კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი.

ტოლერანტიზმს თავდაპირველად მხოლოდ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა.

რელიგიებს შორის განსხვავება, რა თქმა უნდა, მტრობის მიზეზი არ უნდა გახდეს.

ყველამ უნდა გაიაზროს ეს სიტყვები: მოექეცი სხვა ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ. ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნების თუ რასის წარმომადგენლებს.

ადამიანში მთავარია მისი პიროვნული თვისებები, ამიტომ ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია. ის ხედავს, რომ სამყარო მრავალფეროვანია.

შეიძლება ვინმე არ იცავს იმ ტრადიციებს, რაც შენთვის პატივსაცემია, არის სხვა აღმსარებლობის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენ მასზე მეტი ხარ ან განსაკუთრებული.

ზოგიერთი ადამიანი ისე იქცევა, თითქოს განსაკურებულია თავისი ეროვნების ან მდგომარეობის გამო. ასეთ ადამიანებს არ უნდათ ურთიერთობა სხვებთან. მეტიც, ისინი ზემოდან უყურებენ სხვებს და ყველანაირად ცდილობენ დაარწმუნონ სხვები თავიანთ უპირატესობაში.

სხვისი ცხოვრების წესის, სხვისი აღმსარებლობის პატივისცემა ადამიანმა უნდა ისწავლოს ბავშვობის ასაკიდან ოჯახში, შემდეგ კი სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში შეძლოს განსხვავებული კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარება.

ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობას და აგრესიას.

ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები, შესაძლოა, ჩვენს გარშემო ცოტაა ტოლერანტი ადამიანი, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთში კარგი თვისებების დანახვა; ცოტაოდენი სიკეთე კი ყველა ჩვენგანის გულშია.

თბილისი მრავალეროვანი ქალაქია, აქ ცხოვრობენ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანები. ისინი კარგი მეზობლები არიან და ხშირად ნათესავებიც ხდებიან.

თბილისის ერთ ეზოში შეიძლება ცხოვრობდეს ექვსი ან შვიდი ეროვნების ოჯახი, ისინი ნათესავებივით არიან ერთმანეთისთვის. როცა ადამიანს უჭირს, მისი პირველი დამხმარე მეზობელია.

თბილისის ერთ ძველ უბანში ერთმანეთთან ახლოს დგას ქართული ეკლესია, სომხური ეკლესია, სინაგოგა _ ებრაელების სალოცავი და მეჩეთი, სადაც მუსლიმები ლოცულობენ. ცოტა მოშორებით კათოლიკური ეკლესიაცაა. აქ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანს შეხვდებით. მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულია.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •   ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •  უპასუხეთ კითხვებს:

 
_რა არის ზნეობრივი და სოციალური აქტივობა?

_რა მნიშვნელობით იხმარებოდა ტოლერანტობა თავიდან?

_რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში?

_რით არის გამორჩეული თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი?

 

წაიკითხეთ ტექსტი

რა არის ტოლერანტობა?

ეს არის ადამიანის უნარი, აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ცხოვრების წესი და ღირებულებები. ტოლერანტული ღირებულებების მქონე ადამიანებს შეძლიათ არაძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარება.

ტოლერანტობა შენგან გასხვავებული ადამიანის პატივისცემა და მისი თანასწორად აღქმაა.

ტოლერანტობა არის ის, რომ არ გააკრიტიკო ან მტრულად არ იყო განწყობილი იმისადმი, რაც განსხვავებულია, უცნაური ან შენთვის უცნობი.

ტოლერანტობა ადამიანის ცხოვრების წესია, როცა მან იცის საკუთარი თავისუფლების ფსი და აღიარებს სხვის თავისუფლებასაც.

დღესდღეობით საქართველოსა თუ მსოფლიოში უამრავი ღონისძიება იმართება ტოლერანტობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების თვითშეგნების ამაღლებას და ასწავლის მათ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას. ტოლერანტობა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებელი პირობაა.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_ვის შეუძლია განსხვავებული კულტურისა და ღირებულებების მქონე ადამიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება?

_როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა მისგან განსხვავებული ადამიანი?

_ამ ტექსტის მიხედვით, რა არის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი?