გრამატიკა

IDevice Icon


ზმნის პირის როგორობა

მხოლოდ ზმნასთან შეწყობილი პირების რაოდენობის გარკვევა ვერ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ზმნის ამა თუ იმ ფორმაზე: გხატავ და მხატავ _ ორივე ორპირიანი ზმნაა; ორივეს ერთი და იგივე ნაცვალსახელები შეეწყობა (გხატავ მე შენ; მხატავ შენ მე); მიუხედავად ამისა, ამ ორ ფორმას შორის სხვაობა მნიშვნელობის თვალსაზრისით თვალსაჩინოა: პირველი ზმნის (გხატავ) მიერ გამოხატული მოქმედების ჩამდენი მოლაპარაკე პირია (მე), რომელიც თანამოსაუბრეზე მოქმედებს (მე გხატავ შენ); მხატავ ზმნის მიერ გადმოცემული მოქმედების შემსრულებელი კი თანამოსაუბრეა, (შენ მხატავ მე). ასე რომ, რომელობისა და რაოდენობის გარდა, აუცილებელია ზმნასთან შეწყობილი პირების როგორობის გარკვევაც _ მოქმედია ეს პირი, სამოქმედო თუ ეს მოქმედება მას რაიმე სახით მიემართება (მისთვისაა განკუთვნილი, რაიმე სახით იღებს მონაწილეობას მოქმედების პროცესში)...

მოქმედ პირს გრამატიკაში სუბიექტი შეეფარდება. თუმცა, გრამატიკული სუბიექტი და რეალურად მოქმედი პირი ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს. წინადადებაში: სურათი იხატება - სურათი გრამატიკული სუბიექტია, მაგრამ რეალურად მოქმედების ჩამდენი ის არის, ვინც ხატავს (მხატვარი).

სამოქმედო საგანს ან პირს, რომელიც უშუალოდ განიცდის მოქმედებას, პირდაპირ ობიექტს უწოდებენ. წინადადებაში მხატვარმა სურათი დახატა - სურათზე უშუალოდ მოქმედებენ - იგი სამოქმედო საგანია, გრამატიკულად - პირდაპირი ობიექტი. თუმცა, ისევე, როგორც სუბიექტის შემთხვევაში, გრამატიკული პირდაპირი ობიექტი და სამოქმედო საგანი ერთმანეთს ყოველთვის არ შეესაბამება; წინადადებაში: ბიჭმა გოგონას თოვლის გუნდა მოარტყა - მოქმედების უშუალო განმცდელი გოგონაა, მაგრამ გრამატიკული პირდაპირი ობიექტი გუნდაა.

  • ტექსტიდან ამოიწერეთ 5 წინადადება და გაარკვიეთ, რომელია სუბიექტი, რომელი - პირდაპირი და ირიბი ობიექტები.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 88P1