზული დახმარება სჭირდება.

უპასუხეთ კითხვებს:

_რამ დააზიანა ხევსურეთის სოფლები?

_რა შედეგი მოჰყვა სტიქიას?

_როგორია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა?

წაიკითხეთ ტექსტი

პირველი დახმარების მნიშვნელობა

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია უბედური შემთხვევა, ამ დროს ემხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია, რომ სწორი გადაწყვეტილებ მიოთ და აქტიურად იმოქმედოთ.

რა არის პირველი დახმარება?

ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ მოქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.

პირველი დახმარების მიზანი:

  • დაზარალებულის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;
  •  გამოჯანმრთელების ხელშეწყობა.

მოქმედების გეგმა

უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:

  • შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • პირველი დახმარების გაწევა;
  • დახმარების დროული მოხმობა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა

 

თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ, მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე, საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.

პირველ რიგში დარწმუნდით:

  • არის თუ არა გარემოში საფრთხე?
  • არის თუ არა ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში?
  • არიან თუ არა თვითმხილველები, შეუძლიათ თუ არა დახმარება?
  •  გჭირდებათ თუ არა სპეციალისტის დახმარება?

დახმარების დროული მოხმობა

 

შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით მორიგეს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:

· თქვენი ტელეფონის ნომერი;

· თქვენი მისამართი (უბედური შემთხვევის ადგილმდებარეობა);

· რა უბედური შემთხვევა მოხდა და რამდენად სერიოზულია ის (მაგ.: ავტოავარია, ორი მანქანა დაზიანდა, სამი ადამიანი დაზარალდა);

· დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა (მაგ.: ბავშვი, სამი წლის, აქვს სისხლდენა ხელიდან);

· ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცია.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_როდის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილების მიღება?

_პირველ რიგში რაში უნდა დარწმუნდეთ, როდესაც შემთხვევის ადგილს ათვალიერებთ?

_ტექსტის მიხედვით, ვის უნდა შეატყობინოთ თქვენი ტელეფონის ნომერი?

 

  • მოცემული ტექსტები წაიკითხეთ ხელახლა, გაიაზრეთ და გააკეთეთ მოკლე შეჯამება (რეზიუმირება): რამდენიმე წინადადებით გადმოეცით თითოეული პარაგრაფი.