კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

ფანტაზია არის წარმოსახვის, წარმოდგენის უნარი.

ნინო თერთმეტი წლის გოგოა. მას საოცარი ფანტაზია აქვს. ახლობლები ფანტაზიორს უწოდებენ. ფანტაზიორი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ფანტაზიის ნაყოფი სინამდვილედ მიაჩნია და ცდილობს, სხვებიც დაარწმუნოს. ნინოს შეუძლია მოიგონოს ყველაფერი და ისე მოყვეს, რომ მსმენელი დააჯეროს.

მისმა მეგობრებმა იციან ნინოს წარმოსახვის შესახებ და ხშირად სიმართლესაც არ უჯერებენ, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ნინოს სიამოვნებით უსმენენ და უნდათ დაიჯერონ ის, რასაც ამბობს.

ზოგს ჰგონია, რომ ნინო ტყუის. არა, ნინომ ტყუილები არ იცის, ის არავის მოატყუებს, უფრო სწორად, არ იტყვის ტყუილს სხვის საზიანოდ, უბრალოდ, უყვარს რაღაცების გამოგონება და სხვების დარწმუნება ამაში.

ორი დღის წინ ნინო თავის მეგობარ ანასთან მივიდა. ანა ნაკლებად უჯერებდა ხოლმე მას, თუმცა მისი ამბების მოსმენა უყვარდა. ნინომ ანას ამჯერადაც უცნაური ისტორია უამბო:

რამდენიმე დღის წინ დავინახე, როგორ ჩამოდიოდა მამა სხვენიდან. მე ვკითხე, რა გინდოდა სხვენზე-მეთქი?

მამა ცოტა დაიბნა და მითხრა, რომ თავის იარაღს ეძებდა და იმისთვის იყო ასული. მერე მთხოვა, გაიქეცი და დედას უთხარი მამა გეძახის-თქო.

სად არის დედა? – ვკითხე მე.

დედა ეზოშია და სთხოვე, სამზარეულოში შემოვიდეს.

მე გავიქეცი დედასთან და მამას დანაბარები გადავეცი: დედა, მამამ გთხოვა, სამზარეულოში შემოდიო.

დედა სარეცხს ფენდა, მიატოვა გასაფენი თეთრეული და სახლისკენ სწრაფად წავიდა.

მე უკან გავყევი, დედამ ვერ დამინახა.

სამზარეულოს კარი ღია იყო, მე მათი საუბარი მესმოდა, მაგრამ ისე ხმადაბლა საუბრობდნენ, ვერაფერი გავარჩიე. მხოლოდ სხვენს ახსენებდნენ და ვიღაცას.

გამახსენდა, რომ მამა ამ ბოლო დღეებში ბევრჯერ ვნახე სხვენზე ასული და გადავწყვიტე მენახა, რა ხდებოდა იქ. როცა ყველამ დაიძინა სახლში, მე ავდექი საწოლიდან, ავიღე ფანარი და სხვენისაკენ წავედი. კიბეებზე რომ ავდიოდი, ცოტა შემეშინდა. სხვენის კართან გავჩერდი და ყური მივადე. იქიდან სუნთქვის ხმა გავიგე.

კარი ნელა შევაღე და ფანარი მოვატარე. უცებ ისე საოცრად განათდა იქაურობა, რომ თვალები მეტკინა და ხელი ავიფარე სახეზე. როცა თვალები გავახილე, ჩემ წინ უცნაური არსება იდგა, ბევრად პატარა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ძალიან საყვარელი. თავიდან დათვის ბელი მეგონა, მაგრამ რომ დაილაპარაკა, შემეშინდა.

გამარჯობა, ნინო, ვიცოდი, რომ ამოხვიდოდი. მთელი საღამო გიყურებდი, როგორ ათვალიერებდი სხვენს.

ვინ ხარ? – ვკითხე მე.

მე რინი მქვია და ვცხოვრობ პლანეტა კორსზე.

ეს პალანეტა სად არის? – ვკითხე მე.

ეს პლანეტა ძალიან შორს არის დედამიწიდან.

აქ როგორ მოხვდი? – ისევ ვკითხე გაოცებულმა.

ჩემი საფრენი აპარატი დაზიანდა და პირდაპირ თქვენს სხვენზე ჩამოვვარდი.

უცებ კიბეებზე ფეხის ხმა გავიგონე და მალე დედა და მამა ამოვიდნენ ზევით.

ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ.

რინი, ნინო... – იმეორებდნენ გაუჩერებლად.

