კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

თანამედროვე განათლების სისტემის მიხედვით, დღეს განათლების მიღების რამდენიმე საფეხური არსებობს.

საჯარო სკოლაში ბავშვები მიდიან ექვსი წლის ასაკში და იღებენ საშუალო, სრულ ან არასრულ განათლებას. საჯარო სკოლაში სწავლების სრული კურსი თორმეტი წელია. ზოგი არ ამთავრებს სრულ კურსს და ცხრა კლასის შემდეგ იღებს ატესტატს.

თორმეტწლიანი სწავლების შემდეგ ბავშვები იღებენ ატესტატს და ემზადებიან უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, ასევე სამხატვრო აკადემიასა თუ კონსერვატორიაში.

არსებობს კერძო უმაღლესი სასწავლებლები და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა პროფილისაა. უნივერსიტეტები მრავალპროფილიანია, ის შედგება სხვადასხვა ფაკულტეტისაგან.

მას, ვინც სკოლის დასრულების შემდეგ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, აბიტურიენტი ჰქვია.

აბიტურიენტები ირჩევენ სასურველ სპეციალობას და იმ ფაკულტეტზე რეგისტრირდებიან, სადაც ამ პროფესიას ასწავლიან.

შემდეგ აბარებენ იმ გამოცდებს, რომლებიც ამ ფაკულტეტებისთვის არის დადგენილი და თუ დააგროვებენ საჭირო საკონკურსო ქულებს, ირიცხებიან იმ ფაკულტეტზე და ხდებიან სტუდენტები.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლებაც ორსაფეხურიანია. არსებობს საბაკალავრო პროგრამა და სამაგისტრო პროგრამა.

ბაკალავრიატში სწავლება ოთხწლიანია და გულისხმობს ამ სპეციალობის ზოგადი საფუძვლების შესწავლას.სამაგისტრო პროგრამაზე კი უფრო საფუძვლიანად სწავლობენ პროფესიას.

მაგისტრატურაში სწავლა ორწლიანია.

უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან პროფესორ–მასწავლებლები. მათ ლექტორებს უწოდებენ. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელს კი რექტორი ჰქვია.

სასწავლო პროცესი გულისხმობს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკას. ლექციებზე ეკითხებათ საგნები და სემინარული მუშაობაა სემინარებზე. გარდა ამისა, სტუდენტები გადიან სასწავლო პრაქტიკას, სადაც პრაქტიკულად სწავლობენ ამა თუ იმ საგანს.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ რამე მიზეზის გამო სტუდენტი ვერ აგრძელებს გარკვეული დროით სწავლას. შეიძლება ეს მოხდეს ავადმყოფობის ან ოჯახური პირობების გამო. ამ დროს ის იღებს აკადემიურს, ერთი წელი აღარ სწავლობს და მომდევნო წელს აგრძელებს სწავლას იმავე ფაკულტეტზე.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანია უმაღლესი განათლების მიღების მსურველი. ამიტომაც თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად კონკურსია.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • სად აპირებთ ჩაბარებას? რომელ უმაღლეს სასწავლებელში? რა უნდა გამოხვიდეთ? ჩამოაყალიბეთ აზრი და დაწერეთ.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რის შემდეგ ხდება ადამიანი აბიტურიენტი?

_რამდენ საფეხურიანია სწავლება უნივერსიტეტებში?

ვინ არიან ლექტორები?

_რა არის სასწავლო პრაქტიკის მიზანი?

_რატომ არის კონკურსი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად?

 

წაიკითხეთ ტექსტი

უცხოელი სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტში ისწავლიან

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად 160 ინდოელი სტუდენტი ჩამოვიდა. უცხოელ სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დახვდა.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წარმატებით ხორციელდება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ბევრი ქართველი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებეში აგრძელებს სწავლას. ბევრი უცხოელისთვის კი პრიორიტეტული საქართველოში განათლების მიღებაა.
თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამჟამად ოცდაშვიდი ქვეყნიდან ჩამოსული შვიდასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათი რიცხვი წელს ათასს გადააჭარბებს. საქართველოში პირველად სამედიცინო უნივერსიტეტში დაინერგა სემესტრული ჩარიცხვები წელიწადში ორჯერ: 21 ნოემბერსა და 5 მარტს. ეს სიახლე და თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონე განაპირობებს სასწავლებლით უცხოელი სტუდენტების დაინტერესებას.
უცხოელ სტუდენტთა ჩამოსვლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება. მოკლე ხანში აქ ასზე მეტი პირველკურსელი ჩამოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ისრაელიდან, მალაიზიდან, სინგაპურიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ტრინიდაიდან და ტობაგოდან და ..
უცხოელი სტუდენტების საპატივცემულოდ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმო შეხვედრები და ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • დაწერეთ ტექსტის შინაარსი.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_ვინ დახვდა ინდოელ სტუმრებს აეროპორტში?

_რამდენი სტუდენტი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

_წელიწადში რამდენჯერ ირიცხებიან უცხოელი სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტში?

_რამდენ სტუდენტს ელოდებიან უახლოეს ხანებში სამედიცინო უნივერსიტეტში?

_როგორ ხვდებიან უცხოელ სტუდენტებს სამედიცინო უნივერსიტეტში?