კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

გიცდიათ თუ არა ბავშვობაში თქვენი მშობლების სახის გამომეტყველებით გამოგეცნოთ, წაგიყვანდნენ თუ არა ცირკში, ან გიყიდდნენ თუ არა ნაყინს, როცა ამას სთხოვდით? თუ შუბლს შეკრავდნენ, ეს ნიშნავდა, რომ თქვენი სურვილი არ შესრულდებოდა, თავის დაქნევა კი სიხარულით გავსებდათ... გახსოვთ, როგორი ყურადღებით აკვირდებოდით მასწავლებლის სახის გამომეტყველებას, რომ მიმხვდარიყავით, როგორ ხასიათზე იყო ის? რა თქმა უნდა, გახსოვთ...

ადამიანები ურთიერთობების დასამყარებლად, ინფორმაციის გასაცვლელად იყენებენ როგორც სიტყვებს (ვერბალურ კომუნიკაციას), ისე - სხეულის ენას. სხეულის ენა არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა, ეს არის კომუნიკაცია სიტყვების გარეშე - ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.

საინტერესოა, რომ კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში ბევრად წინ უსწრებდა ვერბალურს. ენის წარმოშობამდე ადამიანები ჟესტების, გამომეტყველების, ტირილის, სიცილის, ყვირილის და შეხების მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებდნენ, თუ სად იყო ცხოველი, რომლის მონადირებაც შეიძლებოდა, რას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ ან რას განიცდიდნენ თავად: შიოდათ თუ წყუროდათ, უყვარდათ თუ სძულდათ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კომუნიკაციის 60%-ზე მეტს სწორედ არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს. არავერბალური კომუნიკაციის სწავლა შესაძლებელია. სხვათა შორის, ქალები კაცებზე უკეთ ახერხებენ არავერბალური კომუნიკაციის გაგებას და გამოყენებას.
სხეულის ენას შეუძლია იმოქმედოს ჩვენს სასარგებლოდ და, ასევე, ჩვენს საწინააღმდეგოდ. სხეულის ენის კარგად მცოდნე ადამიანები უკეთ აღიქვამენ არავერბალურ კომუნიკაციაში ჩადებულ კოდებს და სწორად აფასებენ გარშემომყოფთა რეაქციებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ადეკვატური ნაბიჯები გადადგან.

სხეულის ენის ტექნიკას იყენებენ პოლიციელები, სასამართლო ფსიქოლოგები, უსაფრთხოების ექსპერტები და გამომძიებლები. გარდა ამისა, მენეჯერები და დამსაქმებლები ყურადღებით აკვირდებიან ადამიანის სხეულის ენას და ხშირად მისი საშუალებით იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ კანდიდატურის სამსახურში მიღების თაობაზე. ჟესტების ენა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ან ბიზნესმოლაპარაკებების დროს, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, დროზე გამოვასწოროთ სიტუაცია.

როგორც ვხედავთ, სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც, ვერბალური გამოხატვის გარეშე, შეუძლია ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ ყველაზე მეტი გადმოსცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის დეტალები, რომლებიც დაგვეხმარება საქმიანი შეხვედრისა თუ, უბრალოდ, საუბრის პოზიტიურად წარმართვისას.