კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

საკუთრება არის ვინმეს ან რამეს საკუთარი ქონება; ქონება, რომელსაც ჰყავს პატრონი.

არსებობს საკუთრების სხვადასხვა ფორმა: სახელმწიფო საკუთრება, კერძო საკუთრება, ჯგუფური საკუთრება; საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრება; ინტელექტუალური საკუთრება.

სახელმწიფო საკუთრებაში შედის სამართალდამცავი, თავდაცვის, უშიშროების მატერიალურ–ტექნიკური საშუალებები, კომუნიკაციები: კავშირგაბმულობის საშუალებები და ცენტრალური მაგისტრალები, ყველაფერი, რაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

კერძო საკუთრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმასაკუთრებისა. სახელმწიფოში კერძო საკუთრებ დაცულია კანონით.

ყველა პირს, ყველა ოჯახს, აქვს კერძო საკუთრება უძრავი ან მოძრავი ქონების სახით და სურს, რომ იგი კანონით იყოს დაცული.

სხვისგან კერძო საკუთრების მითვისება აკრძალულია და ისჯება კანონით.

ჯგუფური საკუთრების დროს რამდენიმე ადამიანი არის მფლობელი ამა თუ იმ საწარმოსი, კომპანიისა. ისინი შეთანხმებულად მუშაობენ და ერთად იღებენ ყველა გადაწყვეტილებას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრება არ არის არც კერძო, არც სახელმწიფო და არც ჯგუფური. ის ეკუთვნის რომელიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას, არ ჰყავს კონკრეტული მეპატრონე. ასეთი შეიძლება იყოს პროფკავშირული ორგანიზაცია, პარტიული ორგანიზაცია. ყველას აქვს თავისი სტრუქტურა, მართვის სისტემა.

მას უნდა იცავდეს სახელმწიფო კანონები.

ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ, შემოქმედებით საქმიანობასთან მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში. ინტელექტუალური საკუთრება არის იმ უფლებათა ერთობლიობა, რომელიც ასეთი ინტელექტუალურ საქმიანობის შედეგად წარმოიშობა.

ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო ზრუნავს საკუთრების დაცვაზე. არსებობს კანონები, რომლებიც იცავს საკუთრების უფლებას. ნებისმიერ მოქალაქეს საფრთხის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს და სთხოვოს დაიცვას მისი უფლებები ქონებაზე.

მესაკუთრებთა სამართლიან სურვილებს, თხოვნას დავის შემთხვევაში აკმაყოფილებს სასამართლო.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • უპასუხეთ კითხვებს:

_ვისი საკუთრებაა კომუნიკაციები, გზები, ქვეყნის თავდაცვის საშუალებები?

_რა იცავს კერძო საკუთრებას?

_როგორ ქონებას არ ჰყავს კონკრეტული მეპატრონე?

_ამ ტექსტის მიხედვით, რა ევალება სასამართლოს?

გაეცანით კანონებს, რომლებიც იცავენ ადამიანის საკუთრებას

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

 

მუხლი17.
1.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2.
არავის არ უნდა ჩამოერთვას ქონება თვითნებურად.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის

დამატებითი ოქმი №1

მუხლი 1

საკუთრების დაცვა

ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 21

1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

 

  • გამოიყენეთ ეს კანონები და წერილობით ჩამოაყალიბეთ, რა უფლებები გაგაჩნიათ თქვენ.
  • უპასუხეთ კითხვებს:

_რით არის დაცული პიროვნების კერძო საკუთრება?

_ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, რა არის აკრძალული?

_საკუთრებასთან მიმართებით, რისი უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს?

_რომელია ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი უძველესი უფლება?

_რის შემდეგ შეიძლება ადამიანს ჩამოერთვას კერძო საკუთრება?