კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

საქართველოს ძალიან ბევრი საზოგადო მოღვაწე ჰყავს. ახლა მხოლოდ სამი მათგანის შესახებ ვისაუბრებთ.

ილია ჭავჭავაძე არის ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში. ამ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ილიას მიზანი ხალხის ეროვნული ჩაგვრისგან გათავისუფლება და თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება იყო. მან ხალხს ბედნიერი მომავლის რწმენა მისცა.

1907 წლის 28 აგვისტოს ილია საგურამოს გზაზე, წიწამურის ტყესთან მოკლეს დაქირავებულმა ყაჩაღებმა.

ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ექვთიმე თაყაიშვილი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ექვთიმეს დამსახურება ქართველი ერის წინაშე ძალიან დიდია. როგორც პროფესიონალმა, მან უამრავი ნაშრომი დაგვიტოვა.

1921 წელს, როცა ქვეყანაში რუსული არმია შემოვიდა, საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყანა და თან წაიღო ქართული საგანძურიც. ძველი ისტორიული, ფასეული ნივთები. საქართველო რუსეთმა კიდევ ერთხელ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში დარჩა.

წლების შემდეგ ქართული საგანძური დაუცველი დარჩა. მაგრამ ის არ მიატოვა ექვთამე თაყაიშვილმა. ის საგანძურის მცველი იყო და მრავალი საფრთხის მიუხედავად არავის მისცა ნება მისთვის ხელი დაეკარებინა. საფრანგეთში ცხოვრების დროს ის და მისი მეუღლე შიმშილობდნენ, მაგრამ ქართულ განძს არ შეხებიან.

წლების შემდეგ ეს საგანძური ექვთიმემ საქართველოში უკლებლივ ჩამოიტანა.

გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

სულხან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალი, მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი მოღვაწეობდა მე–17 საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში.

იგი იყო მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ მეფის ელჩი ევროპაში: საფრანგეთსა და ვატიკანში.

სულხან-საბამ შექმნა არაერთი ნაწარმოები, მათ შორისაა იგავ–არაკების კრებული, დიდი განმარტებითი ხასიათის ლექსიკონი, რომელშიც ენციკლოპედიური ინფორმაციაა, „მოგზაურობა ევროპაში“, რომელშიც აღწერილია მისი დაბრუნება ევროპიდან სტამბულის გავლით საქართველოში.

სულხან–საბა გარდაიცვალა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში 1725 წელს და დაკრძალულია მოსკოვის ვსესვიატსკოეს მონასტერში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • უპასუხეთ კითხვებს:

_რის წინააღმდეგ იბრძოდა ილია ჭავჭავაძე?

_როგორ დააფასა ქართულმა ეკლესიამ ილიას ღვაწლი?

_რომელი ისტორიული მოვლენის შემდეგ გახდა საჭირო ქართული საგანძურის დაცვა?

_როგორი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მატერიალური მდგომარეობა?

_რომელი ქართველი საზოგადო მოღვაწე არის დასაფლავებული თავისი ქვეყნის გარეთ?

 

წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის გამოსვლა (სიტყვა), წარმოთქმული

სამეურნეო სკოლის გახსნაზე სოფელ წინამძღვრიანთკარში

 

ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.

სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ოდნავ ბჟუტავდეს სიბნელეში, ქურდს, ყაჩაღს, მტერს აფრთხობს, იქ სინათლეაესე იგი, ღვიძავთო; დაგვიანებულ შინაურს კი ახარებს იმით, რომ იქ ფხიზლები დამხვდებიანო.

სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვება და გაქრება ხოლმე. ერთხელ ანთებული ცოდნა კი არასოდეს არ გაქრება: მამიდან შვილზე გადადის, შვილიდან შვილიშვილზე, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.

ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე გლეხსაც და თავადსაც, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმინდობილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდე.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • შეურჩიეთ სათაური ილია ჭავჭავაძის გამოსვლას.

  • ჩამოაყალიბეთ, რა მსგავსება და რა განსხვავებაა ადამიანის ცოდნასა და სინათლეს შორის; დაწერეთ.

  • უპასუხეთ კითხვებს:


_რას ადარეს ილია ჭავჭავაძე ცოდნას?

_რით განსხვავდება ცოდნა სანთლისაგან?

_ამ ტექსტის მიხედვით, ვის შეუძლია ცოდნის მიღება?

 

წაიკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავი

კაცი და კაკლის ხე

იყო ერთი კაცი. ის მთაში ცხოვრობდა და სხვა ადგილი არასოდეს ენახა. ერთხელ ბარში ჩავიდა. ერთ ადგილას ძალიან ლამაზი ბაღი ნახა. იქ ბევრი ხეხილი, ყვავილი და მცენარე იყო. შევიდა კაცი ბაღში და ღმერთს მადლობა უთხრა ასეთი ლამაზი ადგილისთვის. ძალიან მოეწონა ყველაფერი, ერთის გარდა:

– ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ერთი რამ არ მომწონს: რა არის, ამ დიდ კაკლის ხეს პატარა კაკალი აქვს, ამ პატარა ბალახს კი – ძალიან დიდი საზამთრო და ნესვიო. დიდხანს იარა ბაღში. ბოლოს დაიღალა და ხის ძირას დაწვა. კაცს დაეძინა. ამ დროს ხის ტოტზე დიდი ჩიტი დაჯდა და კაკალი ჩამოაგდო. კაცს კაკალი შუბლზე დაეცა, ეტკინა და გაეღვიძა. შეშინებული კაცი ადგა, ღმერთს მადლობა უთხრა და თქვა:

– ღმერთო, შენ უფრო კარგად იცი, რა როგორ არის. ამ ხეზე რომ საზამთრო ყოფილიყო, ახლა მე ცოცხალი არ ვიქნებოდიო.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.
  • იგავში, როგორც წესი, რამე სიბრძნეა გადმოცემული. რას გვასწავლის ეს იგავი? გადმოეცით თქვენი სიტყვებით.

  • უპასუხეთ კითხვებს:

_რის გამო გადაუხადა მადლობა კაცმა ღმერთს?

_რა არ მოეწონა კაცს ბაღში?

_როგორ არის ამ ტექსტში გამოხატული, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს?