წაიკითხეთ ტექსტი - 1

IDevice Icon

სიცილი უებარი წამალია

(ქართული გამონათქვამი)

ღიმილი ყველაზე კარგი მაკიაჟია

(ინგლისური გამონათქვამი)

იუმორი დაკავშირებულია ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან და გულისხმობს, რომ პიროვნებას შეუძლია, რომ მოვლენაში, ფაქტში დაინახოს მისი სასაცილო, კომიკური, მხიარული მხარე. იუმორის მიზანია, გააცინოს ან გაართოს ადამიანი. თუმცა, ზოგჯერ იუმორის საშუალებით შესაძლებელია გამოხვიდე უხერხული სიტუაციიდან, ანუ თავი დააღწიო არასასურველ ვითარებას.

ცნობილია, რომ დედამიწის მაცხოვრებელთა უმრავლესობას შეუძლია იუმორის აღქმა და გაგება, ანუ მათ ეცინებათ, როდესაც სასაცილო რამეს ამბობენ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ მათ იუმორის გრძნობა აქვთ. გაცილებით ცოტაა ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ამბავი იუმორისტულად გადმოსცენ, სხვები გააცინონ. ასეთ ადამიანზე საქართველოში ამბობენ, რომ ენამახვილია ან ენა უჭრის.

სხვათა შორის, ცნობილია, რომ თუ ადამიანს არ აქვს იუმორის გრძნობა, ანუ „იუმორის გრძნობა ღალატობს“, შეიძლება ამბავი, რომელიც სხვებს სასაცილოდ მიაჩნიათ, გაუგებრად და შეურაცხმყოფელადაც კი მოეჩვენოს. ანუ, იუმორი, გარკვეულწილად, დაკავშირებულია გემოვნებასთან, რადგან რაც ერთ ადამიანს მოსწონს და გასართობად და სასაცილოდ მიაჩნია, მეორე ადამიანისათვის ზოგჯერ უცნაური და მიუღებელი შეიძლება იყოს.

უნდა გვახსოვდეს, რომ იუმორის აღქმასა და გაგებაზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ადამიანის ასაკი, განათლება, რელიგია, კულტურა, სოციალური კუთვნილება, გეოგრაფიული გარემო და ინტელექტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარემო, კონტექსტი, რომელშიც ყვებიან სასაცილო ანუ იუმორისტულ ამბავს. ბუნებრივია, რაც ერთ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყოს, სხვა სიტუაციაში შეიძლება შეუფერებელი იყოს სათქმელადაც კი (მაგალითად, ანეკდოტის მოყოლა მგლოვიარე, ტრაურში მყოფი ადამიანისათვის).

იუმორის განსხვავებული ფორმები არსებობს: ირონია, პაროდია, სატირა, ანეკდოტი, ხუმრობა, კალამბური და სხვა.

საინტერესოა, რომ გარდა ვერბალური, ტექსტური სახეობისა, არსებობს გრაფიკული სახით გადმოცემული იუმორი - კარიკატურა და შარჟი.

საინტერესო ფაქტია, რომ ზოგიერთი ქალაქი მიჩნეულია ეროვნულ (და ზოგჯერ საერთაშორისო) „იუმორის დედაქალაქის“ პრედენდენტად. ამ სტატუსის მოპოვებაში ერთმანეთს ეცილებიან ქალაქი გაბროვო (ბულგარეთი), ოდესა (უკრაინა), აბერდინი (შოტლანდია), ვონჰოცკი (პოლონეთი), შექი (აზერბაიჯანი), ჰელმი (პოლონეთი, აღმოსავლეთევროპელი ებრაელებისათვის).