ნუ გეშინიათ, – დაამშვიდა რინმა. – ჩვენ აქ მშვიდად ვსაუბრობთ.

ნინო, ახლავე ჩადი ქვემოთ! – მიბრძანა მამამ.

მე არ დავემორჩილე.

გთხოვ, ნინო, გეხვეწები, ჩადი და იქ მოგიყვებით ყველაფერს! – მთხოვა დედამ.

მე რინის შევხედე. ის ძალიან საყვარელი იყო.

ჩადი, ნინო, ქვემოთ, დაუჯერე უფროსებს, ხომ გითხრა დედამ, ყველაფერს მოგიყვებიო. ხვალ დილით ისევ ვნახავთ ერთმანეთს. – ახლა რინიმაც მთხოვა.

კარგი, ხვალამდე, – ვუთხარი რინის და ჩავედი ქვემოთ.

დედა და მამა მალე ჩამოვიდნენ. ისინი მომიყვნენ, რომ რინი სამი დღეა, რაც აქ იყო, ძალიან საყვარელი არსება აღმოჩნდა, დედას და მამას ძალიან შეეცოდათ ის, რინის არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო მისი აქ ყოფნის ამბავი და სთხოვა მათ, რომ ჩემთვისაც დაემალათ.

რას აპირებს ახლა რინი? ვკითხე ჩემს მშობლებს.

შეაკეთებს აპარატს და გაფრინდება.

რამდენი დღე სჭირდება?

არ ვიცი, ალბათ რამდენიმე დღე. – მიპასუხა მამამ

დედამ და მამამ ნება დამრთეს, რომ მეორე დღეს მათთან ერთად მენახა რინი.

მე და რინი დავმეგობრდით, ის ძალიან ბევრ ამბავს მიყვება თავისი პალანეტის შესახებ, თავის ახლობლებზე, მეგობრებზე. – დაამთავრა მოყოლა ნინომ.

ანა სულგანაბული უსმენდა. იცოდა, რომ ნინო დიდი ფანტაზიორი იყო, ამიტომ არ დაუჯერა.

თუ არ მოგიგონია ყველაფერი, გამაცანი შენი რინი.– უთხრა ანამ.

ნინო არ დაიბნა:

დღეს რინის ვკითხე: შეიძლება ჩემი მეგობარი გაგაცნო-მეთქი?

რანიმ მიპასუხა: თუ შენი ახლო მეგობარია, ვენდობი და მოიყვანეო.

მე გახარებულმა ვიყვირე: ახლავე მოვიყვან-მეთქი და შენკენ გამოვიქეცი, რინი გველოდება.

ანამ ახლა კი იფიქრა, რომ ნინო ამჯერად არ ტყუოდა და გაჰყვა.

სხვენის კიბეებს რომ მიუახლოვდნენ, ანა გაჩერდა და შეშინებულმა უთხრა ნინოს: ჯერ შენ შედი და უთხარი, ანა მოვიყვანე-თქო.

ნინომ მაგრად მოჰკიდა ხელი ანას და სხვენის კარი უცებ შეაღო.

ანამ შიშისგან სახეზე ხელი აიფარა, ეგონა, სინათლე თვალებს ატკენდა, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ მიხვდა, რომ არანაირი სინათლე არ ყოფილა.

ნელა გაახილა თვალები.

სხვენში მათ გარდა არავინ იყო და არც არაფერი ეტყობოდა იქაურობას, რომ ვინმე აქ ცხოვრობდა ბოლო დღეებში.

ანამ ნინოს გახედა.

– წასულა, – დანანებით თქვა ნინომ, – საფრენი აპარატი შეუკეთებია და ისე წასულა, არც დამემშვიდობა.

– ფანტაზიორი! – გაიფიქრა ანამ, – კიდევ ერთხელ მომატყუა!

უცნური კი ის იყო, რომ ანამ იგრძნო, რომ სულაც არ ბრაზობდა ნინოზე.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •  უპასუხეთ კითხვებს:

 _რა ჰქვია წარმოსახვის უნარს?

_ვინ არიან ფანტაზიორები?

_რატომ არ უჯერებენ მეგობრები ნინოს?

_ამ ტექსტის მიხედვით, რა უყვარს ნინოს?

