კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

დღეს ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალი ინფორმაციის გარეშე.

ინფორმაცია არის ცნობა, შეტყობინება ვინმესთვის რამე ამბისა.

ადამიანები დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას იღებენ ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, თანამშრომლებისგან _ ტრანსპორტში, სახლში, ეზოში, ქუჩაში, სამსახურში... ზოგი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ზოგი ისეთი დაუჯერებელია, რომ მისი დაზუსტება, ფაქტების გარკვევა აუცილებელია.

დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება, ის შეიძლება ტყუილიც კი იყოს. დაუზუსტებელ ინფორმაციებს ჭორსაც ეძახიან.

ზოგჯერ ინფორმაცია სწორია, მაგრამ ფაქტები გაზვიადებული, ასეთ შემთხვევასაც ჭორი ჰქვია.

ერთხელ ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის შესახებ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. ამ ფაქტს თვითონ მარკ ტვენის ინფორმაცია მოჰყვა გაზეთში: „ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია“.

ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს სარეკლამო განცხადებების, აფიშების, ანონსების, სატელევიზიო და რადიოგადაცემების, ჟურნალ–გაზეთების დახმარებით.

დღეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების მთავარი და სწრაფი საშუალება არის ინტერნეტი და ტელევიზია, რადიო, ჟურნალ–გაზეთები.

ტელევიზიით დღის განმავლობაში უამრავი ინფორმაცია გადაიცემა. ეს ინფორმაციები ეხება პოლიტიკას, საზოგადოების ცხოვრებას, სპორტს, ხელოვნებას, ამინდს და ა.შ.

სანამ რომელიმე ინფორმაცია რადიოთი და ტელევიზიით გავა, მანამდე მას ჟურნალისტები აუცილებლად აზუსტებენ. ეძებენ წყაროს.

თუ ინფორმაცია ეხება რომელიმე ადამიანს: სპორტსმენს, მუსიკოსს, მეცნიერს თუ სხვას, ჟურნალისტი ვალდებულია თვითონ მივიდეს მასთან და დააზუსტოს ეს ფაქტი, გაარკვიოს უფრო მეტი და მერე გადასცეს ინფორმაცია ტელევიზიით.

ხშირად ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ამ დროს ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა აუცილებლად რეკავს საპარტულო სამსახურში და მათ აცნობებს ამ ფაქტს, საპატრულო სამსახური მიდის ადგილზე, აზუსტებს და იკვლევს მომხდარი ფაქტის დეტალებს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს დაზარალებულები სასწრაფოდ გადაჰყავთ მანქანით საავადმყოფოში, სადაც იკვლევენ და მკურნალობენ მათ, პატრული კი აგრძელებს ადგილის შესწავლას და ფაქტების დაზუსტებას.

ხშირად ასეთი შემთხვევის ადგილზე მიდის სატელევიზიო ჯგუფიც, ისინი იქიდან პირდაპირ გადასცემენ სიუჟეტს მაყურებლებისათვის.

ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანების ცხოვრება წარმოუდგენელია ახალი ინფორმაციის გარეშე.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • რისთვის არის საჭირო ინფორმაცია? რა სახის ინფორმაციას იცნობთ? ჩამოაყალიბეთ წერილობით.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_ვისგან იღებენ ადამიანები ინფორმაციას?

_რა არის ინფორმაციის გავრცელების სწრაფი საშუალებები?

_რა ჰქვია დაუზუსტებელ ინფორმაციას?

_რა ევალება ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელებამდე?

 

წაიკითხეთ ტექსტი

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 24

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.

3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 41

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.
  •  რა იცით კონსტიტუციის შესახებ? დაწერეთ.
  •  რა საკითხს ეხება კონსტიტუციის 24-ე მუხლი? დაწერეთ.
  •   უპასუხეთ კითხვებს:

 
_კონსტიტუციის ოცდამეოთხე მუხლის თანახმად, რისი უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს?

_რა არის ნათქვამი ცენზურის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში?

_ორმოცდამეერთე მუხლის მიხედვით, რა შემთხვევაში არ აქვს პიროვნებას უფლება, გაეცნოს ოფიციალურ დოკუმენტებს?