წაიკითხეთ ტექსტი

IDevice Icon

პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს ცნობილს და პირიქით. ცნობილი ადამიანი ზოგჯერ უარყოფითი ქმედების გამოც შეიძლება გახდეს. ამის საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჰეროსტრატე დავასახელოთ, რომელმაც, ისტორიაში რომ შესულიყო, მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი ცეცხლს მისცა. მეცნიერებაში ცნობილ ადამიანად ქცევის ინფანტილურ და დაუოკებელ სურვილს ნებისმიერ ფასად „ჰეროსტრატეს სინდრომით“ ან „ჰეროსტრატეს კომპლექსით“ მოიხსენიებენ.

რაც შეეხება წარმატებას, ის უფრო პროფესიულ საქმიანობას, კარიერაში მიღწეულ წარმატებას უკავშირდება. პოპულარობა ტელევიზიისა და მასმედიის მიერ აღიარებაა, წარმატება _ კოლეგების, პროფესიონალების, საზოგადოების მიერ. რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია, წარმატებული ადამიანი ცნობილიც გახდეს თავისი საქმიანობითა და საქმიანობისაგან მიღებული შედეგებით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, შორსაა იაფფასიანი პოპულარობისაგან და ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის ხარჯზე მიიღწევა.

არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომ წარმატებულია ადამიანი, რომელიც ასრულებს თავის გეგმებს და აღწევს მიზანს, რომელიც დასახული აქვს.

ფსიქოლოგები და სოციოლოგები გვთავაზობენ სხვადასხვა რეკომენდაციას, როგორ შეიძლება გავხდეთ წარმატებულები. წარმატებული ადამიანები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს და შეინარჩუნეს წარმატება. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი არც ისე რთულია, თუმცა, სპეციალისტთა რეკომენდაციები და სხვების გამოცდილება არაფერს მოგვიტანს, თუ ჩვენ თვითონ არ გადავდგით ნაბიჯები წარმატებისაკენ.

წარმატებულ კარიერაზე ოცნება არაფერს მოგვიტანს, თუ არ ვიმოქმედეთ მის მოსაპოვებლად. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ სანამ ჩვენ ვოცნებობთ, ჩვენზე უფრო უნარიანი და ორგანიზებული ადამიანები თავიანთი ოცნებების ასრულებისათვის იბრძვიან. ნურც ”წარმატების საიდუმლოზე” ფიქრი გაგიტაცებთ. ეს საიდუმლო უკვე კარგა ხანია ამოხსნილია – წარმატება დიდი სურვილის, ენერგიის, შრომის, თავდადების ნაყოფია (თუ იღბალიც შენკენაა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები - ამას რა სჯობს!). ამავე ფორმულის მიხედვით, დიდი წარმატება ბევრი პატარ-პატარა წარმატების მოპოვებით მიიღწევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ გახდეთ, ვთქვათ, წარმატებული ბუღალტერი, ამ გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგათ. შესაბამისი დიპლომის გარდა, საჭიროა ისწავლოთ კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში არც ერთი დამქირავებელი სერიოზულად არ აღიქვამს ბუღალტერს, რომელიც მხოლოდ საანგარიშო მანქანითა და კალმით მუშაობს. ამ პროგრამის დაუფლება უკვე პატარა წარმატებაა და, ამავე დროს, საბოლოო წარმატების შემადგენელი ნაწილი. ჩვენს დროში პროფესიული განვითარება წარმატებული კარიერის ერთ-ერთი წინაპირობაა. განაახლეთ თქვენი ცოდნა მუდმივად, გაიარეთ პროფესიული გადასამზადებელი კურსები. კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი კიდევ ერთი პატარა წარმატებაა.

წარმატების მიღწევის შემდეგ სერიოზული გამოწვევა მისი შენარჩუნებაა. თანამედროვე კონკურენტულ, დინამიკურ და მკაცრ სამყაროში არ არსებობს სიმაღლე, რომლის იქით სვლა შეუძლებელია. ყოველი მიღწეული მიზანი ახალი მიზნის საძირკველი უნდა გახდეს.