წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon
წაიკითხეთ ტექსტი

 


„დრო ფულია“, „დრო მიფრინავს“, „დრო არ ითმენს“, „დროს უკან ვერ დაიბრუნებ“... კიდევ მრავალი გამონათქვამი არსებობს, რომლებშიც ჩანს, რომ დრო ყველაზე ძვირფასია, რაც კი ადამიანს აქვს. უნდა შეგვეძლოს დროის სწორად გამოყენება, სამუშაოს სწორად დაგეგმვა, რათა თავისუფალი დროც დაგვრჩეს. ცნობილია, რომ დროის სწორად გამოყენება ყველას არ შეუძლია. ბევრი ადამიანი მთელ თავის დროს იმაში ხარჯავს, რომ მიიღოს განათლება, მიაღწიოს კარიერულ წარმატებას, მოიპოვოს გარკვეული სოციალური სტატუსი... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ დროს მოითხოვს, ამის გამო თანამედროვე ადამიანი ძალიან დაკავებულია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ფსიქოლოგებისა და ექიმების რჩევა, რომ თავისუფალი დრო და მისი რაციონალურად გამოყენება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები. ის იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს ან ჩვენ გვგონია.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო გამოვიყენოთ ოჯახსა და მეგობრებთან გასატარებლად, ვაკეთოთ ის, რაც ძალიან გვსიამოვნებს, ვისწავლოთ ის, რისი სწავლაც დიდი ხანია გვინდა, მაგრამ ვერ მოვიცალეთ, წავიკითხოთ წიგნები, რომლების წასაკითხადაც აქამდე დრო ვერ გამოვნახეთ, ვიმოგზაუროთ. ნუ დახარჯავთ მას ძილში, კომპიუტერის წინ ჯდომასა და ტელევიზორის ყურებაში (რაშიც იხარჯება ადამიანების თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი), - ამბობენ ექიმები და ფსიქოლოგები. თავისუფალ დროს არ დაზოგოთ ფული და ენერგია იმისათვის, რომ გაერთოთ, ბოლომდე მოეშვათ და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. გახსოვდეთ, რაც მეტს დაისვენებთ და მეტ დადებით ენერგიას მიიღებთ, მით უფრო მეტად გამარტივდება შემდგომი წარმატებების მიღწევა.

ნუ იწუწუნებთ, რომ დრო არ გყოფნით, ნუ იტყვით, რომ ოცდაოთხი საათი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თქვენი მოვალეობებიც შეასრულოთ და თავისუფალი დროითაც დატკბეთ. ყოველდღიურად თქვენ ზუსტად იმდენი წამი, წუთი და საათი გაქვთ, რამდენიც ჰქონდათ მიქელანჯელოს, დოსტოევსკის, თომას ედისონს, უოლტ დისნეის, ილია ჭავჭავაძეს, სტივ ჯობსსა და სხვა არაერთ გენიოსს. ისინი კი, ცნობილია, რომ უარს არ ამბობდნენ არც ახლობლებთან ურთიერთობაზე, არც ახალი ადამიანების გაცნობასა და არც თავიანთ ჰობიზე.


 

წინადადებებში ჩასვით სათანადო სიტყვები

ტექსტიდან შეარჩიეთ და მონიშნეთ დროსთან დაკავშირებული „ფრთიანი გამონათქვამები“

დაასრულეთ წინადადებები