კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

საზოგადო მოღვაწე არის ის, ვინც გამოირჩევა საზოგადოებისათვის სასარგებლო და ნაყოფიერი შრომით.

საზოგადო მოღვაწეები თავიანთი ცოდნით, თავიანთი საქმიანობით ხალხის რჩეულები არიან, ისინი ზრუნავენ იმ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს, ცდილობენ დაეხმარონ მათ.

ხშირად ამის გამო მათ ძნელი ცხოვრება აქვთ.

ასეთი იყო დედა ტერეზა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღარიბებზე, გაჭირვებულებსა და ობლებზე ზრუნვას.

დედა ტერეზა იყო ალბანელი კათოლიკე მონაზონი, მან შექმნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები". ის 40 წლის განმავლობაში უვლიდა და მკურნალობდა ინდოეთში კალკუტელ ღარიბებს, გაჭირვებულებსა და ობლებს განურჩევლად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

მისი მისიონერული ორგანიზაცია თანდათან გაიზარდა. მისმა წევრებმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს საქმიანობა. უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში ცნობილი გახდა ჰუმანიტარული საქმიანობითა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებით.

ამჟამად ამ ორგანიზაციას მსოფლიოს 111 წვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი აქვს. როგორც წესი, ისინი ჩნდება სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში.

გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა.

1979 წელს დედა ტერეზას მიანიჭეს ნობელის პრემია.

ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, შავკანიანთა უფლებების დამცველი. ის ყოველთვის ამბობდა, რომ რასიზმის წინააღმდეგ საჭირო იყო მშვიდობიანი ბრძოლა.

კინგი იყო ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახური. 1955 წელს ქალაქ მონტგომერში შავკანიანმა მკერავმა როზა პარკსმა სამუშაოდან დაბრუნებისას ავტობუსში უარი თქვა თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილის დათმობაზე, როზა პარკერი დააპატიმრეს. კინგის ხელმძღვანელობით შავკანიანმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა მონტგომერის სატრანსპორტო ხაზს 382 დღის განმავლობაში. 1956 წელს აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ ტრანსპორტში რასობრივი უთანასწორობა ცნო კონსტიტუციის დარღვევად.

მარტინ ლუთერის დაწყებულ მოძრაობის შედეგი ის იყო, რომ კონგრესმა მიიღო აქტი უფლებების შესახებ.

მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა "მე მაქვს ოცნება" , ვაშინგტონში 1963 წელს დაახლოებით 300 ათასი ამერიკელის წინ.

მარტინ ლუთერ კინგმა შეძლო ამერიკელები დაერწმუნებინა, რომ ადამიანი – ადამიანია, მიუხედადად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა. მან ადამიანებს აზროვნება შეუცვალა.

მას 1964 წელს მიანიჭეს ნობელის მშვიდობის პრემია.

მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ქალაქ მემფისში მოკლა სნაიპერმა 39 წლის ასაკში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • კიდევ რომელ საზოგადო მოღვაწეს იცნობთ? დაწერეთ მის შესახებ.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

რა არის საზოგადო მოღვაწეთა მთავარი საზრუნავი?

როგორია საზოგადო მოღვაწეების ცხოვრება?

რა იყო დედა ტერეზას ძირითადი საქმიანობა?

რა იყო მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობის ძირითადი შედეგი?

 

წაიკითხეთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

პლატონი: პირველი და საუკეთესო გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

ულიუს კეისარი: ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას,რაც მისთვის სასურელია.

დემოკრიტე: უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები, ვიდრე სხვისი.

გოეთე: კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

ლევ ტოლსტოი: ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა.

ავიცენა: ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.

ნაპოლეონი: ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის, არამედ მისი გონივრულ მოხმარება.


ვიქტორ ჰიუგო: თუ ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯანმრთელობა დაკარგე, შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე, ყველაფერი დაკარგე.

ბერნარდ შოუ: ყოველთვის აირჩიე სიჩუმე, რადგან ამ დროს შენ ხედავ სხვა ადამიანის ნაკლოვანებებს და ფარავ საკუთარს.

ალბერტ აინშტაინი: ისწავლე გუშინდელი დღიდან,იცხოვრე დღევანდელი დღით, გქონდეს იმედი ხვალის.

ფრანკლინი: ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.

თაგორი: ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე, სიკეთე ვქნაო, მას დრო აღარ ჰყოფნის, კეთილი იყოს.

ილია ჭავჭავაძე: ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.

აკაკი წერეთელი: და სადაც სიყვარულია, იქ სიწმინდეა, ღმერთია.

იაკობ გოგებაშვილი: მშობლიური ენის და წიგნის უარყოფა თავისი თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირება.

ლინკოლნი: ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში იყავი კარგი კაცი.

ჩერჩილი: გყავს მტრები ? -კარგია. რადგან ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე.

დედა ტერეზა: მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა.

 

  • დაწერეთ, რომელი გამონათქვამი მოგეწონათ ყველაზე ძალიან და რატომ.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

­_როგორ აზრებს მოჰყვება დიდი შედეგი?

_როდის აქვს ადამიანს ყველაფერი დაკარგული?

_რომელი საზოგადო მოღვაწე მოგვიწოდებს ფულის გონივრულად ხარჯვისკენ?

_ილია ჭავჭავაძის აზრით, რა არის ქვეყნის უბედურების მიზეზი?

_რისი ნიშანია, თუ ადამიანს მტრები ჰყავს?