 

წაიკითხეთ ტექსტი

ბავშვის ფანტაზია თოვლის ბაბუაზე

ცნობილია, რომ პატარებს ფანტაზიის უნარი ბევრად უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე უფროსებს. წლებთან ერთად ადამიანი სულ უფრო და უფრო რეალისტი ხდება და ამის შემდეგ ცხოვრებაც ნაკლებად სახალისოა. ფანტაზია ხომ ადამიანებს ცხოვრებას ულამაზებს. ბავშვების ფანტაზია კი უსაღვროა. ისინი ფანტაზიორობენ ყველაფერზე - კეთილ ფერიაზე,რომელიც გაიცნეს, ბოროტ ჯადოქარზე, რომელიც დაამარცხეს, ჰარი პოტერზე,რომელსაც ერთ დღესაც აუცილებლად გაიცნობენ, პრინცზე და პრინცესაზე... ამჯერად წარმოგიდგენთ პატარა ბიჭის ფანტაზიას თოვლის ბაბუას შესახებ.

გიორგი რცხილაძე, 12 წლის:

 

გჯერა თოვლის ბაბუის?

არა, არ მჯერა! მაგრამ ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მართლა არსებობს და საახალწლოდ საჩუქრებს მომიტანს. ჩემი ბიძაშვილი მეუბნება, ნუ ფანტაზიორობ, გეყოფაო!

- როდის გაიგე, რომ თოვლის ბაბუ არ არსებობდა?

როცა 9 წლის გავხდი. პატარაობაში ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არსებობდა. ჩემს ფანტაზიაში ის კეთილი და ყოვლისშემძლე მოხუცი იყო.

- როგორ გაიგე?

- მეგობარმა მითხრა, თოვლის ბაბუა არ არსებობსო. მერე კი მე დედაჩემს და მამაჩემს შევეკითხე და ამიხსნეს.

არ ინერვიულე, როცა სიმართლე გაიგე?

- არა, არ მინერვიულია! უბრალოდ, ცოტა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ არ არსებობდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ახალი წლის ღამეს ისევ მოვიდოდა ჩემთან და საჩუქრებს მომიტანდა.

წელს რა გაჩუქა თოვლის ბაბუამ?

მობილური ტელეფონი და მაგარი ბოტასები მაჩუქა, მაგრამ ამ ფანტაზიების აღარ მჯერა. დედამ და მამამ მიყიდეს.

ადრე როგორი წარმოგედგინა თოვლის ბაბუ?

- მეგონა, რომ მას შეეძლ გამქრალიყო და გაჩენილიყო. მისი ყველაზე დიდი ძალა ისაა, რომ შეეძლ ყველა სურვილი აესრულებინა ბავშვებისთვის.

_ როგორი გეგონა გარეგნობით თოვლის ბაბუ?

- მეგონა, რომ წითელი ქუდი ეხურა, წითელი ქურქი ეცვა, წითელი შარვალი,შავი ფეხსაცმელები და გამადიდებელი სათვალე ეკეთა, როგორსაც ტელევიზორში აჩვენებენ.

გინდოდა თოვლის ბაბუს ნახვა?

კი, ძალიან. ერთხელ ვაპირებდი, რომ ოთახში დავმალულიყავი და მენახა თოვლის ბაბუ, მაგრამ დედაჩემმა შემამჩნია, თუ როგორ ვუთვალთვალებდი მის მოსვლას და გამართხილა, რომ თუ ასე მოვიქცეოდი, თოვლის ბაბუ საერთოდ აღარ მოვიდოდა.

სანამ მისი არსებობის გჯეროდა, თოვლის ბაბუა ყოველთვის გისრულებდა სურვილებს?

თითქმის. ერთხელ ვთხოვე, ნამდვილი ბეტმენი მოიყვანე ჩემთან-მეთქი.

რამე საინტერესო არ იცი თოვლის ბაბუზე?

მფრინავი ეტლი და მფრინავი ირმები რომ ყავს, ეგ ვიცი, მეტი არაფერი.

რას სთხოვდი თოვლის ბაბუს?

ძალიან მინდა ნეტბუკი. მართალია, თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ უცებ თოვლის ბაბუა მართლა გაჩნდეს, სულ ხუთი წუთით, და ნეტბუკი მომიტანოს-მეთქი. თუმცა, უკვე დიდი ვარ და ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 _ ვის აქვთ განსაკუთრებულად განვითარებული ფანტაზიის უნარი?

_ამ ტექსტის მიხედვით, რა ალამაზებს ადამიანის ცხოვრებას?

_რა მიაჩნდა ბიჭს თოვლის ბაბუის ყველაზე დიდ ძალად?

_რას ფანტაზიორობს ამჟამად ბიჭი?