წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

ქართველი რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა

ჯუმბერ ლეჟავამ 9 წელი მოანდომა დედამიწის გარშემო ველოსიპედით მოგზაურობას: იგი სარფიდან გადავიდა თურქეთში და უკან სომხეთიდან შემოვიდა... ეს მოხდა 2004 წლის 4 ნოემბერს.

ყველას ეგონა, იგი 13-ში დაბრუნდებოდა, 13 საათზე, რადგან ჯუმბერ ლეჟავას ეს რიცხვი დანავსულად კი არა, ბედნიერების მომტანად მიაჩნია. ამიტომაც თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც სწორედ 13-ში დგამს. ასე იყო მაშინაც, 9 წლის წინათ, როცა თავისი ოდისეა 13 აგვისტოს დაიწყო, 13 საათზე. ჯუმბერ ლეჟავამ ამ მოგზაურობისას 232 ქვეყანა მოიარა. ქარში, ავდარში, წვიმაში, სეტყვაში, თოვლში, პაპანაქება სიცხეში თუ ნაირგვარი სტიქიის შემოტევაში, აღმართსა თუ დაღმართში სატერფულების გაუთავებელმა ტრიალმა რვა ველოსიპედი შეიწირა და შინ მეცხრეთი დაბრუნდა. უკან მოიტოვა აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიაში, ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ველოსიპედით გავლილი 264 ათასი კილომეტრი, ერთიც ამდენი საზღვაო და საჰაერო კილომეტრი. დედამიწის ხუთივე კონტინენტზე ადგილი რომ აღარ ეყო, ანტარქტიდას მიადგა და იქაც თავისი ველოსიპედის ნაკვალევი დატოვა.

საქართველოში ის ისეთივე მხნე დაბრუნდა, როგორიც აქედან წავიდა. მას შეხვდნენ ზარ-ზეიმით: მილოცვებით, ყვავილებით, ცეკვა-თამაშით, მაგრამ შვილიშვილებმა ვეღარ იცნეს. ან როგორ იცნობდნენ, როცა ბაბუის დიდი მოგზაურობის დაწყებისას უფროსი შვილიშვილებიც კი სულ პატარები იყვნენ...

63 წლის ჯუმბერ ლეჟავას თბილისის მერმა ვაკეში ოროთახიანი ბინის ორდეი დაახვედრა, საქართველოს პრეზიდენტმა - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, რუსთაველებმა რუსთავის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძეს, სხვებმა - კიდევ სხვა მრავალი ტიტულ-წოდება მიანიჭეს... რაც მთავარია - ჯუმბერ ლეჟავა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით პირველი მოგზაური!